ესპანეთის მთავრობა წყალდიდობით დაზარალებულ რეგიონში დამატებით ასეულობით სამხედროს გზავნის, რათა დაეხმარონ ადგილობრივ სამსახურებს.
ეს ბოლო ათწლეულებში ყველაზე საშინელი სტიქიური უბედურებაა. მასშტაბური წყალმოვარდნების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 150-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.
სამშაბათს დაწყებულმა გადაუღებელმა წვიმამ და სეტყვამ ქვეყნის რამდენიმე რეგიონი მნიშვნელოვნად დააზარალა. ყველაზე მეტად სტიქია ვალენსიის რეგიონს შეეხო. ათასობით ადამიანი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. ჩაიხერგა ქუჩები, დაზიანდა ავტომობილები. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ამ დრომდე ატარებენ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს.
ესპანეთის საგანგებო-სამაშველო ქვედანაყოფების 1200-ზე მეტი ჯარისკაცი ეხმარება რეგიონული და ადგილობრივი სასწრაფო დახმარების მუშაკებს სამძებრო სამუშაოებში. ესპანეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება.
ვალენსიაში ვიზიტისას ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი დაზარალებულ რაიონებს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა. მან მოქალაქეებს მოუწოდა, დარჩნენ შინ, სანამ მდგომარეობა არ გამოსწორდება.