კლიმატის ცვლილება მსოფლიოსთვის კვლავ ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება. გლობალური მასშტაბით, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოხმარების შედეგად, ასევე ქვანახშირის მაღაროებიდან და ნაგავსაყრელებიდან გამოყოფილი მეთანის მზარდი ოდენობა კლიმატის რადიკალურ ცვლილებას იწვევს და, სამწუხაროდ, ამის სრულად აღრიცხვა და დოკუმენტირება ვერ ხერხდება.
ერთ-ერთი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი სტეფან ჟერმენი აღნიშნავს, რომ მეთანის გაფრქვევა კი არ იკლებს, არამედ იმატებს.
„მიუხედავად გლობალური გეგმისა, რომელიც გამონაბოლქვის შემცირებას ითვალისწინებს, გასულ წელს მეთანის გამოყოფის რეკორდული მაჩვენებელი იყო. აშკარაა, რომ მთავრობებსა და ბიზნესინდუსტრიებს სჭირდებათ მონიტორინგის უკეთესი მექანიზმები ამ გამონაბოლქვის შესამცირებლად. მეთანის ემისია იზრდება ყველა რეგიონში. მეხუთედი, 21%, ამ ემისიისა მოდის ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, ხოლო ცენტრალურ აზიაზე – 27%“, – აცხადებს სტეფან ჟერმენი.
2023 წლის შემდეგ გამონაბოლქვის გლობალური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა გამოავლინეს მსოფლიოს 20 000 მხარე, სადაც საათში 100 კილოგრამი მეთანი გამოიყოფა. ეს მნიშვნელოვანი ზრდაა, რადგან გასულ წელს ასეთი ადგილების რაოდენობა მხოლოდ 15 000 იყო.
აგრეთვე, 2024 წლის დასაწყისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ჭაბურღილები და მილსადენები სამჯერ მეტ მეთანის გაზს აფრქვევენ, ვიდრე აღრიცხულია.
სტეფან ჟერმენის თქმით, მეთანის გამონაბოლქვის ნახევარი მოდის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიებზე, აგრეთვე, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია განვითარებად ქვეყნებში, რომლებიც ენერგიას საწვავით გამოიმუშავებენ.
„თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ განვითარებად სამყაროს სჭირდება ენერგია. ენერგია კი, სამწუხაროდ, პირდაპირ წიაღისეული საწვავით გამომუშავდება. ეკონომიკურ ზრდასა და კეთილდღეობას სათბური აირების გამოყოფის ზრდაც სდევს თან“, – აცხადებს სტეფან ჟერმენი.
2023 წელს ორმოცდაათმა ნავთობკომპანიამ, რომლებიც გლობალური წარმოების თითქმის ნახევარს ქმნიან, 2030 წლისთვის მეთანის გამოყოფის აღმოფხვრის პირობას მოაწერა ხელი.
ამ ეტაპზე, ნახშირორჟანგი მსოფლიოში ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელია, რადგან მას მეთანზე ხანგრძლივი ეფექტი აქვს. მიუხედავად ამისა, სექტემბერში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰაერში მეთანის დონე იზრდება, რაც კლიმატის რადიკალურ ცვლილებას იმაზე მეტად იწვევს, ვიდრე მხოლოდ ნახშირორჟანგისა და სხვა სათბური აირების გამოყოფის შემთხვევაში.