მთავარიმსოფლიოთავდაცვითი ზღუდეები და სამხედრო წვრთნები კორეის ნახევარკუნძულზე

თავდაცვითი ზღუდეები და სამხედრო წვრთნები კორეის ნახევარკუნძულზე

პუტინის  სამხედრო მანევრების კვალდაკვალ მისმა მოკავშირემ, ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა კიმ ჩენ ინმა ახალი ბალისტიკური შეიარაღება გამოცადა.

როგორც სამხრეთ კორეაში აღნიშნავენ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი წვრთნები ფხენიანს არ ჩაუტარებია. საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოცდა აშშ-ის მოახლოებულ არჩევნებს დაამთხვიეს და მას თავად კიმ ჩენ ინიც დაესწრო. „შესაბამისი მოქმედება“ – ოფიციალურმა ფხენიანმა ასეთი სახელი დაარქვა ამ წვრთნას.

„ეს წვრთნები არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომლებიც  კრძალავს ბალისტიკურ სარაკეტო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ აქტივობებს და ამ კუთხით სამეცნიერო და ტექნოლოგიურ თანამშრომლობას.  ჩვენი სამხედრო ძალები გმობენ კიმჩენ ინის რეჟიმის მხრიდან უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებს და მოუწოდებენ ფხენიანს, შეაჩეროს ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობასა და სტაბილურობას“,  ამბობს გენერალ-მაიორი ან ჩანმიონგი, სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ოპერაციების დირექტორი.

86-წუთიანი ფრენის შემდეგ ეს ბალისტიკური რაკეტა იაპონიის ტერიტორიულ წყლებთან, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, დასავლეთით,  კუნძულ ოკუსირიდან დაახლოებით 200 კილომეტრ მანძილზე  ჩამოვარდა.  იაპონიის თავდაცვის მინისტრმა გენ ნაკატანიმ იმ მონაცემებზე ისაუბრა, რომლებიც ფხენიანის ამ სარაკეტო გამოცდის შესახებ მოაგროვეს. ბალისტიკური საშუალებების გამოცდის პროცესს აკვირდება ჩინეთიც.

„რაკეტამ იფრინა დაახლოებით 1000 კილომეტრ სიმაღლეზე, თუმცა  მისი ფრენის მაქსიმალური ჭერი 7000 კილომეტრია. ეს რაკეტა განსხვავდება წინა მოდელებისგან. რადგან ფრენის დრო საკმაოდ ხანგრძლივია,  86 წუთია. გასათვალისწინებელია მისი ფრენის სიმაღლეც. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, იგი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის კლასს განეკუთვნება“, – განაცხადა იაპონიის თავდაცვის მინისტრმა გენ ნაკატანიმ.

სამხრეთ კორეაში მიიჩნევენ, რომ შესაძლოა ფხენიანმა მყარ საწვავზე მომუშავე შორი მოქმედების ბალისტიკური რაკეტა გამოცადა. რადგან ასეთ საწვავზე მომუშავე სისტემებს  უფრო სწრაფად უშვებენ, ვიდრე თხევად საწვავზე მომუშავე ანალოგს.

გაეროში აშშ-ის ელჩის მოადგილე ამბობს, რომ ჩრდილოეთი კორეა რუსეთის მხარდაჭერით მოქმედებს. ამ შეხედულებას ამყარებს ის აზრიც, რომ სწავლება ფხენიანსა და მოსკოვს შორის პარტნიორობის გაღრმავების ფონზე მიმდინარეობს.

„რუსეთმა იცის,  რომ ფხენიანი საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ასევე ისიც  იცის,  რომ ჩრდილოეთ კორეის უკანონო ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური საშუალებების პროგრამები ძირს უთხრის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პროექტს, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მსოფლიოს ბირთვული ომებისგან იცავდა.  რუსეთს ისიც მოეხსენება, რომ ფხენიანი  ადამიანის უფლებების ყველაზე დიდი დამრღვევია. და რუსეთი არ სთხოვდა ფხენიანს სამხედრო ალიანსს, თუკი კრემლი სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდა და ყველა ვარიანტი არ ამოეწურებოდა“, – განაცხადა გაეროში  აშშ-ის ელჩის მოადგილემ.

დასავლური სამყარო აცნობიერებს იმ საფრთხეებს, რომლებიც მოსკოვიდან და ფხენიანიდან მოდის. ნატოს მასშტაბური ბირთვული და საზღვაო სწავლებების ფონზე, წვრთნებია სეულის ჩრდილო-აღმოსავლეთითაც. სამხრეთი კორეა და აშშ საავიაციო შესაძლებლობებს ხვეწენ.

სამხრეთ კორეაში, სადაც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი დიდი სამხედრო ბაზაა, სეული და ვაშინგტონი ხშირად მართავენ წვრთნებს. ამ ბოლო სწავლებაში, ოფიციალური ინფორმაციით,  „აპაჩის“ ტიპის ვერტმფრენები და სამხრეთ კორეის არმიის 901-ე საავიაციო ბატალიონია ჩართული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend