საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, საერთო შეფასებით, საქართველო ევროკავშირში წევრობის გზაზე პროგრესირებს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდი ევროკომისიის ანგარიშს დადებითად აფასებს.
„გუშინ გამოქვეყნდა ევროკომისიის გაფართოების ანგარიში, რომელშიც საუბარია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. საერთო შეფასებით, საქართველო პროგრესირებს ევროკავშირში წევრობის გზაზე. ჩვენ დადებითად ვაფასებთ ევროკომისიის ანგარიშს.
ევროკომისიის შეფასებით, ოცდათხუთმეტი თავიდან გასული ერთი წლის მანძილზე საქართველოს კარგი პროგრესი ჰქონდა თორმეტ თავზე, ხოლო გარკვეული პროგრესი ცამეტ თავზე. ეს არის ძალიან მკაფიო დასტური, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების გამო საქართველოს ჰქონდა შეზღუდული დრო საპარლამენტო საქმიანობისთვის და მიუხედავად ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მუდმივი ობსტრუქციისა, საქართველო დგამდა მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
ხაზგასასმელია, რომ ანგარიშში ოცდათხუთმეტი თავიდან მხოლოდ ერთი თავის შემთხვევაში, რომელიც მართლმსაჯულებასა და ფუნდამენტურ უფლებებს შეეხება, ევროკომისიის შეფასებით, არის უკუსვლა. ამასთან, ამგვარი შეფასების ძირითად მიზეზად ანგარიშში ევროკომისია ასახელებს შემდეგ საკითხებს: გენდერული კვოტირების გაუქმება, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება, „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღება და ლგბტ პრაიდის ვერ ჩატარება. აღსანიშნავია, რომ ამ თავში ჩვენი შეფასება თანაბარია უკრაინისა და მოლდოვის შეფასებასთან, ხოლო ფუნდამენტურ საკითხთა ჯგუფში, რომელშიც ეს თავი შედის, საქართველო უსწრებს მოლდოვასაც და უკრაინასაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.