მთავარიმსოფლიოწვრთნები სტრატეგიული ბირთვული იარაღით

წვრთნები სტრატეგიული ბირთვული იარაღით

კრემლი კვლავ ცდილობს თავისი ძალის დემონსტრირებას. თუკი რუსეთში გასულ ზაფხულს რამდენიმე სამხედრო სწავლება გამართეს ტაქტიკური ბირთვული შეიარაღებით, ამჯერად მოსკოვმა ავანგარდში კონტინენტთაშორისი სარაკეტო სისტემები გამოიყვანა.

წვრთნებში ჩართულია  წყნარი ოკეანის ფლოტის, სტრატეგიული დანიშნულების  სარაკეტო წყალქვეშა ხომალდი, სტრატეგიული ძალების, სახმელეთო სარაკეტო მობილური სისტემა „იარსი“, ჩრდილოეთის ფლოტის სტრატეგიული სარაკეტო წყალქვეშა ხომალდი და შორი მოქმედების ორი სტრატეგიული ბომბდამშენი “TU-95”.

პუტინი ამბობს, რომ კრემლმა ბირთვული შეიარაღების მოდერნიზება განიზრახა.

„რუსეთი ადასტურებს ფუნდამენტურ პოზიციას, რომ ბირთვული სტრატეგიული იარაღის გამოყენება  მხოლოდ უკიდურეს საჭიროებებს უკავშირდება. მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, საგარეო საფრთხეებისა და რისკების  გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ გაგვაჩნდეს თანამედროვე სტრატეგიული ძალები.  შეიარაღების სახელმწიფო პროგრამის თანახმად, ამ ძალებს მივაწვდით ახალ, სტაციონარულ და მობილურ სარაკეტო კომპლექსებს, რომლებიც, წინა მოდელებთან, შედარებით უფრო ზუსტია, შემცირებულია გაშვების დრო, და, რაც ყველაზე მთავარია, საჰაერო თავდაცვის სისტემებს უფრო მეტად გაუძნელდებათ მათი აღმოჩენა და განადგურება“, – ამბობს ვლადიმერ პუტინი. და რას პასუხობს ნატო…

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ბირთვული, მასშტაბური სწავლების შემდეგ ამჯერად საზღვაო წვრთნებს აწყობს.

წვრთნები  „ნეპტუნის დარტყმა“ ევროპის მასშტაბით სხვადასხვა ადგილას იმართება. მისი მთავარი მიზანი მოწინააღმდეგის შეკავებაა. ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„მანევრები დაგეგმილია მთელი ევროპის მასშტაბით. ხმელთაშუა ზღვიდან ადრიატიკისა და ბალტიის ზღვების ჩათვლით. ნატო ოპერატიულ კონტროლზე აიყვანს მოკავშირეთა საზღვაო ძალებს, მათ შორის ავიამზიდებსა და შემტევ დანაყოფებს. ამ სწავლებაში ჯამში 20 ხომალდი და წყალქვეშა ნავი 15-ათასიან პერსონალთან, სპეციალური ოპერაციების ძალებთან და ავიაციასთან ერთადაა ჩართული.“

როგორც მოსკოვში ამბობენ,  რუსული ბირთვული მანევრები, გარკვეულწილად,  უკრაინას უკავშირდება. თუკი ნატო და აშშ უკრაინას შორი მოქმედების რაკეტებით იერიშების ნებას დართავენ, კრემლი ნატოზე მიიტანს იერიშს. რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ახლახან ჩაიწერა, რომ თუკი ბირთვული იარაღის არმქონე ქვეყანა, რომელსაც ბირთვული შეიარაღების მქონე ქვეყნები უჭერენ მხარს,  თავს დაესხმება რუსეთს – ეს ერთობლივ იერიშად ჩაითვლება.

პენტაგონში კრემლის მორიგ სამხედრო მანევრებს უპასუხეს.. თუმცა ამ ეტაპზე საკმაოდ მშრალად.

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ესაა გეგმური სწავლება. ეს მოულოდნელი  არ ყოფილა ჩვენთვის. ვერ ვხედავთ რუსულ სტრატეგიულ ძალებში ვერაფერს ისეთს, რასაც შეუძლია შეცვალოს ჩვენი გეგმები“, – განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა.

კრემლის მიერ შესწორებულ ბირთვულ დოქტრინაში წერია, რომ რუსეთი ბირთვული იარაღით უპასუხებს  მასირებულ საჰაერო იერიშს.

ეს საკმაოდ ბუნდოვანი და ორაზროვანია. რადგან რუსეთმა შესაძლოა ნებისმიერი საჰაერო შეტევა განიხილოს ბირთვული პასუხის ღირსად… თუმცა, როგორც პენტაგონში აცხადებენ, კრემლი უკრაინასთან ომში ცოცხალი ძალის დიდ დანაკლისს განიცდის. და ის, რომ უცხოეთიდან სურთ ჯარების დამატება, მოსკოვის  შესაძლებლობებთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს ბადებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend