მთავარიამერიკააშშკამალა ჰარისი - რა უნდა ვიცოდეთ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე

კამალა ჰარისი – რა უნდა ვიცოდეთ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე

ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი, მანამდე კალიფორნიის პირველი ქალი გენერალური პროკურორი, ახლა კი შტატების პრეზიდენტობის პირველი ფერადკანიანი ქალი კანდიდატი, რომელსაც შანსი აქვს, ამჯერად კვლავ პირველი იყოს.

სულ მალე ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება და გადაწყდება, დაიკავებს თუ არა ოვალურ კაბინეტს კამალა ჰარისი, 60 წლის დემოკრატი, რომელიც ამომრჩევლებს ჰპირდება, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება.

კამალა ჰარისი 1964 წლის 20 ოქტომბერს კალიფორნიის ქალაქ ოკლენდში დაიბადა. მისი მშობლები ემიგრანტები იყვნენ – დედა ინდოეთიდან, მამა- იამაიკიდან.

2004 წელს ჰარისი სან ფრანცისკოს ოლქის პროკურორად, 2010 წელს კი კალიფორნიის გენერალურ პროკურორად აირჩიეს.

ჰარისმა მომავალი  მეუღლე 2013 წელს გაიცნო და მომდევნო წელს იქორწინა. ვიცე-პრეზიდენტს ჰყავს ორი გერი – ელა და კოული.

2016 წელს, მაშინ, როდესაც დღეს უკვე საპრეზიდენტო რბოლაში მისი ოპონენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტად აირჩიეს, ჰარისი მეორე შავკანიანი ქალი და პირველი სამხრეთ-აზიელი ამერიკელი სენატორი გახდა.

სენატორის რანგში ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა თავი არაერთხელ გამოიჩინა, მათ შორის, ტრამპის მიერ დასახელებული გენერალური პროკურორებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მკაცრი დაკითხვით.

2020 წლის არჩევნებისთვის კამალა ჰარისმა გადაწყვიტა არჩევნების პრაიმერიზში კენჭი ეყარა, თუმცა კანდიდატურა ჯერ კიდევ პრაიმერიზის დაწყებამდე მოხსნა და მხარდაჭერა მომავალ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გამოუცხადა.

მოგვიანებით, ბაიდენმა კამალა ჰარისი საკუთარ მეწყვილედ აირჩია. 2020 წლის 3 ნოემბრის არჩევნებზე ბაიდენ-ჰარისმა მოქმედი პრეზიდენტი დაამარცხა და თეთრი სახლი დაიკავა.

ჯო ბაიდენმა საკუთარ ვიცე-პრეზიდენტს ისეთ რთულ საკითხზე მუშაობა მიანდო, როგორიც შტატების სამხრეთ საზღვარი და ემიგრაცია. კიდევ ერთი საკვანძო საკითხი, რომელზეც ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობისას განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა, აბორტის უფლება იყო. იგი აქტიური იყო საგარეო პოლიტიკური მიმართულებითაც და მუდმივად ხვდებოდა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს.

ბაიდენის მიერ 2024 წლის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის მოხსნისთანავე, მოქმედმა პრეზიდენტმა მხარი ჰარისს დაუჭირა.

ვიცე-პრეზიდენტს ნდობა გამოუცხადა დემოკრატიულმა პარტიამაც და მალევე საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა.

წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე კამალა ჰარისმა პირობა დადო, რომ დონალდ ტრამპისგან განსხვავებით, ყველას მოუსმენს და რაციონალური გადაწყვეტილებებით საკუთარი ხალხის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით, „ნიუ იორკ თაიმსის“ კვლევის მიხედვით, ორივე საპრეზიდენტო კანდიდატის რეიტინგი 48%-ია. კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვების თანაბარი შანსები აქვთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend