მთავარისაქართველოპაველ ჰერჩინსკი: გთხოვთ, ნუ დაკარგავთ იმედს!

პაველ ჰერჩინსკი: გთხოვთ, ნუ დაკარგავთ იმედს!

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პირველი განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა გაფართოების ანგარიში გამოაქვეყნა.

პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის  მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს.

მისივე თქმით, ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან, ბლოკის ღირებულებებისა და პრინციპებისგან დაშორებას გააგრძელებს.

მისივე თქმით, ანგარიში აღნიშნავს პოზიციურ ნაბიჯებსაც რამდენიმე ტექნიკურ სფეროში. მაგალითად:

  1. ენერგეტიკის სექტორში ნაწილობრივ დაიწყო ბაზრის დიდი ხნით გადადებული გახსნა;
  2. აღინიშნა მზაობა რეფორმების მიმართულებით გარემოს დაცვის, კლიმატის და ნარჩენების მართვის სფეროებში;
  3. სახელმწიფო შესყიდვების კუთხით მოვლენების განვითარება მნიშვნელოვანი იყო.

თუმცა ელჩის თქმით, გასული წლის ანგარიშის შემდეგ ცხრა ნაბიჯიდან უმეტესი ნაწილის განხორციელების კუთხით საქართველოს უმნიშვნელო წინსვლა ქონდა.

“დღევანდელი ანგარიში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლასთან, პოლიტიკურ პოლარიზაციასთან, არჩევნებთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ნაბიჯების მიმართებაში აშკარა უკუსვლაზე მიუთითებს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უკუსვლა მოხდა იმ სფეროში, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვანი თავი – „სასამართლო სისტემა  და ფუნდამენტური უფლებები“ – ეხება. ნება მიბოძეთ, მკაფიოდ ვთქვა: ეს უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის.

ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული და დამსახურებაზე დაფუძნებული დარჩება. ის სრულად დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის მიერ მიღწეულ ობიექტურ წინსვლაზე. წელს საქართველომ უკან დაიხია, ხოლო სხვა კანდიდატი ქვეყნებმა წინ წაიწიეს, რამდენიმე მათგანმა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნეს.

ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი არჩევნების ჩატარებას შეეხება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე სერიოზული დარღვევები აღინიშნა.  დარღვევები, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი წევრისგან მოსალოდნელ სტანდარტებს არ შეესაბამება. საჭიროა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევების გამოძიება სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად მოხდეს. საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. საპირისპიროც არ უთქვამთ.

რა იქნება შემდეგ? ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალი ახლა საქართველოს ლიდერების ხელშია.

ვთავაზობ ხელისუფლებას ძალიან დიდი ყურადღებით წაიკითხოს გაფართოების შესახებ ეს ანგარიში. ის გვთავაზობს მკაფიო გზას ხელახალი ჩართულობისკენ და გზამკვლევს ევროკავშირში საქართველოს შესაძლო წევრობისკენ. მაგრამ მისი განხორციელება მოითხოვს ჭეშმარიტ პოლიტიკურ ნებას და დაბრუნებას ჩვენი უპირობო პრინციპებისა და ღირებულებებისადმი, რომლებზედაც ევროკავშირი არის დაფუძნებული.

გაფართოების პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში წაიწევს წინ ევროკავშირის გზაზე, თუ რეფორმებს განახორციელებს.  არანაირი საიდუმლო და მოკლე გზა არ არსებობს. საქართველოს მომავალმა მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი, დაუბრუნდეს დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებს, თუ მას სურს ქვეყანა ევროკავშირთან დააახლოოს. ეს უნდა დაიწყოს სრული გამჭვირვალობით საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.

ევროკავშირის კარი საქართველოსთვის კვლავ ღიაა. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება პატივს სცემს საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებს, რომელიც საქართველოს ევროპულ გზას ყოველთვის მხარს უჭერდა.

ნუ დაკარგავთ იმედს!” – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend