მთავარიგადაცემებიEuropean Storiesბრძოლა შშმ პირების უფლებებისთვის ევროკავშირში

ბრძოლა შშმ პირების უფლებებისთვის ევროკავშირში

ევროპაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანს დღესაც უამრავი დაბრკოლება ექმნება. ხშირია დისკრიმინაციაც. პარიზი 2024-ის პარალიმპიურმა თამაშებმა კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში ეს საკითხი. მაგრამ რადიკალური ცვლილებები რომ მოხდეს, ამისთვის უზარმაზარი სამუშაოა ჩასატარებელი.

მთელ ევროკავშირში 101 მილიონ ზრდასრულ ადამიანს  ამ თუ იმ ტიპის დარღვევა აქვს. ეს ევროპის მოსახლეობის მეოთხედზე მეტია, არადა, მათი ნახევარი ამბობს, რომ ისინი შეურაცხყოფას, უსამართლობასა და დამცირებას განიცდიან.

შშმ პირების მხოლოდ ნახევარია დასაქმებული, მაშინ, როცა არა-შშმ პირებს შორის ოთხიდან სამი დასაქმებულია. სკოლიდან გარიცხვის შემთხვევები კი ორჯერ მეტია. შშმ პირების მესამედს სიღარიბე ან სოციალური გარიყულობის საფრთხე ემუქრება.

მართალია, შშმ პირების ყოფითი პირობების გაუმჯობესების პოლიტიკა ძირითადად ეროვნული მთავრობის პასუხისმგებლობაა, მაგრამ ევროკავშირიც მუშაობს ამ მიმართულებით. ევროკავშირის რამდენიმე დირექტივა და რეგულაცია მიზნად ისახავს, რომ შექმნას შშმ პირების ტრანსპორტით სარგებლობის, დასაქმების, ასევე პროდუქტებსა და მომსახურებაზე, განსაკუთრებით ციფრულ მომსახურებაზე – წვდომის გარანტია.

ევროპის შეზღუდული შესაძლებლობების ბარათი, რომელიც სპეციფიკური უფლებების უზრუნველყოფას ითვალისწინებს, ასევე შეღავათიანი საპარკინგე ბარათი, ევროკავშირის მასშტაბით 2028 წლამდე უნდა ამოქმედდეს.

ამსტერდამში, ნიდერლანდების დედაქალაქში, გაცილებით მეტია შშმ პირებზე მორგებული ინფრასტრუქტურა, ვიდრე ევროპის ბევრ დიდ ქალაქში. მაგრამ ყოველდღიური ყოფა მაინც სირთულეებით არის აღსავსე.

კეს-იან ვან დერ კლოსტერი 2001 წლიდან წელს ქვემოთაა მოწყვეტილი სნოუბორდით სრიალის დროს მიღებული ტრავმის გამო. მიუხედავად ამისა, ის პარალიმპიელთა შორის თხილამურით სრიალში მრავალგზის ჩემპიონია. ქალაქში გადაადგილებას ნამდვილად სჭირდება სპორტსმენის ძალა და მტკიცე ნერვები.

კეს-იან ვან დერ კლოსტერი, K-J Projects-ის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი:

„ამსტერდამის მსგავსი ქალაქი თვლიანი სავარძლით მოსიარულე ადამიანისთვის არ არის მარტივი ადგილი. ეს ძველი ქალაქია, რომელშიც უამრავ შენობას ვიწრო კიბე აქვს და ძალიან რთულია ზოგან მისვლა. საკმაოდ რთულია  ხიდებზე გადასვლაc, დიდ ძალისხმევას მოითხოვს…აშკარაა, რომ საჭიროა უფრო მეტი, ყველა ადამიანზე გათვლილი ინფრასტრუქტურა. მაგრამ როგორ უნდა მივაღწიოთ ამას? რეალობის აღქმაც არ უნდა დავკარგოთ. შეგვიძლია, გადავაკეთოთ ყველა ძველი შენობა და ხიდი ისე, რომ ყველამ შეძლოს მათით სარგებლობა? ეს შეუძლებელია. ამიტომ სხვა გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. შესაძლებელია, რომ მოირგო გარესამყარო, მაგრამ ზოგჯერ ადამიანი თავად უნდა მოერგოს გარემოს“.

რამდენიმე წლის წინ დიდი სპორტიდან წასვლა რომ მოუწია, კეს-იანმა  მთელი დრო თავისი კომპანიას დაუთმო. კომპანია, რომელიც მან ტრავმის მიღების შემდეგ დააფუძნა, შეზღუდულ უნართან დაკავშირებული სტიგმის მოხსნას  ისახავს მიზნად . გარდა ამისა, აქ შშმ პირებს ასწავლიან, თუ როგორ გადალახონ სირთულეები. კეს-იანი და მისი გუნდი სისტემატურად აწყობენ ტრენინგებს.

„ჩვენ, როგორც ყოფილი პარალიმპიელები, სპორტში მიღებულ გამოცდილებას ვიყენებთ და აქ მოსულ ადამიანებს ვუზიარებთ,” – ამბობს კეს-იანი. „ტრენინგის დროს ხედავ, თუ როგორ იზრდება ადამიანი და ემატება საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა“.

პიტერ ჰოტკე,Wheelchair Skills Team-ის კლიენტი:

„ნამდვილი სასწაულია! ისეთი რამეები მასწავლეთ, რასაც ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ შევძლებდი. მაგრამ დღეს ნამდვილად ვისწავლე რაღაც შესაძლებლობასთან დაკავშირებით“.

კესიანს ვკითხე, მაინც რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა, რათა შშმ პირებს ცხოვრება გაუმარტივდეთ.

„მე ვისწავლე, რომ შშმ პირს ისე შევხედო, როგორც ადამიანს შეზღუდული უნარით, და არა უუნარო ადამიანს,“ მიპასუხა მან. „ვისურვებდი ასევე, რომ პოლიტიკაშიც მეტი ადამიანი მეხილა და არა უბრალოდ პოლიტიკოსი.  ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის საზოგადოებაში უფრო მეტი ადამიანური ასპექტი დავაბრუნოთ.

უამრავ წესს ვქმნით, რომლებიც ზოგჯერ, მართლაც, გამოსადეგია, მაგრამ ჩემი სამუშაო მაჩვენებს, რომ რასაც ვაკეთებ, დიდი ეფექტი აქვს, არადა, რაც შეიძლება ნაკლებ წესს ვიყენებთ. მოდი, ვნახოთ, რისი გაკეთება შეიძლება ევროპაში ნაკლები წესისა და მეტი ადამიანური ფაქტორის გათვალსიწინებით“.

ევროკავშირი, როგორც შშმ პირის უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის ხელმომწერი, 20 წელზე მეტია მათზე მორგებულ პოლიტიკას ატარებს. მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

ევროპის შშმ პირთა ფორუმის პრეზიდენტს, რომელიც ევროკომისიასთან და ევროპარლამენტთან ერთად მუშაობს ინკლუზიურობის საკითხზე, ვკითხე, მაინც რა უნდა გაუმჯობესდეს ამ კუთხით.

იოანის ვარდაკასტანისი, ევროპის შშმ პირთა ფორუმის პრეზიდენტი:

„მოდი, დავიწყოთ გადაადგილების თავისუფლებით. თუ, მაგალითად, მე გადავწყვეტ, რომ ჩემი ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში წავიდე, იქ ჩემს შეზღუდულ შესაძლებლობას არ აღიარებენ. ამისთვის საჭიროა, რომ იმ ქვეყანაში შეზღუდული უნარი ახლიდან შეფასდეს, რათა იქ არსებული შეღავათებით ვისარგებლო. ევროპის შშმ პირის ბარათი, რომელიც ევროკავშირის წევრებს შორის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ორმხრივ აღიარებას უზრუნველყოფს, არ მოიცავს სოციალურ დაცვას. ჩვენ უფრო კარგი კანონმდებლობა გვჭირდება, რომელიც არ იქნება დისკრიმინაციული. 2008 წლის შემდეგ შედგენილია „თანაბარი მოპყრობის დირექტივა“, რომელიც შეთანხმებულია ევროკომისიასა და ევროპარლამენტთან, თუმცა დაბლოკილია ევროპული საბჭოს მიერ.  თუ გვინდა, რომ ჩვენი კავშირის თანასწორობაზე იყოს დაფუძნებული, მაშინ ამ კანონმდებლობაზე უნდა შეთანხმდნენ და ის უნდა განახორციელონ. გარდა ამისა, ინკლუზიურობისთვის, არა დისკრიმინაციული მიდგომისთვის და სიღარიბის დასაძლევად  საჭიროა მეტი ბიუჯეტი. მხოლოდ სიტყვებით ვერაფერს შეცვლი“.

სიტყვიდან საქმეზე გადასვლა დიდწილად ევროკავშირის წევრი ქვეყნების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, იმ კავშირისა, რომლის ბოლო ევროპულ არჩევნებზეც ნახევარმა მილიონმა მოქალაქემ ვერ მიიღო მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობების გამო.

ავტორი: ვალერი გორია

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend