„შედეგები უდავოა. ჩატარდა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, მაგრამ ევროპაში დავა და კამათი მაინც იქნება. თქვენ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ“, – ამბობს ერთადერთი ევროპელი ლიდერი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, თანაც ისე, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველად ოფიციალურ შედეგებს არ დაელოდა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსად მიჩნეული, ვიქტორ ორბანი 28 ოქტომბერს საქართველოში ჩამოვიდა. 29 ოქტომბერს კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის პროევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის ერთგულების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება სასაცილოა და ათწლეულის დასასრულისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის უნგრეთი ძალისხმევას არ დაიშურებს.
„ვაკვირდები იმ კამათს, რომელიც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მიმდინარეობს. საერთაშორისო გამოხმაურებასაც ვეცნობი და შემიძლია ვთქვა, რომ არავის გაუბედავს იმის თქმა, რომ ეს არჩევნები ან მისი შედეგები რაიმე სახით არადემოკრატიული იყო. ეს ასეა. ჩვენ, უნგრელები, არჩევნებზე ვაგზავნით ხოლმე ჩვენს დამკვირვებლებს და საქართველოშიც ასე იყო. შევისწავლე ის ანგარიში, რომელიც უნგრელმა დამკვირვებლებმა წარმოადგინეს. იგი ყველა ასპექტით პოზიტიური იყო. ამ ანგარიშში თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებზე იყო საუბარი.
როდესაც არჩევნებს თავისი არსით კონსერვატიული პარტიები იგებენ, ასეთ კამათს ყოველთვის ვხედავთ. ევროპული პოლიტიკა სახელმძღვანელოზეა დაფუძნებული. თუ ლიბერალები იმარჯვებენ, მაშინ დემოკრატიაა, თუ კონსერვატორები იმარჯვებენ, დემოკრატია არ ყოფილა. ასეთი კამათი ბრიუსელში ყოველთვის ხდება“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ერთობლივ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობა უნგრეთთან ურთიერთობის განვითარებასა და კიდევ უფრო გაღრმავებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და უნგრეთის როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში დიდია. ევროკავშირში გაწევრების შეჩერებული პროცესისა და დასავლეთთან გაურკვეველი ურთიერთობის ფონზე, მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქვეყნის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ევროკავშირში გაწევრებაა.
Official visit to #Georgia. One thing is clear about this weekend’s elections: the people of Georgia voted for peace and prosperity in free and democratic elections. We are here to support Georgia’s European integration efforts and to strengthen 🇭🇺🇬🇪 relations.
Thank you for… pic.twitter.com/JuaW7yZN8A
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) October 29, 2024
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უნგრეთი იყო საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე. უნგრეთმა განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებისას. ამისთვის მე პირადად ვიქტორ ორბანს, ისევე როგორც მთლიანად ჩვენს უნგრელ მეგობრებს, უნგრეთის ხელისუფლებას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. რა თქმა უნდა, მომავალშიც გაქვს მხარდაჭერის დიდი იმედი.
ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ერთმანეთთან საერთო ფასეულობები გვაკავშირებს. განსაკუთრებულად მივესალმებით უნგრეთის ხელისუფლების ძალისხმევას აქტიურად დაიცვას საკუთარი ეროვნული იდენტობა და ფასეულობები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ ქართველმა ხალხმა მშვიდობა აირჩია. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ არ დაუშვა, ქვეყანა „მეორე უკრაინად“ გადაქცეულიყო და მშვიდობას უერთგულა.
„ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ომია, ამიტომ, ვიცით, რას ნიშნავს ეს. ასევე ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. უნგრეთი არის მშვიდობის მოყვარე ქვეყანა ევროპაში და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს მცდელობებს, რადგან თქვენც მშვიდობის მხარეს ხართ. არავის უნდა საკუთარი ქვეყნის დანგრევა და უაზრო ომში ჩართვა. ამიტომ, გვესმის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო მშვიდობასთან დაკავშირებით. უნგრეთშიც ასეა. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ქართველმა ხალხმა მშვიდობის არჩევანი, ევროპული არჩევანი გააკეთა“, – თქვა ვიქტორ ორბანმა.
ვიქტორ ორბანი საქართველოში დაახლოებით 28 ოქტომბრის 19 საათისთვის ჩამოფრინდა. ამ დროს საქართველოს პარლამენტთან პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე გამოჩენილ ორბანს შეძახილებითა და სტვენით შეხვდნენ.
ხმაური იყო მთავრობის ადმინისტრაციაში ვიქტორ ორბანის საზეიმო დახვედრის ცერემონიის მიმდინარეობისასაც. „ამაყობთ იმით, რომ აქ გაყალბებული არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის მისანიჭებლად ჩამოხვედით?“ – ასე მიმართა უნგრეთის მოქალაქემ ლასლო რობერტ მეზეშმა ვიქტორ ორბანს.
„ჩემი გზავნილი სამი წინადადებისგან შედგებოდა. თავდაპირველად ვკითხე, ამაყობდნენ თუ არა იმით, რომ საქართველოში გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის ჩამოვიდნენ? ამაყობენ თუ არა იმით, რომ მსოფლიოს მასშტაბით არ არსებობს ქართული ოცნების მსგავსი პოლიტიკური ძალა, რომელიც მათ პარტია „ფიდესს“ ასე ჰბაძავს. საბოლოოდ კი ვკითხე, როდემდე გააგრძელებენ „ქართული ოცნების“ მსგავსი პარტიების მხარდაჭერას. ისინი ამას ევროპის მასშტაბით აკეთებენ და სხვა ქვეყნების შიდა საქმეებშიც მნიშვნელოვნად ერევიან.
მე პირადი პროტესტი გამოვხატე. ვინმემ უნდა დაანახოს მას, თუ რას აკეთებს. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს უნგრელისგან მოდის. ორბანის მთავრობის ქმედებებიდან გამომდინარე ევროპაში შეიძლება ბევრი დაეჭვდეს უნგრელებთან დაკავშირებით. შეიძლება ჩათვალონ, რომ ისინი ამ ქმედებებს იღებენ და ორბანს, მის მთავრობასა და ქმედებებს მხარს უჭერენ“, – ამბობს ლასლო რობერტ მეზეში.
ვიქტორ ორბანის საქართველოში ჩამოსვლას წინ უძღოდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის, განცხადება იმის თაობაზე, რომ თბილისში ვიზიტისას ორბანი ევროკავშირს არ წარმოადგენს. თბილისში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება რომ მხოლოდ და მხოლოდ უნგრეთის პოზიციას გამოხატავს, დაადასტურა საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმაც.