გუშინ, 28 ოქტომბერს დაუნინგ-სტრიტზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნაჯიბ მიკათი შეხვდნენ ერთმანეთს.
შეხვედრის დროს კირ სტარმერმა ლიბანს რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე მხარდაჭერა გამოუცხადა. მან მზადყოფნა გამოთქვა, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას საომარი მოქმედებების შესაჩერებლად, რათა გაეროს რეზოლუცია მხოლოდ ცარიელ სიტყვებად არ დარჩეს.
პარალელურად გრძელდება ისრაელის საჰაერო თავდასხმები ლიბანის ტერიტორიაზე. თავდასხმა განხორციელდა სამსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე, ლიბანის ჩრდილოეთში მდებარე სოფელ აიტოში. შემთხვევას 20 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგანაც ნახევარი ქალი და ბავშვი იყო.
ლიბანის ჩრდილოეთით თავდასხმა უჩვეულო შემთხვევა იყო, რადგან ისრაელის თავდაცვის ძალები „ჰეზბოლასთან“ საომარ მოქმედებებს ძირითადად ლიბანის აღმოსავლეთით და სამხრეთით აწარმოებდნენ. თავდასხმის შემდეგ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც კონფლიქტის ზონიდან შორს ცხოვრობენ, გაუჩნდათ იმის შიში, რომ დაუცველი არც ისინი არიან.
მხოლოდ გასულ თვეს 1.2 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. ბეირუთისკენ მიმავალი ტრანსპორტის გამო კილომეტრიანი საცობი შეიქმნა. ზოგიერთმა მოქალაქემ ყველაფერი დატოვა და ხელცარიელი, ფეხით გაეშურა ქვეყნის ჩრდილოეთისკენ. ისინი თავს აფარებენ ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს.
ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ ზოგიერთი მათგანი „ჰეზბოლას“ წევრია და ეს ადამიანები მათი სამიზნეები არიან.
ეს ფაქტი მოსახლეობაში უნდობლობას აღვივებს, ამიტომ მცხოვრებლები ხშირად თავს იკავებენ იძულებით გადაადგილებული პირების შეფარებისგან.