აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე კვირაზე მეტი რჩება. 5 ნოემბერს აშშ-ის მოქალაქეები ახალ პრეზიდენტს აირჩევენ.
როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატები აგრძელებენ წინასაარჩევნო კამპანიას.
ახალი გამოკითხვის თანახმად, რომელიც „ნიუ იორკ თაიმსმა” ჩაატარა, საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგი თანაბარია.
ორი კვირის წინ ჩატარებული გამოკითხვით, კამალა ჰარიის 49% ჰქონდა, ტრამპს კი- 46%. ეს მაჩვენებელი ოდნავ შეიცვალა და ახლა ორივე საპრეზიდენტო კანდიდატის რეიტინგი 48%-ს შეადგენს.
დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკის მედისონ სკვერ გარდენში ამომრჩევლებთან შეხვედრა ორი საათის დაგვიანებით დაიწყო. მან ტრადიციულად დემოკრატი ლიდერი კამალა ჰარისი გააკრიტიკა და მას თაღლითი უწოდა.
დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიას Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკიც ესწრებოდა, რომელიც ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, სამთავრობო კომისიას უხელმძღვანელებს.
ტრამპმა გადასახადების შემცირებაზე, ოჯახის მომვლელებისთვის საგადასახადო და ხანდაზმულებისთვის სოციალურ შეღავათებზე ისაუბრა. მან ამერიკის საზღვრების დაცვაზეც გაამახვილა ყურადღება.
,, ჩვენ წინ ცხრა დღე გვაქვს. ვაპირებთ, დავამარცხოთ კამალა ჰარისი და დავიბრუნოთ თეთრი სახლი. ჩვენი მიზანია, ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ. და ეს სწრაფად მოხდება. ოთხ წელზე ნაკლებ დროში კამალა ჰარისმა ჩვენი საშუალო კლასი დაანგრია. მისი თანამონაწილეობით, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მძიმე ინფლაცია დაგვატყდა თავს. თუ კამალა ჰარისს კიდევ ოთხი წელი ექნება, ჩვენი ეკონომიკა ვერასოდეს აღდგება. თუ გავიმარჯვებთ, სწრაფად ავაშენებთ უდიდეს ეკონომიკას მსოფლიო ისტორიაში – ჩვენ სწრაფად დავამარცხებთ ინფლაციას და ძალიან მარტივად ამერიკა ისევ აღორძინდება. არ იქნება გადასახადი არც ზეგანაკვეთურ სამუშაოზე და არც ხანდაზმულებისთვის სოციალურ შეღავათებზე. დღეს ვაცხადებ ახალ პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს საგადასახადო შეღავათს ოჯახის მომვლელებისთვის, რომლებიც ზრუნავენ მშობლებზე ან საყვარელ ადამიანებზე. დროა მათი აღიარების, არა? ჩვენ გადავარჩენთ ჩვენს ეკონომიკას, ასევე აღვადგენთ ჩვენს საზღვრებს. ეს ინფლაციაზე დიდი პრობლემაა. ამჟამინდელი მთავრობა უფლებას აძლევს კრიმინალებს, მთელი მსოფლიოდან შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში. გასული ოთხი წლის განმავლობაში კამალა ჰარისმა უღალატა ამერიკასა და ჩვენს ხალხს. მან ფიცი გატეხა, გაანადგურა ჩვენი სუვერენული საზღვარი და გაათავისუფლა მიგრანტთა ბანდების არმია, რომელიც სჩადის ძალადობასა და ტერორს ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. მსგავსი რამ აღარ ხდება მსოფლიოში, არცერთ ქვეყანაში. ცხრა დღის შემდეგ ამერიკაში გათავისუფლების დღე იქნება“, – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა.
მაშინ, როდესაც დონალდ ტრამპი კამალა ჰარისს აკრიტიკებდა, დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატი ფილადელფიაში ამომრჩევლებს ხვდებოდა. ის დაესწრო ლიტურგიას, შემდეგ ეწვია წიგნის მაღაზიას, პუერტო – რიკოს რესტორანსა და კალათბურთის ახალგაზრდულ ნაკრებს.
კამალა ჰარისის მთავარი გზავნილი არჩევნებზე ამომრჩევლების აქტივობას უკავშირდებოდა. მან მოუწოდა მოქალაქეებს, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება დემოკრატიის მხარდასაჭერად.
,,ჩვენ გვაქვს ცხრა დღე, სანამ გადავწყვეტთ ჩვენი ერის მომავალს. მე გეტყვით, რა კვებავს ჩემს სულს, როდესაც ვმოგზაურობ ჩვენს ქვეყანაში, ან სახელმწიფოდან სახელმწიფოში, ეკლესიიდან ეკლესიაში. მე ვხედავ ამას, მაგრამ ნება მომეცით, გაგიზიაროთ ის, რასაც მე ვხედავ: ეს არის რწმენა. ყველგან, სადაც მივდივარ, თვალსაჩინო ქმედებებს ვხედავ. ვხედავ ერს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, თავი აარიდოს სიძულვილსა და განხეთქილებას, რათა დასახოს ახალი გზა. ამჟამად აქ, პენსილვანიაში, თითოეულ ჩვენგანს აქვს შესაძლებლობა, იყოს ცვლილებების თანამონაწილე, რადგან ამ მომენტში, ჩვენ ვდგავართ გამოწვევის წინაშე, რომელ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, როგორი ქვეყანა გვინდა ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. ქაოსის, შიშისა და სიძულვილის ქვეყანა თუ თავისუფლების, სამართლიანობისა და თანაგრძნობის ქვეყანა? დემოკრატიაში მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ, ხალხს, გვაქვს არჩევანი ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. ასე რომ, მოდით, დავამტკიცოთ ეს არა მხოლოდ ჩვენი სიტყვებით, არამედ ჩვენი საქმით“, – განაცხადა დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატმა კამალა ჰარისმა.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული მასშტაბით ტრამპისა და ჰარისის მხარდაჭერა, ბოლო კვლევის მიხედვით, გათანაბრებულია, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, დიდი ალბათობით, 7 შტატი გადაწყვეტს, სადაც მთავარი ორთაბრძოლა გაიმართება.
ჯორჯიის, არიზონის, მიჩიგანის, ნევადის, ჩრდილოეთ კაროლინის, პენსილვანიის, უისკონსინის შტატებში ჩატარებული კვლევებიც აჩვენებს, რომ ტრამპსა და ჰარისს შორის რბოლა საკმაოდ მცირე სხვაობით წარიმართება.
ავტორი: მარიამ ქობულია