ეუთოსა და ოდირის, ევროპის საბჭოსა და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის, ასევე ევროპული პარლამენტის სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებმა ჩატარებული არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო უარყოფითად შეაფასეს და თქვეს, რომ უთანასწორო პირობებმა და დაძაბულობამ პროცესი დააზიანა.
როგორც ისინი ამბობენ, უთანასწორო გარემოში მოიაზრებენ პარტიების რhttps://youtu.be/vRLEuX6FFu4ადიკალურად განსხვავებულ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს, ამომრჩევლებსა და დამკვირვებლებზე გამოვლენილი სხვადასხვა სახის ზეწოლის ფაქტებსა და ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს.
აღნიშნავენ, რომ არსებული ვითარება ძირს უთხრის დემოკრატიასა და არჩევნების სანდოობას. მთავარ რჩევად კი ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებას გასცემენ.
„ფინანსურ რესურსებს შორის არსებული დისბალანსი, განხეთქილების გაღრმავებისკენ მიდრეკილი წინასაარჩევნო კამპანია, ბოლო დროს მიღებული კანონები, მნიშვნელოვანი შეშფოთების საგანი იყო მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში. თუმცა მოქალაქეთა ჩართულობა კენჭისყრის დღეს გამოხატავდა მრავალფეროვან არჩევანს. ასევე პოლიტიკური პარტიების დამკვირვებელთა მონაწილეობა ფარდას ხდის სისტემას, რომელიც ჯერ ისევ ზრდისა და განვითარების პროცესშია“, – განაცხადა პასკალ ალიზარდიმ, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა.
ევროპული ორგანიზაციების დამკვირვებლები ამბობენ, რომ ახლა დააკვირდებიან ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, რათა გამოვლინდეს, თუ საით წაიყვანს საქართველოს ახალი მთავრობა.
„ჩვენ კვლავაც ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. გუშინ ჩატარებული არჩევნები, სამწუხაროდ, ამ უკუსვლის დადასტურებაა. ჩვენ კვლავაც ყურადღებით დავაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, რათა ვნახოთ შემდეგი მთავრობა აირჩევს თუ არა ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებთან დაახლოების გზას და შეცვლის თუ არა უარყოფით ტენდენციებს“, – აღნიშნა ანტონიო ლოპეს ისტურის უაითმა, ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა.
არჩევნებზე დაკვირვების წინასწარი შეფასებები წარადგინეს ამერიკულმა ორგანიზაციებმა, NDI-მ და IRI-მ. მათი განცხადებით, გამართულ არჩევნებზე კრიტიკული დარღვევები გამოვლინდა და ცესკოს საჩივრებისა და ფაქტების სათანადო ასახვისკენ მოუწოდებენ. მთავარ რეკომენდაციად კი, ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ უკან გაწვევას ასახელებენ.
„საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი უნდა გაიწვიოს. ფუნდამენტური თავისუფლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს ეს კანონი, რომელიც ავიწროებს სივრცეს დამოუკიდებელი მედიისთვის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, ქმნის შიშით დატვირთულ გარემოს, ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას!
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განახორციელოს რეფორმები იმისთვის, რომ კომისიებში ყველა დონეზე პოლიტიკური წარმომადგენლობა დაბალანსდეს. პარტიულმა მიკუთვნებამ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა შეამცირა.
სასამართლომ და საგამოძიებო უწყებებმა უნდა გადახედონ გამოძიების პროცედურებსა და სასამართლო განხილვის პროცესებს, რომლებიც არჩევნებთან დაკავშირებულ დავებს ეხება.
ოპოზიციურმა პარტიებმა და მოქალაქეებმა შეძლონ შესაბამის უწყებებში საჩივრების შეტანა. ძალიან ბევრი საჩივარია, რომლებიც დროულად არ ყოფილა გამოძიებული და განხილული“, – განაცხადა IRI-ს პრეზიდენტმა დენ თვაინინგმა.
„არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელის“ (ENEMO) მისიის ხელმძღვანელმა ზლატკო ვუიოვიჩმა კი, ორგანიზაციის ანგარიშის პირველადი ვერსიის გამოქვეყნებისას აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ძირს უთხრის ინკლუზიურობას, გამჭვირვალობასა და სამართლიანობას.
„კრიტიკული დარღვევები, მათ შორის ძალადობა ოპოზიციის წევრების მიმართ, ამომრჩევლების დაშინება, ცილისწამების კამპანია დამკვირვებლების მიმართ და ადმინისტრაციული რესურსების ფართოდ ბოროტად გამოყენება. კამპანიის რეგულაციების შეზღუდულმა განხორციელებამ შეამცირა კონკურენცია, მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე და შეასუსტა კრიტიკა ხელისუფლებისადმი. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ პროცესი ზოგადად პროფესიონალურად და ეფექტურად წარმართა, ENEMO ეჭვის თვალით უყურებს ცესკოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას“, – აღნიშნა ზლატკო ვუიოვიჩმა.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები აგრძელებენ მუშაობას და ახლა უკვე საჩივრების განხილვასა და პოლიტიკურ პროცესებს დააკვირდებიან.
ალეკო გვეტაძე