საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ვიდეომიმართვას ავრცელებს. ის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ხვალ არჩევნებზე ყველა მივიდეს… ამბობს, რომ არავინ უნდა დარჩეს სახლში, რადგან თითოეული მოქალაქის გადასაწყვეტია, როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო. ამასთან, სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს ჰპირდება, რომ რევანში არავის მხრიდან არ იქნება და ამბობს იმასაც, რომ ვერავინ ნახავს იმას, თუ ვის მისცემენ მოქალაქეები ხმას, შესაბამისად, ამის გამო არავინ დაისჯება.
„ჩემო თანამემამულენო, პირველ რიგში, მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა ყველას, ვინც დღეს სადღაც რიგში დგას, იმისათვის, რომ თავის რეგიონში ჩავიდეს და იქიდან მისცეს ხმა, რადგან იქაა რეგისტრირებული, რაც არ უნდა სირთულე იყოს, ტრანსპორტი არ იყოს, გზას დიდი დრო უნდოდეს, წადით, იქიდან თქვენს ხმას მისცემთ საქართველოს.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს დიასპორას, ემიგრაციაში წასულ თანამოქალაქეებს. ისინიც იბრძოდნენ და იბრძვიან იმისთვის, რომ მიიღონ უფლება, მათი ხმა ისმოდეს და მათი ხმა ხვალ გაისმება.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა მივმართო და მადლობა გადავუხადო მათ, ვინც იბრძოდა ისრაელში, ამ ძალიან რთულ პერიოდში, იმისათვის, რომ იქაც გახსნილიყო საარჩევნო უბანი. სადღაც ვერ გაიხსნა, სადღაც დაგაკლდათ საარჩევნო უბანი, სადღაც თქვენი უფლება დაირღვა… იმედი მაქვს, ეს ყველაფერი გამოსწორდება.
მინდა წინასწარ მადლობა ვუთხრა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ესოდენ მობილიზებული არიან, რაც დღეს უკვე ჩანს და ხვალაც იქნებიან ყველა უბანზე და პირველად საკუთარ ცხოვრებაში ხმას მისცემენ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველა ირჩევს თავისი მოსაზრების, თავისი სურვილის, თავისი ნების მიხედვით. ვერავინ ვერაფერს დაგაძალებთ! ვერავინ ნახავს, ვის მიეცით ხმა და ამის გამო ხვალ ვერავინ ვერ დაგსჯით! რევანში არ იქნება, არც ერთი მხრისგან და არც მეორე მხრისგან. ეს არის ჩემი დაპირება, როგორც თქვენი, ყველას პრეზიდენტის.
მიდით არჩევნებზე, ნურაფრის გეშინიათ. საჭიროა, რომ ამ ქვეყნის მომავალი გადაწყვეტილი იყოს თქვენი ხმით, ყოველი თქვენგანის ხმით. ნურავინ დარჩება სახლში, თქვენი გადასაწყვეტია, როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო!” – ამბობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.