REXDAN-ის მულტიდისციპლინარული პროექტი ისეთ კვლევით ინიციატივებს აერთიანებს, რომლებიც მდინარე დუნაის იცავს ადამიანისაგან, რათა ის ისევ ადამიანისათვის იყოს უსაფრთხო.
მდინარე დუნაი ევროკავშირში ყველაზე გრძელი მდინარეა, რომელიც 10 ქვეყანას კვეთს. საინტერესოა, რა გავლენა აქვს ადამიანის საქმიანობას ამ მდინარის ფაქიზ ეკოსისტემაზე? როგორ შეიძლება მისი ბიომრავალფეროვნების დაცვა? სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი REXDAN-ი. ეს მულტიდისციპლინარული ევროპული კვლევითი პროექტი, რომელშიც ჩართულია როგორც ხმელეთზე მდგარი, ისე წყალზე მოცურავე ლაბორატორიები, კონტინენტური ევროპის წყალთან დაკავშირებული ყველაზე დიდი პროექტია. მაინც რას ზომავენ ამ პროექტის ფარგლებში?
„ჩვენ 15 კილომეტრის რადიუსში ვამოწმებთ ჰაერისა და წყლის ხარისხს, თვალს ვადევნებთ ბიოტას, რაც ნიშნავს ყველა ცოცხალ ორგანიზმს, მიკროსკოპული ორგანიზმიდან დაწყებული დიდი ცხოველების ჩათვლით. გვინდა, ვიცოდეთ, რა ხდება აქ, რა საფრთხე ემუქრება ზოგადად ეკოსისტემას“, – განმარტავს ლუჩიან ჯორჯესკუ, REXDAN-ის პროექტის დირექტორი.
დუნაის დელტა ბიოსფეროს ნაკრძალია. კლიმატის ცვლილება და ადამიანის საქმიანობას გავლენას აქვს ამ დელტაში შემავალ წყლებზე, შლამსა და მთელ ეკოსისტემაზე. ევროპული პროექტი REXDAN-ი ერთმანეთთან აკავშირებს სტეფანის მსგავს სპეციალისტებს როგორც ხმელეთზე, ისე წყალში. იგი სწავლობს სტრესის ფაქტორს ზუთხის 4 სახეობაში, რომელთაგან სამი წითელ წიგნშია შეტანილი.
“დღესდღეობით უამრავი დამაბინძურებელი ფაქტორი ჩნდება და ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით მათი გავლენა ზუთხზე,“ – ამბობს შტეფან პეტრეა, REXDAN-ის მკვლევარი. „ჩვენი მიზანია კომპლექსური და ინტეგრაციული ანალიტიკური ჩარჩოს შექმნა, რომელიც გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ზუთხის საფრთხეში მყოფი სახეობების დაცვასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებების მიღებას გაუადვილებს.“
ჩვენ საერთაშორისო წყლებში ვიმყოფებით – უკრაინის, მოლდოვასა და რუმინეთს შორის. ეს რუმინელი მკვლევრები ნიმუშებს იღებენ, რომელთაც შემდეგ გემზე მყოფ 9 ლაბორატორიაში უტარებენ ანალიზს. ხოლო REXDAN-ის ქსელში ჩართული გალაცის უნივერსიტეტის 9 ლაბორატორიაში პლასტმასის მიკრონაწილაკებს სწავლობენ.
„პლასტმასის მიკრონაწილაკები სხვა დამაბინძურებლების გადამტანებად ითვლებიან, როგორებიცაა ლითონები, ფარმაცევტული შენაერთები, პესტიციდები და სხვა პათოგენები“, – განმარტავს მადალინა კალმუჩი, ასისტენტ-მკვლევარი. „ჩვენი გათვლებით, დუნაის წელიწადში დაახლოებით 50 ტონა მიკროპლასტმასა გადააქვს რუმინეთის ტერიტორიაზე. ევროკომისია მიზნად ისახავს, პლასტმასის მიკრონაწილაკებით დაბინძურება 2030 წლისთვის 30 პროცენტით შეამციროს“.
REXDAN-ის მთლიანი ბიუჯეტი 19.5 მილიონი ევროა, რომლის 85 პროცენტსაც ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის პროგრამა აფინანსებს, 15%-ს კი – ეროვნული ფონდები. მხოლოდ რუმინეთში დუნაი სასმელი წყლით 6 მილიონ ადამიანს ამარაგებს.
„ეს წყალი სიცოცხლეა. დაბინძურებული წყალი კი ცხოვრებას სულ უფრო მეტად ართულებს. ამ ყველაფერს საკუთარი თავისთვის ვაკეთებთ, რადგან ის დაბინძურება, რომელსაც აქ ვხედავთ, ათ წელიწადში ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება“, – ამბობს ლუჩიან ჯორჯესკუ, REXDAN-ის პროექტის დირექტორი.
ავტორი: ავრორა ევლესი