მთავარისაქართველო26 ოქტომბერს საქართველო ახალ პარლამენტს ირჩევს

26 ოქტომბერს საქართველო ახალ პარლამენტს ირჩევს

ხვალ 26 ოქტომბერია – უმნიშვნელოვანესი დღე ქვეყნის უახლეს ისტორიაში. საქართველო მე-11 მოწვევის პარლამენტს ირჩევს. 3 508 294-მა მოქალაქემ არჩევანი 18 საარჩევნო სუბიექტს შორის უნდა გააკეთოს.

ხმის მიცემა 08:00 საათზე დაიწყება და 20:00 საათზე დასრულდება. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის საქართველოში – 3 044.

რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს – 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. თუმცა საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები ხმას ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით არ მისცემენ. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე ჩატარდება.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ 25 ოქტომბერს შემაჯამებელ ბრიფინგზე მედიას განუცხადა, საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი  და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედიაორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.

საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ საარჩევნო პროცესში არ არსებობს კიბერჩარევის საფრთხე.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. რა თქმა უნდა, ხმის მიცემა ფარულია. ყველა საარჩევნო უბანზე განთავსებულია მოდიფიცირებული კაბინები. აქვე შეგახსენებთ, რომ კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია“, – უთხრა გიორგი კალანდარიშვილმა მედიას.

ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებაა. არავის აქვს უფლება, მოახდინოს გავლენა მოქალაქეთა არჩევანზე.

ხმის მიცემა ფარულია. ტექნიკურად შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ვისზე გააკეთა მოქალაქემ არჩევანი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend