საპარლამენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე საიამ სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. ეს მოიცავს აპრილიდან დღემდე პერიოდს და ერთგვარი შეჯამებაა.
საიას შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში მაღალი პოლარიზაცია იყო და ასევე არათანასწორი გარემო. ამასთან, მათ გამოავლინეს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები და უარყოფითი ტენდენციები, რამაც საიას განცხადებით, წინასაარჩევნო პროცესებზე დამაზიანებლად იმოქმედა. არჩევნების წინა პერიოდზე საიაში თქვეს, რომ ის გამოწვევებით ხასიათდებოდა როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის, ისე პოლიტიკური სპექტრისთვის.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის ხელახალმა ინიციირებამ და მისმა თანმდევმა პროცესებმა, ასევე ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის მადისკრედიტირებელმა კამპანიამ და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის რიტორიკამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების შესაძლებლობა. ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ან/და მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აბსოლუტური უმრავლესობა კონსულტაციების, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის მოსაზრებების უგულებელყოფით წარიმართა. მათი თქმით, ცვლილებები მმართველი პარტიისთვის იყო ხელსაყრელი და არ იყო მიმართული საკანონმდებლო ჩარჩოს რეალურად გაუმჯობესებისკენ. საუბარი შეეხო ასევე გენდერულ დისბალანსს პარტიულ სიებში, სტატისტიკურად პარლამენტის მიერ 2024 წლის აპრილში ე.წ. „გენდერული კვოტების“ გაუქმებასთან ერთად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიათა სიებში რეგისტრირებული 1185 კანდიდატიდან მხოლოდ 29%-ია ქალი. წინა წელს კი ქალთა წილი 44% იყო. პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრეს წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და სავარაუდო მოსყიდვაზე, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლასა და ძალადობის ფაქტებზე.
ივნისის შემდეგ საიამ აღრიცხა ხელისუფლების 13 მასშტაბური სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტი. მათ შორისაა: პატიმრების ამნისტია, ფინანსური ვალდებულებების ჩამოწერა, ასობით ოჯახისთვის ბინების გადაცემა ან გადაცემის დაპირება და სხვა. ეს საიას აზრით, ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებას ნიშნავს. პრესკონფერენციაზე განიხილეს პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები.
საარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სხვადასხვა ფაქტზე, რომლებიც შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ორგანიზაციამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ამ დროისთვის საგამოძიებო უწყებების რეაგირების თაობაზე ინფორმაცია საიასთვის უცნობია.