მთავარისაქართველოსაპარლამენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსება - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შუალედური ანგარიში წარადგინა

საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსება – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შუალედური ანგარიში წარადგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში წარადგინა. არასამთავრობო ორგანიზაციამ წინასაარჩევნო პერიოდში 8 საარჩევნო სუბიექტის დაფინანსება შეისწავლა. ანგარიშიდან ერთი კვლევა მოიცავს 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2024 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო მეორე უშუალოდ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის მონიტორინგის შედეგებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ უარყოფითად აფასებს მმართველი პარტიის მიერ შემოწირულებების მოზიდვის პროცესში სისტემური კორუფციის ნიშნებს. ორგანიზაციის ქართული წარმომადგენლობის აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს, რომ „აშკარა დარღვევების მიუხედავად“, ანტიკორუფციული ბიურო ასეთი შემოწირულებებით არ ინტერესდება, თუმცა „წინასაარჩევნო პერიოდში ავიწროებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და პირდაპირ ასრულებს პრემიერ-მინისტრის დავალებებს“.

„მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 17 ოქტომბრამდე პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებში 684 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღეს. სანაცვლოდ, აღნიშნულმა შემომწირველებმა 2024 წელს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ 3.1 მლნ ლარი გაიღეს. „ქართული ოცნების“ შემომწირველია სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ 32 ბენეფიციარი, რომლებმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას” 1.6 მლნ ლარი შესწირეს. 2014-2020 წლებში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მათ ჯამში 7.4 მლნ ლარი აქვთ მიღებული. წლების განმავლობაში მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომლებიც თითქმის ყოველ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” დიდ თანხას ერთსა და იმავე დღეს სწირავენ. 2024 წლის 10-11 ივლისს შპს „ნოვას“ ხუთმა მფლობელმა „ქართულ ოცნებას“ 282,000 ლარი შესწირა. „ნოვამ“ 2023-2024 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 9.2 მლნ ლარი მიიღო, პროგრამიდან „აწარმოე საქართველოში“ კი 1.1 მლნ ლარი აქვს მიღებული. 4 და 12 ივლისს შპს „ლილო-მოლის“ 13-მა მფლობელმა „ქართულ ოცნებას“ ჯამში 558,000 ლარი შესწირა“, – ნათქვამია  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშში.

სადამკვირვებლო ორგანიზაცია მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროსა და შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, დაინტერესდნენ კორუფციული შემოწირულებებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სავარაუდო ფაქტებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend