დასახლება პოკროვსკი, რომელიც დონეცკის ოლქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, უკრაინის არმიისთვის უმნიშვნელოვანეს ადგილია. ამას ომის შემსწავლელი ინსტიტუტიც აღნიშნავს.
კრემლი ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ცდილობდა ამ დასახლების დაკავებას, რადგან პოკროვსკის აღებით მოსკოვი სხვადასხვა მიმართულებით შეძლებს იერიშებს. ახლა ფრონტის ამ მიმართულებაზე კრიტიკული ვითარებაა. დაწყებულია უკრაინული მოსახლეობის ევაკუაცია. უკრაინის ხელისუფლების დონეცკის რეგიონის სახელმწიფო ადმინისტრაცია წერს:
გასული კვირის განმავლობაში დონეცკის ოლქის სახიფათო რაიონებიდან გადაუდებელი ევაკუაციის ფარგლებში 100 ბავშვი გაიყვანეს ოჯახებთან ერთად უსაფრთხო ადგილზე. 10 დასახლებაში ამ დროისთვის 336 ბავშვი რჩება, რომლებსაც უახლოეს დღეებში გაიყვანენ.
ბოლო მონაცემებით, დონეცკის ოლქში უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით 331 ათასი მშვიდობიანი მოქალაქეა. რეინტეგრაციის სამინისტროს ბრძანებაში შესული ცვლილებების თანახმად, კურახივისა და პოკროვსკის ყველა დასახლება აქტიურ საბრძოლო მოქმედებების ზონად დასახელდა. დონეცკის რეგიონის 34 თემიდან, რომლებსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს, 19 აქტიური საბრძოლო მოქმედების ზონაშია, სადაც 63 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
კიევში აცხადებენ, რომ დონეცკის რეგიონში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან. ამავდროულად, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, კიევი განაგრძობს დაკავებული ტერიტორიის შენარჩუნებისთვის აუცილებელი ამოცანების შესრულებას რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში. უკრაინის პრეზიდენტი სწრაფი დახმარების საჭიროებაზე საუბრობს:
„მოვისმინე მოხსენება მთავარსარდალ სირსკისგან ფრონტისა და კურსკის ოპერაციის შესახებ. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ დონეცკის ოლქის რთულ მიმართულებებს. ჩვენ განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც ასე აუცილებელია ჩვენი საბრძოლო ბრიგადების გასაძლიერებლად. ოპერატიულ დახმარებას ყოველთვის დიდი შედეგი მოაქვს. მინდა აღვნიშნო საზღვაო ქვეითთა 38-ე ცალკეული ბრიგადა, რომელიც პოკროვსკის მიმართულებას ამაგრებს, საჰაერო-სადესანტო 79-ე ბრიგადა კი კურახოვის ფლანგზეა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, გაყინული რუსული აქტივებიდან 20 მილიარდი დოლარის კიევისთვის გადაცემა მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამის შესახებ გადაწყვეტილება ვაშინგტონში მიიღეს. ფრონტზე კი ზამთრის მოახლოებას, როგორც გასულმა ზამთარმა აჩვენა, სამხედრო იერიშების ინტენსივობის შესუსტება მოჰყვება.