მთავარიაზიალიბანიპარიზში ლიბანის დასახმარებლად საერთაშორისო კონფერენცია იმართება

პარიზში ლიბანის დასახმარებლად საერთაშორისო კონფერენცია იმართება

პარიზში ლიბანის დასახმარებლად საერთაშორისო კონფერენცია იმართება. კონფერენციაში მონაწილეობისთვის საფრანგეთის დედაქალაქში 70-მდე სახელმწიფოს წარმომადგენლები ჩავიდნენ.

კონფერენციის მიზანი ლიბანის მოსახლეობის დახმარებაა. გარდა ამისა, ორგანიზატორები მიზნად ისახავენ საერთაშორისო მხარდაჭერის კოორდინაციას ლიბანის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად.

საფრანგეთს იმედი აქვს, რომ 70-ზე მეტი ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაციები ლიბანის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 426 მილიონი ევროს შეგროვებას შეძლებენ. ემანუელ მაკრონმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ თავად საფრანგეთი ლიბანის დასახმარებლად 100 მილიონ ევროს გამოყოფს.

„ლიბანის მოსახლეობისთვის მასშტაბური დახმარება დაუყოვნებლივ უნდა გამოიყოს. დახმარება უნდა გამოიყოს როგორც ომის შედეგად დევნილი ასობით ათასი ადამიანისთვის, ისე იმ თემებისთვის, რომლებიც მათ იფარებენ… გაერომ 426 მილიონი ევროს გამოყოფის წინადადება წარადგინა. საფრანგეთი ამ კონფერენციაზე 100 მილიონს გამოყოფს. საჭიროა თავშესაფრები ოჯახებისთვის, საჭიროა ბავშვების გამოკვება, დაჭრილების მოვლა და მოსწავლეთათვის სწავლის გაგრძელების შესაძლებლობის უზრუნველყოფა. გამოსავალი უფრო სწრაფად უნდა მოიძებნოს”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

„ისრაელის აგრესიამ არა მხოლოდ უზომო ადამიანური ტანჯვა და ადამიანების სიკვდილი გამოიწვია, არამედ სერიოზული ზიანი მიაყენა ქვეყნის ინფრასტრუქტურას, ეკონომიკასა და სოციალურ სტრუქტურას. ამდენი მოქალაქის გადაადგილებამ გამოიწვია უპრეცედენტო მასშტაბის ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც მსოფლიოსგან გადაუდებელ ყურადღებასა და მოქმედებას მოითხოვს.

ომმა ცხოვრების პირობები შეცვალა და ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება გაზარდა. საერთაშორისო ფინანსური დახმარება საჭიროა ისეთი საბაზისო მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, როგორიცაა საკვები, ჯანდაცვა, თავშესაფარი და განათლება“, – ამბობს ნაჯიბ მიქათი, ლიბანის პრემიერ-მინისტრი.

„ჩვენ ვხედავთ ისრაელის მიერ ლიბანის მჭიდროს დასახლებულ რეგიონებზე, მათ შორის, ბეირუთზე უწყვეტ საჰაერო თავდასხმასა და სახმელეთო შემოსევებს ცისფერი ხაზის გასწვრივ. ასევე, ვხედავთ ჰეზბოლას მიმდინარე სარაკეტო, საარტილერიო და დრონებით იერიშებს ისრაელზე. ახლა საჭიროა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა უშიშროების საბჭოს 1559 და 1701 რეზოლუციების სრულად განხორციელებისთვის”, – აღნიშნავს გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend