მთავარიევროპარუსეთიკრემლის მუქარა და სამხედრო მანევრები

კრემლის მუქარა და სამხედრო მანევრები

კრემლის სახიფათო კავშირი ჩრდილოეთ კორეასთან ახალ ფაზაში გადადის. ვაშინგტონში განაცხადეს, რომ აქვთ დადასტურებული ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ ფხენიანმა მოსკოვის დასახმარებლად სულ მცირე 3000 სამხედრო გააგზავნა.

თეთრ სახლში ამბობენ,  რომ ჩრდილოკორეული სამხედრო ფორმირებები რუსეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში  არიან განლაგებული, სადაც სხვადასხვა შინაარსის სამხედრო სწავლებას გადიან.

კიევში აცხადებენ, რომ ცოცხალი ძალის სანაცვლოდ, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას სანქციებიდან თავის არიდებასა და ბირთვული ტექნოლოგიის, ასევე წყალქვეშა სარაკეტო სისტემის განვითარებაში ეხმარება. ვაშინგტონი რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

„ჩემი აზრით, ეს სასოწარკვეთისა და სისუსტის ნიშანია. პუტინი არაა გულწრფელი საკუთარ ხალხთან. რადგან პუტინის სპიკერმა პესკოვმა უარყო, რომ იცის ამ გადაწყვეტილების შესახებ. ბევრჯერ აღვნიშნეთ ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთის ურთიერთობების მზარდი ტემპი. ვისაუბრეთ ასევე იმაზე, თუ რამდენად უგუნური და სახიფათოა და  ეს არამხოლოდ უკრაინელი ხალხისთვის. ჩვენ თვალს ვადევნებთ, თუ როგორ განვითარდება  მოვლენები უკრაინასა და ასევე ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში.  ერთი რამ შემიძლია გითხრათ. თუკი ჩრდილოკორეელები უკრაინასთან ომში ჩაებმებიან, ისინი სამართლიანად იქცევიან სამიზნეებად. უკრაინაც თავს დაიცავს ჩრდილოკორეელი სამხედროებისგან ისევე, როგორც  იცავენ თავს რუსი ჯარისკაცებისგან“, – აცხადებს ჯონ კირბი, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი.

ჩრდილოეთ კორეის უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვაზე საუბრობენ სეულშიც. როგორც დასავლური მედია იუწყება, სამხრეთი კორეა ამის საპასუხოდ კიევის სამხედრო მხარდაჭერას განიხილავს.

მოსკოვიდან კვლავ გაისმა მუქარა… კრემლის საგარეო უწყების სპიკერმა მარია ზახაროვამ სეული გააფრთხილა,  დასავლეთის პროვოკაციას არ წამოეგოს.

„ვაშინგტონი ცდილობს, გააღვივოს კონფლიქტი ამ რეგიონშიც. და ასეთი მძინარე კონფლიქტი, რომელიც ახლა  რეგიონშია, ანუ, გარკვეულწილად, სიმშვიდე, აქციოს მოქმედ ვულკანად. კიევის რეჟიმთან და მათ დასავლელ სპონსორებთან ერთად სეული არ უნდა მონაწილეობდეს ანტირუსულ ისტერიაში. მათ უნდა იფიქრონ შედეგებზე, სამხრეთ კორეის უსაფრთხოებაზე. ეს ყველაფერი  დაკავშირებულია ამ რესპუბლიკის უკრაინის კონფლიქტში ჩათრევასთან. რუსეთის ფედერაციას მკაცრი რეაგირება ექნება იმაზე, რაც დაკავშირებული იქნება ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასთან, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი.. ჩვენი ზომები იქნება ფრიად საგრძნობი. და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ  სეულის ხელისუფლება კეთილგონიერებას გამოიჩენს“, – ამბობს მარია ზახაროვა.

საგულისხმოა, რომ ეს მუქარა გაისმა საზღვაო სწავლებების ფონზე  კორეის ნახევარკუნძულიდან არცთუ ისე შორს.

ამავდროულად, მოსკოვმა და მინსკმა სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 2025 და 2027 წლების სამოქმედო გეგმაც დაამტკიცეს. რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელუსოვი მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას 2025  წლისთვის გეგმავს.

თუ რა იქნება ვაშინგტონის  პასუხი,  ჯერჯერობით უცნობია. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამბობენ, რომ მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend