საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება სამეგრელოში გამართა „კოალიციამ ცვლილებისთვის”. სოფელ ინგირში გამართულ შეხვედრაზე ამომრჩევლებს პარტიის ლიდერებმა მიმართეს და განაცხადეს, რომ დიდი ხანია, საქართველო თავისუფლებისა და ისტორიული მისიის შესასრულებლად იბრძვის.
„ამ გამარჯვებას და ევროპულ წიაღს, რაც ფესვებიდან მოდის, გვაშორებს ერთადერთი რამ, ეს არის საარჩევნო ბიულეტენი, იმიტომ, რომ ევროპა არ არის მხოლოდ ისტორია, რომელსაც წიგნებში ვკითხულობთ, არა მხოლოდ მომავალი, რომელზეც ვოცნებობთ, არამედ აწმყო, რომელსაც 26 ოქტომბერს ხმების დაცვით და შემდეგ პროევროპული მართვით მივაღწევთ”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
კოალიციის ლიდერების განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანას გამაერთიანებელი ქარტია შესთავაზა, რომელიც არის კონკრეტული, ცხადი და მკაფიო გზა მშვიდად და წყნარად როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება.
„ყველა ოპოზიციურმა პარტიამ აჩვენა, რომ არსებობს ალტერნატივა, რომელიც მოიტანს დაბალანსებულ და პროევროპულ კოალიციას. მე მინდა გამოვყო პრეზიდენტის როლი, მადლობა გადავუხადო მას, მან შემოგვთავაზა გამაერთიანებელი ქარტია, რომელიც არის კონკრეტული, ნათელი, ცხადი და მკაფიო გზა მშვიდად, წყნარად და იმედიანად, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. ჩვენ მის ისტორიულ მისიას ვაფასებთ და ჩვენ ამ გზას გავივლით”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.