მთავარისაქართველოევრონიუს გლობალის ინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან

ევრონიუს გლობალის ინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან

იმ დროს, როცა  უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ცვლილებები ხდება,  საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები იმართება. ევრონიუსი უკვე ესაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

ახლა კი, თბილისში ვიმყოფებით, რათა სიღრმისეული ინტერვიუ ჩავწეროთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.

ჯეინ უიზერსპუნი, ევრონიუს გლობალი:

პრემიერ მინისტრო, დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. სასიამოვნოა აქ ყოფნა… ვიცი, რომ ეს კვირა თქვენთვის მეტად დატვირთულია. ამავე დროს, ახლა უმნიშვნელოვანესი მომენტია საქართველოსთვის, რადგან ქვეყანა არჩევნებისთვის ემზადება, რომელიც საქართველოსთვის გადამწყვეტ არჩევნებად განიხილება. თქვენ, როგორც ქვეყნის ახალგაზრდა პრემიერი, როგორ ხედავთ საქართველოს მომავალს?

ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ მინისტრი:

უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა. ჩემთვის სასიამოვნოა ინტერვიუ მივცე ევრონიუსს.  ჩვენ მართლაც გადამწყვეტ არჩევნებს ველით  საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყანა საკმაოდ სწრაფად ვითარდება. სწრაფად ვითარდება ეკონომიკა, თუმცა არსებობს უმნიშვნელოვანესი გამოწვევები.

ჩვენ პირდაპირ და მკაფიოდ ვამბობთ, რომ ეს არჩევნები ასევე არის რეფერენდუმი ომისა და მშვიდობის თაობაზე. ჩვენ გვჯერა რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მშვიდობის ყველაზე ძლიერი გარანტიაა. მაგრამ ეს ასევე ეხება ქვეყნის განვითარებას.

ჩვენ ეკონომიკურად სწრაფად ვვითარდებით და გვინდა ეს სიძლიერე შევინარჩუნოთ. ბოლო ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში თითქმის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც.

2021, 2022 და 2023 წლებში საქართველოში საშუალო ეკონომიური ზრდა 9.7% იყო. წელსაც წინასწარი მაჩვენებელი 10%-ია. ასე რომ, ჩვენთვის ამ ტენდენციის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის მიმართულებითაც, რადგან ვიცით, რომ სათანადო ეკონომიკური მაჩვენებლების გარეშე, ქვეყანას ევროკავშირის წევრად,  სრულფასოვან წევრად ვერასდროს მიიღებენ.

ჯეინ უიზერსპუნი, ევრონიუს გლობალი:

რა ეტაპზეა ახლა დიალოგი ევროკავშირში გაწევრების თვალსაზრისით? რა არის ამის შემდეგი ეტაპი საქართველოსთვის?

ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ მინისტრი:

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე დიალოგის თვალსაზრისით გარკვეული გამოწვევების წინაშე ვართ, მაგრამ თუ ჩვენი პოლიტიკის , ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგებს ზოგადად შევაფასებთ, ვნახავთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მთავრობამ მოახერხა ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

ჩვენ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ, 2014 წელს მოვახერხეთ, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ევროკავშირთან. ჩვენ შევძელით ევრკავშირთან გაგვეფორმებინა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. მივიღეთ უვიზო მიმოვლის რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის.  და ბოლოს, სწორედ „ქართული ოცნების ხელისუფლებამ მოახერხა მოეპოვებინა კანდიდატის სტატუსი.

მტკიცედ მჯერა, რომ არჩევნების დასრულებისა და უკრაინაში ომის დასრულებისთანავე, ჩვენ არსებითად გავაუმჯობესებთ და აღვადგენთ ურთიერთობებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ასევე, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.

ჯეინ უიზერსპუნი, ევრონიუს გლობალი:

როგორც ქართველისთვის, რას ნიშნავს თქვენთვის ევროპა? და რა მნიშვნელობის მატარებელი იქნება თქვენთვის, თუკი იმ კლუბის წევრი გახდებით რომელსაც ევროკავშირი ჰქვია?

ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ მინისტრი:

ევროპული ოჯახის წევრობა ერთგვარი ისტორიული არჩევანია საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის. თქვენ იცით, რომ ჩვენ ქრისტიანული ერი ვართ, ევროპა კი ყოველთვის იყო ასოცირებული ქრისტიანობასთან. იგი იცავდა საქართველოს, იცავდა ქრისტიანობას საქართველოსთვის, ამიტომაც იყო ევროპა ყოველთვის ერთგვარი ბუნებრივი არჩევანი საქართველოსთვის და ქართველებისთვის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიზეზი, რატომაც ჩვენ გვსურს, ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ასევე, ევროპა ნიშნავს კეთილდღეობის მაღალ დონეს, ნიშნავს საქართველოს განვითარებას. ამიტომ არის ჩვენი ევროპისკენ სვლის მისწრაფება ძალიან ძლიერი. ამიტომ ვართ ძალიან ერთგულები საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის მიმართ.

ჯეინ უიზერსპუნი, ევრონიუს გლობალი:

როგორც იცით, მთელ მსოფლიოში, აღმოსავლეთსა თუ დასავლეთში დღეს ჩნდება გარკვეული კითხვები…  განსაკუთრებით კი თქვენს ქვეყანაში. შეგიძლიათ პირდაპირ გვითხრათ  – თქვენ პრო-რუსი ხართ, თუ ანტი-ევროპელი? შეგიძლიათ, ერთხელ და სამუდამოდ, გარკვევით გვიპასუხოთ ამ კითხვაზე?

ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ მინისტრი:

ჩვენ, გარკვევით პრო-ევროპელები ვართ, როგორც მთავრობა. და ეს ჩვენი ქმედებებითაც დავამტკიცეთ. და კიდევ ერთხელ, ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, რომლითაც მოვახერხეთ ქვეყანა ევროკავშირისკენ წაგვეყვანა. სწორედ ამიტომ, არ არსებობს სივცე იმგვარი  მანიპულაციებისთვის, როგორსაც ოპოზიცია მიმართავს. ეს მათი არჩევანია. ეს მათი საქმეა და დემოკრატიის ნაწილია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მომავალში წინ წავწიოთ ევროკავშირში გაწევრების პროცესი.

ჯეინ უიზერსპუნი, ევრონიუს გლობალი:

რადგან ცხადია, რომ ევროკავშირს ესაუბრებით, ესაუბრებით მთავრობებს მთელ მსოფლიოში. როდის გქონდათ ბოლო საუბარი კრემლთან?

ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ მინისტრი:

ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. შესაძლოა საქართველო იყოს ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ევროპასა და აშშ-ში. ასე რომ, ამგვარია ამჟამინდელი მდგომარეობა. ამიტომაც, აქაც არ არის სივრცე რაიმე მანიპულაციისათვის.

ჯეინ უიზერსპუნი, ევრონიუს გლობალი:

მიმდინარე კვირაში სხვა ქვეყნებშიც არის არჩევნები,  მოლდოვაზე მინდა გკითხოთ – არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა მოლდოვის პოლიტიკურ პროცესებში რუსეთის ჩარევის თაობაზე. ხომ არ ვნახავთ რაიმე მსგავსს საქართველოშიც?

ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ მინისტრი:

შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთს საქართველოში გავლენები არ აქვს. არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ასეთი გავლენით ისარგებლებდნენ. არც რუსული გავლენის ქვეშ მყოფი მედიასაშუალებები არსებობს. ამიტომაც, რუსეთს არ შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს არჩევნებზე საქართველოში

ჯეინ უიზერსპუნი, ევრონიუს გლობალი:

როგორც ჩანს, თქვენი ნარატივი ემთხვევა კრემლის გარკვეულ ნარატივებს როცა საქმე ზოგიერთ პოლიტიკურ ნაბიჯსა და მიღებულ კანონს ეხება.   “უცხოური აგენტების“ კანონი, LGBTQ საკითხები. არის თუ არა რამე, რაც მათ კვალს მიჰყვება?

ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ მინისტრი:

ეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებია და ამ გადაწყვეტილებებს არაფერი აქვს საერთო რუსეთის მთავრობს გადაწყვეტილებებთან. ჩვენ წარვადგინეთ გამჭვირვალობის კანონი და ამ კანონს არაფერი აქვს საერთო არასამთავრობოების შესახებ რუსული კანონის შინაარსთან. ის მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება. კიდევ ერთი რამ, რასაც ეს კანონი ითვალისწინებს არის იმის უზრუნველყოფა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარუდგინონ წლიური ფინანსური დეკლარაციები იუსტიციის სამინისტროს. სულ ესაა. არანაირი შეზღუდვები. სწორედ ამიტომ იყო გზავნილი რუსული კანონის შესახებ აბსოლუტურად ყალბი. რაც შეეხება ლგბტქ კანონს, ესეც ჩვენი ეროვნული გადაწყვეტილებაა.

ჯეინ უიზერსპუნი, ევრონიუს გლობალი:

როდესაც საქმე უკრაინაში ომს ეხება, როგორც ჩანს, ამ მიმართულებით ტონი შეიცვალა. ხედავს თუ არა საქართველო აქ შესაძლებლობას თავისი დამოუკიდებელი ხმა ჰქონდეს?   და თუ არსებობს შესაძლებლობა, რა შესაძლებლობაა ეს თქვენთვის?

ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ მინისტრი:

ზოგადად, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ბევრჯერ დავგმეთ რუსეთის სამხედრო აგრესია. ჩვენ შევუერთდით 600-ზე მეტ საერთაშორისო აქტს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად და დავგმეთ რუსეთის სამხედრო აგრესია. ამიტომაც შეგვიძლია ძალიან მტკიცედ ვთქვათ, რომ ჩვენი პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ძალიან მტკიცეა. და რა თქმა უნდა, ეს პოზიცია ეფუძნება საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს.

ჯეინ უიზერსპუნი, ევრონიუს გლობალი:

ნებისმიერ ომს თან ახლავს ის საშინელებები, რასაც უკრაინაში ვხედავთ . ისტორიის განმავლობაში საქართველომაც  დაკარგა ტერიტორიები. რა გავლენა იქონია ამან თქვენზე, როგორც ადამიანზე და პოლიტიკოსზე,  გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თქვენი კარიერის დროს?

ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ მინისტრი:

ჩვენ ძალიან რთული ისტორიული გზა გავიარეთ, განსაკუთრებით კი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბოლო 30 წლის განმავლობაში. თუმცა ჩვენ ასევე ბევრი რამ ვისწავლეთ. და ეს გამოცდილება დაგვეხმარა თავიდან აგვეცილებინა  ბევრი  პრობლემა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. და ჩემთვისაც, როგორც პოლიტიკოსისთვის, ეს გამოცდილება ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანია. ეს გამოცდილება მთელი გუნდისთვის მომგებიანია, რადგან ისინი იყენებენ მას პრობლემების მართვისათვის და ომის თავიდან ასაცილებლად.

ჯეინ უიზერსპუნი, ევრონიუს გლობალი:

და რას ნიშნავს ეს ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. რომელიც ომით არის გარშემორტყმული?

ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ მინისტრი:

რა თქმა უნდა ეს ძალიან რთულ სიტუაციაში გვაყენებს. მაგრამ ისევ, მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ჩვენ შევძელით ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება.

ჯეინ უიზერსპუნი, ევრონიუს გლობალი:

როგორ რეაგირებთ დასავლეთის სანქციებზე რუსეთის წინააღმდეგ და რა გავლენას ახდენს ეს რეგიონზე?

ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ მინისტრი:

მახსოვს, რომ ოპოზიცია ძალიან გვიბიძგებდა ამ სანქციების შევერთებოდით, მაგრამ ჩვენ სხვა გადაწყვეტილება მივიღეთ და ამის ახსნა შემიძლია ძალიან მარტივად. ქართული ვაჭრობის წილი რუსულ ვაჭრობაში 0,3 პროცენტია. რა თქმა უნდა, საქართველო ვერ აზარალებს რუსეთის ეკონომიკას ეკონომიკური სანქციების შემოღებით. ამავდროულად, სანქციების შემოღება კონფლიქტის ესკალაციას ნიშნავს. ამიტომაც გვქონდა ძალიან ძლიერი საფუძველი, რომ ოპოზიციის ეს მოთხოვნა არ შეგვესრულებინა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა  არავის მიეცეს საშუალება გამოიყენოს საქართველოს ტერიტორია სანქციების თავიდან ასაცილებლად.

ჯეინ უიზერსპუნი, ევრონიუს გლობალი:

მოდით ვისაუბროთ ვაჭრობაზე და ენერგოუსაფრთხოებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონში. როგორია ამაში საქართველოს როლი? და სტრატეგიული მდებარეობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, არა?

ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ მინისტრი:

საქართველოს, როგორ დამაკავშირებელი ქვეყნის ფუნქციის გაძლიერება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.  განსაკუთრებით ახალი გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში, ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია არსებითად გავაძლიეროთ ჩვენი, როგორც დამაკავშირებლის ფუნქცია ამ რეგიონში. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც გვაკავშირებს აზერბაიჯანთან და თურქეთთან. არის სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც. და ეს არის, მაგალითად, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი და ინტერნეტკაბელის პროექტი, რომელიც დააკავშირებს საქართველოს ევროპულ ბაზართან.

ჩვენ ასევე დიდ ინვესტიციას ვდებთ ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ჩვენ მოვახერხეთ საქართველოში დაახლოებით 300 კმ ავტომაგისტრალის აშენება და ვიწყებთ შავ ზღვაზე ახალი პორტის მშენებლობას. ასევე ვიწყებთ თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას. ვაფართოებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობებს და ა.შ. და ა.შ…ასევე  რკინიგზას. არის ბევრი სხვადასხვა პროექტი, რომელიც ასევე ჩვენი პრობლემების ნაწილია, და ჩვენ სრულად ვართ კონცენტრირებულები ქვეყნისთვის ამგვარ დღის წესრიგზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend