მთავარისაქართველოადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ

საქართველო საპარლამენტო არჩევნების სამზადისშია. 111 ადგილობრივი და 76 საერთაშორისო ორგანიზაცია კენჭისყრის პროცესს დააკვირდება.

არჩევნებამდე 2 დღით ადრე კი ძალაში შედის კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაცია, რომლის მიხედვით კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე იკრძალება საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნება.

ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებამდე არასამთავრობო ორგანიზაციები აჯამებენ და აფასებენ წინასაარჩევნო პერიოდს. გასულ წლებთან შედარებით, მეტ-ნაკლებად მშვიდი, თუმცა კვლავ სერიოზული სისტემური დარღვევებითა და დამატებითი საკანონმდებლო შეზღუდვებით სავსე – ასეთია ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშების ძირითადი აქცენტები. სამოქალაქო სექტორში მმართველი პარტიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენის სავარაუდო შემთხვევებზე საუბრობენ.

„წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტია არაკეთილსინდისიერად იყენებდა ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებულ გავლენებს, რითაც ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნიდა მის ელექტორალურ კონკურენტებს. ეს გამოიხატებოდა როგორც ფინანსური, ისე ინსტიტუციური და სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნებით გამოყენების მავნე პრაქტიკაში, რა დროსაც იშლებოდა ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის“, – განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ.

საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას სისტემური კორუფციის ნიშნებზეა გამახვილებული ყურადღება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ორნაწილიან ანგარიშში. მონიტორინგი, რომელიც 2023-2024 წლებისა და წლევანდელი საარჩევნო კამპანიის ორთვიან პერიოდს მოიცავს, საუბარია 8 საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებასა და უცვლელ ტენდენციებზე, როგორც ქართული ოცნების, ისე ოპოზიციური პარტიების. ანგარიშის თანახმად, გასული წლების მსგავსად, მმართველი პარტიის შემომწირველების მნიშვნელოვანი ნაწილი, ამავდროულად მრავალმილიონიან სახელმწიფო კონტრაქტებსა და სუბსიდიებს იღებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის შედეგად დადგინდა, რომ რვავე საარჩევნო სუბიექტის ჯამში 19 მილიონ ლარამდე დაფინანსების 53% მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე“ მოდის. ორგანიზაციის ინფორმაციით, მზარდია სახელისუფლებო გუნდის გაწეული ხარჯების მაჩვენებლებიც.

სამოქალაქო სექტორი ამის მიზეზად სხვადასხვა ფაქტორს ასახელებს და მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს, წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, მოკვლევა დაუყოვნებლივ დაიწყოს.

„ძალიან ხშირად გამოიყენება ეს სქემები, როდესაც ამ კომპანიებთან დაკავშირებული პირები სწირავენ მმართველ პარტიას. რა თქმა უნდა, ვუშვებთ, რომ, შესაძლოა, ეს კომპანიები, ზოგიერთ შემთხვევაში, არიან ძალიან გამოცდილები, მაგრამ მაშინ გამოძიებამ ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს ეს ყველაფერი. ტენდენცია აჩვენებს, რომ ასეთი ტიპის ფაქტები არასდროს არაა გამოძიებული, რადგან, შესაძლოა, იქ არის რაღაც დასამალი. სხვა შემთხვევაში, თუ იქ არაფერი არ ხდება, – რატომ არ იძიებენ?! კიდევ ერთხელ, ჩვენ ვსაუბრობთ არამხოლოდ ტენდერებზე, არამედ სხვადასხვა შეღავათზე, ასევე კონკრეტულ ბენეფიციარებზე. აქაც ახალი სქემა შემოვიდა და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ასეთი ფაქტების გამოძიებაც დაიწყოს“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მასობრივი პროტესტის ფონზე მიღებულმა ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონმა წინასაარჩევნო კამპანიაზეც მახდინა გავლენა. მათი განმარტებით, კანონის რეალური მიზანი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის საქმიანობის ხელშეშლაა.

„წინასაარჩევნო პერიოდი გამოწვევებით ხასიათდებოდა როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის, ისე პოლიტიკური სპექტრისთვის. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახლა ინიცირებამ და მისმა თანმდევმა პროცესებმა, ასევე, ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის სისტემურმა მადისკრეტირებელმა კამპანიამ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის რიტორიკამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების შესაძლებლობა“, – განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ.

თავისუფალ საარჩევნო გარემოში ხმის მიცემა საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებაა. „საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა“ – საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 24.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend