არჩევნებამდე 2 დღით ადრე გაიმართა მთავრობის სხდომა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების” სამთავრობო გუნდის ეკონომიკურ და სხვა სახის მიღწევებზე ისაუბრა და სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, 2024 წელს რთველმა წარმატებით ჩაიარა. გაიზარდა ბიუჯეტი და ეკონომიკური ზრდისა თუ სტაბილურობის თვალსაზრისით საქართველოს დადებითი მაჩვენებლები აქვს.
„წლევანდელი რთველი იყო ძალიან წარმატებული, გვქონდა რეკორდული, უპრეცედენტო შედეგები, ამისთვის მადლობა მინდა, გადავუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს. წელს გადამუშავდა რეკორდული რაოდენობის, 320 000 ტონამდე ყურძენი, რაც დაახლოებით 45%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ჩვენ გადავწყვიტეთ მიწის სისტემური რეგისტრაციის გაგრძელება. არიან მოქალაქეები, რომლებმაც ჯერ ვერ მოახერხეს მიწის დარეგისტრირება და მათ ექნებათ საშუალება, სრულიად უფასოდ, 2025 წლის ბოლომდე, დაირეგისტრირონ კუთვნილი მიწის ნაკვეთები.
ჩვენ ყოველთვის გადაჭარბებით ვასრულებდით ხოლმე იმ პროგნოზს, რომელსაც წარადგენდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ახლაც დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა იქნება იმაზე მაღალიც კი, ვიდრე ეს არის პროგნოზირებული „საერთაშორისო სავალუტო ფონდის” მიერ. ჩვენ გვაქვს ამისთვის გაწერილი კარგად გააზრებული პროგრამა, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ეკონომიკა 2028 წლისთვის 130 მილიარდს გადააჭარბებს. ამისთვისაა გათვალისწინებული კონკრეტული პროგრამები და პროექტები და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ მიზანს წარმატებით შევასრულებთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა ასევე ისაუბრა წინასაარჩევნო გარემოზე და თქვა, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდება.
მანვე ყურადღება გაამახვილა ევროინტეგრაციის პროცესზე, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურების შეფასებით, საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო შეჩერებულია. პრემიერმა თქვა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი განახლდება და საქართველო ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს.
„მინდა, შევეხო არჩევნების თემას, ორ დღეში საქართველოში ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, პრინციპული საპარლამენტო არჩევნები. მინდა, კმაყოფილება გამოვთქვა იმის გამო, რომ არჩევნები ტარდება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე უზრუნველყოფილია არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარება, რაც, ბუნებრივია, ჩვენი პასუხისმგებლობაა.
ზოგადად მინდა, ვისაუბრო, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და ეს არჩევნები მათ შორის სწორედ ამ საკითხს უკავშირდება, რამდენად შეძლებს ჩვენი ქვეყანა, გააგრძელოს სტაბილური განვითარება ყველა მიმართულებით. რეალურად, ჩვენ გასული ოთხი წლის და გასული 12 წლის განმავლობაში შევქმენით ძალიან მყარი საფუძველი იმისთვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარება და ოთხ წელიწადში ჩვენი ქვეყანა განვითარების სულ სხვა საფეხურზე გადავიდეს.
ჩვენი ამბიციური მიზანია, 2030 წლისთვის ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და ამისთვის ყველა პირობა იქნება მომზადებული, საქართველო იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში ინტეგრაციისთვის 2030 წელს. ყველა თვალსაზრისით, როგორც ვალდებულებების შესრულების კუთხით, ისე ეკონომიკური წინსვლის თვალსაზრისით და, ზოგადად, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები თუ ნებისმიერი სხვა ასპექტი, რაც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან, ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან სერიოზული პროგრესი, რაც არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, მოსახლეობას ჰქონდეს ცხოვრების უკეთესი პირობები“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ალეკო გვეტაძე