უნგრეთის, სლოვაკეთისა და სერბეთის ლიდერები, ვიქტორ ორბანი, რობერტ ფიცო და ალექსანდარ ვუჩიჩი გუშინ, 22 ოქტომბერს, ერთმანეთს არალეგალური მიგრაციის პრობლემის გადასაჭრელად ერთმანეთს სლოვაკეთში, ქალაქ კომარნოში, შეხვდნენ.
მათი ინიციატივით, ევროკავშირის საზღვრებს მიღმა თავშესაფრის მაძიებელთათვის უნდა შეიქმნას შესაბამისი ობიექტები, რომლებშიც მიგრანტები განთავსდებიან. ლიდერების აზრით, ეს იქნება ეფექტური საშუალება, რათა აღმოიფხვრას არალეგალური მიგრაციის პრობლემა, რომელიც, მათი აზრით, ევროკავშირის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს.
„2015 წელს ძალიან მარტივი იყო იმის განჭვრეტა, რომ უცხო კულტურის მქონე მილიონობით ადამიანის უკონტროლოდ და უნებართვოდ შემოსვლა პრობლემა იქნებოდა. ჩვენ, არც მე და არც რობერტ ფიცო, არ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რაც ევროკავშირში ხდება, რადგან ჩვენ თავის დროზე გავაფრთხილეთ ისინი, რომ თუ არ შეებრძოლებოდნენ არალეგალურ მიგრაციას, პრობლემები შეექმნებოდათ“, – აცხადებს ვიქტორ ორბანი.
Illegal #migration is destroying #Schengen, European cooperation and our countries.
The good news is that the rebellion is underway! We must scrap the failed Migration Pact and make way for a new policy to #StopMigration . pic.twitter.com/xWQkVbeJv0
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) October 22, 2024
ვიქტორ ორბანი ევროპელ ლიდერებს შორის მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგეა.
ობიექტების შექმნის გარდა სამი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს დეპორტაციის სისტემის დახვეწასა და გამკაცრებაზე. მათი თქმით, მიგრაციის ეფექტიანი კონტროლისთვის დეპორტაციის პროცესი უნდა გამარტივდეს.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ საზღვრებზე ფიზიკური ბარიერის აღმართვის იდეა წარმოადგინა. უნგრეთის ხელისუფლებამ ეს 2015 წელს უკვე გააკეთა. მისი თქმით, „მიგრაციის აქტი“, რომელიც ევროკავშირმა მაისში მიიღო, ვერ გადაჭრის არალეგალური მიგრაციის პრობლემას. შესაბამისად, სლოვაკეთმა ამ აქტს მხარი არ დაუჭირა.
„ჩვენი სათქმელი შეგვიძლია ერთ წინადადებაში მოვაქციოთ: ჩვენ მართლები ვიყავით. რამდენიმე წლის წინ ჩვენ პირდაპირ ვთქვით, რომ მიგრაციის კრიზისთან საბრძოლველად ევროკავშირის საზღვრების დაცვა საკვანძო მნიშვნელობის იქნებოდა. ჩვენ ისიც აღვნიშნეთ, რომ არ იყო საჭირო იმ მიგრანტების გადანაწილება, რომლებიც უკვე ევროკავშირის ტერიტორიაზე იყვნენ. ევროკავშირს არ სჭირდება სავალდებულო კვოტები, მას სჭირდება თანამშრომლობა იმ სახელმწიფოებთან, რომლებსაც სურთ ევროკავშირის საზღვრების დაცვა“, – აცხადებს რობერტ ფიცო.
ინიციატივას უერთდება სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩიც, რომლის თქმით, სამი ქვეყნის ერთობლივმა პოლიტიკამ გასულ წელთან შედარებით მიგრანტების რაოდენობა 80%-ით შეამცირა.
„ჩვენ მივაღწიეთ შედეგს ერთობლივი მუშაობით. ეს არ იყო მარტივი, მაგრამ, გასულ წელთან შედარებით, წელს 80%-ით ნაკლები მიგრანტი გვყავს. ჩვენ ამაზე მუშაობას კვლავ გავაგრძელებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კარგ შედეგს მივიღებთ“, – ამბობს ალექსანდარ ვუჩიჩი.
ევროკავშირის საზღვრის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, 2024 წლის პირველ ცხრა თვეში იმ მიგრანტების რაოდენობამ, რომლებიც საზღვარს უკანონოდ კვეთდნენ, 49%-ით იკლო. სერბეთისა და უნგრეთის საზღვრების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 79%-ს შეადგენს.