სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2004.9 ლარია, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 11.1%-ით მეტია.
იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დასაქმებულთა უფლებებს იცავენ, აცხადებენ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მოტანილი მაჩვენებლები რეალობას არ შეესაბამება. მეტი ობიექტურობისთვის კი, მედიანური ხელფასის მონაცემების ნახვაა საჭირო.
„პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ საშუალო ხელფასი არ ასახავს ჩვეულებრივი, რიგითი მშრომელების მდგომარეობას. ეს არის ხელფასი, რომელიც გამოითვლება საშუალო არითმეტიკულით და თუ ვინმეს აქვს განსაკუთრებით მაღალი ხელფასი, შეიკრიბება დაბალ ხელფასთან და მათი საშუალო გამოდის შედარებით ნორმალური რიცხვი. თუმცა საქართველოში ვიცით ისიც, რომ მედიანური ხელფასი, რომელიც გაცილებით უკეთ ასახავს და გვიჩვენებს საშუალოდ რამდენ ადამიანს აქვს ესა თუ ის ხელფასი, 30%-ით ჩამორჩება საშუალო ხელფასის ოდენობას. ეს ნიშნავს იმას, რომ უთანასწორობა არის სახეზე. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი არის შრომის არასათანადო ანაზღაურება, რადგან ბოლო პერიოდში თუ რაიმე გაფიცვა ან შრომითი პროტესტი იყო, მოთხოვნა არის ხოლმე შრომითი ანაზღაურების გაზრდა. დაწყებული „ევოლუშენის“ მშრომელებისგან დამთავრებული ჭიათურელი მაღაროელებით, ამბობენ, რომ შრომის ანაზღაურება არ არის მათ მიერ გაწეული შრომის ადეკვატური და შესაბამისი“, – აცხადებს სალომე შუბლაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტი.
საშუალო ხელფასის მაჩვენებლისგან განსხვავებით, მედიანური ხელფასი გვეხმარება გავიგოთ, თუ რა არის საშუალოდ ყველაზე მეტი ადამიანის ხელფასი ქვეყანაში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ბოლო, 2023 წლის მონაცემებით, საქართველოში მედიანური ხელფასი 1238 ლარია. თუმცა ეს დარიცხული ხელფასია, რაც იმას ნიშნავს, რომ საშემოსავლო და საპენსიო გადასახადის, ანუ 22%-ის გამოკლების შემდეგ დასაქმებულთა ხელზე აღებული თანხის რაოდენობა 965.64 ლარია.
ბრძანება, რომლის თანახმადაც საქართველოში მინიმალური ხელფასი 20 ლარით განისაზღვრა, 1999 წლის 4 ივნისს არის მიღებული და მას ხელს საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე აწერს.
„რა თქმა უნდა, საქართველოში ის, რომ 1999 წლის შემდეგ არ შეცვლილა ეს რიცხვი და არის 20 ლარი ყოველთვიური ანაზღაურება, არ არის სერიოზული და არ შეიძლება ეს სერიოზულად აღვიქვათ. ეს აჩვენებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ერთი საკითხია რაოდენობა რამდენი იქნება და მეორე საკითხია, რომ 1999 წლის შემდეგ არასდროს ამ ქვეყანაში არ დამდგარა მშრომელების ანაზღაურების საკითხი, არასდროს არ გადახედილა ეს რიცხვი. მინიმალური ხელფასი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ დაბალი ანაზღაურება. ეს არ არის ვთქვათ, მაღალანაზღაურებადი მშრომელებისთვის მნიშვნელოვანი. ეს მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფისთვის, რადგან მათ არ აქვთ არჩევანი. ხშირად გვესმის ეს ფრაზა: „თუ არ მოგწონს, წადი“ და ისე ხატავენ დამსაქმებლები, თითქოს არჩევანი არსებობს. სინამდვილეში, ჩვენ ვიცით, რომ არჩევანი არ არსებობს. ამ ქვეყანაში არ არის კარგი სამუშაო პირობები და მშრომელები იძულებული ხდებიან ამ პირობებს დათანხმდნენ“, – ამბობს სალომე შუბლაძე.
ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოს შრომის კოდექსში არსებული ხარვეზების გამოსწორება მხოლოდ პირველი ნაბიჯია პრობლემის აღმოსაფხვრელად, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ არის მონიტორინგის ძლიერი სამსახური და შესაბამისად, დამსაქმებლები ხშირად რეგულაციებისთვის გვერდის ავლას ახერხებენ. ასევე დარგის სპეციალისტები პრობლემად მიიჩნევენ იმას, რომ დასაქმებულებს ხშირად არ აქვთ ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ.
„თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც კანონში შევიდა სასიკეთო ცვლილებები. მაგალითად, დარეგულირდა 40-საათიანი სამუშაო გრაფიკი და შრომით უფლებებზე მომუშავე ადამიანები ძალიან ბედნიერი ვიყავით. თუმცა როდესაც პრაქტიკაში დაიწყო ამ ყველაფრის განხორციელება, მომართვიანობისას სხვა პრობლემებს წავაწყდით. დაიწყო საუბარი იმაზე, რომ დამსაქმებლებმა მოახერხეს შეტანილი ცვლილებებისთვის გვერდის ავლა. შესაბამისად, ახლა დაბალი ანაზღაურების გარდა, გვაქვს ის პრობლემაც, რომ ბიზნესსექტორი, როგორც ყოველთვის, ახერხებს გვერდი აუაროს კანონს“, – აცხადებს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი „არა მონობას“ დამფუძნებელი მირანდა მაჭარაშვილი.
საათობრივი მინიმალური ანაზღაურება დაწესებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორისაც. კერძოდ, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ლუქსემბურგში – 14.86 ევრო, ხოლო ყველაზე დაბალი ბულგარეთში – 2.41 ევროა. ამ დრომდე უცნობია, მუშაობს თუ არა შესაბამისი ორგანო საქართველოს შრომის კოდექსში მინიმალური ხელფასის დაწესების ჩაწერაზე.
„ზოგადად, ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა არის სამმხრივი კომისიის კომპეტენცია. სამმხრივ კომისიაში იგულისხმება დასაქმებულთა, დამსაქმებელთა და სახელმწიფოს წარმომადგენლობა. ეს კომისია არსებობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და მათ უნდა განეხილათ მინიმალური ხელფასი, წინა წლების სამოქმედო გეგმაში ეწერა. თუმცა მათ ეს არ განიხილეს და მეტიც, ეს კომისია აბსოლუტურად უფუნქციოა და ფაქტობრივად არ იკრიბება“, – ამბობს სალომე შუბლაძე.
„რეალურად ის პრობლემა, ეს პრობლემა, რაც ჩვენ გვაქვს სახელფასო მიმართულებით არის იქიდან გამოწვეული, რომ სახელმწიფო არ იღებს შესაბამის ზომებს იმისთვის, რომ ეს პრობლემა დარეგულირდეს. მითუმეტეს, ახლოვდება არჩევნები და რეალურად საუბარი უნდა იყოს როგორც პოლიტიკოსების მხრიდან, ისე მოქალაქეების მხრიდან რეალურ პრობლემებზე, თუმცა ამას ჩვენ ვერ ვხედავთ“, – ამბობს მირანდა მაჭარაშვილი.
დასაქმებულთა შორის ანაზღაურების საკითხზე უკმაყოფილება სულ უფრო იზრდება, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ბერკეტის არარსებობის გამო მათი პრობლემა კვლავ მოუგვარებელი რჩება.