მთავარიაზიასამხრეთ კორეასამხრეთ კორეის სამხედრო ძალა

სამხრეთ კორეის სამხედრო ძალა

თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების ბრიტანული ინსტიტუტის მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ ძირითად ევროპულ ქვეყნებს მნიშვნელოვანი სამხედრო დანახარჯი აქვთ, მათი ფინანსები ეფექტიანად ვერ ისახება სამხედრო შესაძლებლობებში. ბრიტანეთის სამეფო კოლეჯის ასოცირებული პროფესორი ბენს ნემეთი ამბობს, რომ სამხრეთი კორეა შესაძლოა, ბევრი ქვეყნისთვის მაგალითიც კი გახდეს, თუ როგორ შეიძლება მცირე სამხედრო ბიუჯეტით ძლიერი არმიის, ძლიერი სამხედრო ძალის ჩამოყალიბება.

აშშ-ის ვაჭრობის საერთაშორისო ადმინისტრაციის  მონაცემებით, სამხრეთი კორეა სამხედრო ბიუჯეტის ოდენობით მსოფლიოში მეათე ადგილზეა. მას უსწრებენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი… სეულში  2023 წლისთვის ქვეყნის თავდაცვაზე 48.3 მილიარდი დოლარი განსაზღვრეს. 2023 წელს სამხრეთ კორეას იაპონიამ გადაუსწრო. ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის შეიარაღების შესყიდვაზე.

საინტერესოა, რა სამხედრო ძალას ფლობს სამხრეთი კორეა.

თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების ბრიტანული ინსტიტუტის მონაცემებით, სეულს მსოფლიოში ერთ ერთი უძლიერესი საარტილერიო ძალა აქვს, ქვეყნის შეიარაღებაშია 12 100 საარტილერიო საშუალება. მაშინ, როცა ბრიტანული კვლევითი ინსტიტუტის 2023 წლის მონაცემებით, ჩინეთს 9500, აშშ-ს 5000, რუსეთს კი 4400 ერთეული საარტილერიო საშუალება აქვს.

სეული ასევე აწარმოებს საკუთარ შეიარაღებას. მაგალითად, თვითმავალ საარტილერიო საშუალებებს ნატოს წევრი ქვეყნებიც კი ყიდულობენ.

დასავლელი მკვლევრების თქმით,  სამხრეთ კორეის შეიარაღების 80% ადგილზეა შექმნილი, მათ შორის ტანკები, ჯავშანმანქანები, საბრძოლო ხომალდები, ავიაცია და წყალქვეშა ნავებიც კი. თუმცა ეს ყველაფერი დასავლური შეიარაღების ანალოგია. მაგალითად, კორეული საბრძოლო ტანკი ქეი-2 „შავი პანტერა“ გერმანული „ლეოპარდ 2“-ის, ხოლო საარტილერიო საშუალება ქეი 239 „ჩუნმუ“ ამერიკული „ჰაიმარსის“ ანალოგებია.

სამხრეთ კორეას ძლიერი და მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს – აქტიურ სამხედრო სამსახურში 500 000 სამხედროა. როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების ბრიტანული ინსტიტუტი წერს, 2023 წლის მონაცემებით, სამ ქვეყანას, ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას ერთად ჰყავს  ამ რაოდენობის სამხედრო.

ამერიკის პარტნიორებისგან განსხვავებით,  სამხრეთ კორეას უდიდესი საზღვაო ძალებიც ჰყავს 29-ათასიანი პირადი შემადგენლობით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამხრეთ კორეაში აშშ-ის მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზაცაა. ერთობლივად კი არაერთი მასშტაბური  სამხედრო სწავლება ხორციელდება, რაც ზრდის სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების მობილობასა და თავსებადობას აშშ-ის არმიასთან.

მსოფლიოში საბრძოლო ძალის ინდექსის მიხედვით, 2024 წლის მონაცემებით, სამხრეთი კორეა 145 ქვეყნიდან მე-5 ადგილს იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას არ აქვს ბირთვული იარაღი, ამავე ინდექსში სწორედ ბირთვულ ქვეყნებს შორისაა, მაგალითად, აშშ, რუსეთი და ჩინეთი.

სამხრეთ კორეის გააქტიურება ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის სამხედრო თანამშრომლობას უკავშირდება. NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს, თქმით, თუ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში ჯარისკაცები უკრაინასთან საბრძოლველად გაგზავნა, ეს ვითარებას კიდევ უფრო მეტად დაძაბავს. სეულში ამტკიცებენ, რომ მათ აქვთ ცნობები ჩრდილოკორეელი სამხედროების რუსეთში გაგზავნასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა სამხრეთ კორეას  დელეგაციის გაგზავნაც სთხოვა ამ საკითხებთან დაკავშირებით უახლესი ცნობების მისაღებად.

გიორგი თუხარელი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend