მთავარიტექნოლოგიაკემბრიჯის ზოოლოგიის მუზეუმში გადაშენებულ ფრინველთან, დოდოსთან გასაუბრებაა შესაძლებელი

კემბრიჯის ზოოლოგიის მუზეუმში გადაშენებულ ფრინველთან, დოდოსთან გასაუბრებაა შესაძლებელი

ფრინველი დოდო მე-17 საუკუნეში 1680-იან წლებში, გადაშენდა, თუმცა კემბრიჯის ზოოლოგიის მუზეუმში, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ფრინველი ალაპარაკდა.

მუზეუმში, სადაც ფრინველის ჩონჩხია შენახული, მისულ დამთვალიერებელს დოდო ესაუბრება როგორც ყოფით საკითხებზე, ისე მისი  გადაშენების ისტორიაზე. მას დაუსვეს კითხვა, რამდენად სურს მეცნიერებისა და კლონირების მეშვეობით კვლავ გაცოცხლება.

„დოდოს გაცოცხლების საკითხი დამაფიქრებელია. ერთი მხრივ, ეს ერთგვარი  იმედი, ხსნა და წარსული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობაა. თუმცა ის დაბრკოლებებითაა სავსე. სამყაროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით, სპეციფიკური ეკოსისტემა ჰქონდა.  ახლა ეს ყველაფერი შეცვლილია. კლონირებული დოდო უცნობ გარემოში აღმოჩნდება. შესაბამისად, საუკეთესო ნაბიჯი წარსულის გაცოცხლებაში კი არა, არამედ იმ მრავალფეროვნების დაცვაშია, რომელიც დღეს არსებობს,“ – ამბობს დოდო ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით.

„ზოგადად მუზეუმების თანამშრომლები ირჩევენ, რის შესახებ მოუყვნენ ხალხს. ახლა კი თავად დამთვალიერებელს შეუძლია,  იკითხოს ის, რაც აინტერესებს. ეს კი ნამდვილად არაჩვეულებრივია. მათ ცხოველთან და ექსპონატებთან საუბარი შეუძლიათ. ამ გზით სამუზეუმო გარემოს განსხვავებულად წარმოვადგენთ, ამას სხვა მუზეუმში ვერ ნახავთ,“ – ამბობს კემბრიჯის ზოოლოგიის მუზეუმის დირექტორის თანაშემწე, ჯეკ ეშბი.

პროექტის ფარგლებში კიდევ 12 სახეობის ცხოველია წარმოდგენილი, რომლებსაც უნიკალური ხმა აქვთ. მაგალითად, პლატიპუსი წყალში ცხოვრებას პოეტურად აღწერს, ხოლო მეგათერიონის გიგანტურ ჩონჩხს ქალის ხმა აქვს. აქ ნახავთ ნარვალს, პეპელას, ფინვალს და ტარაკანსაც კი.

ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაზე მუშაობდა საერთაშორისო ტექნიკური საგანმანათლებლო კომპანია Nature Perspectives, რომელიც კემბრიჯის კურსდამთავრებულებმა დააარსეს.

„სიმულაციები ძალიან მოქნილია. ჩვენ შევქმენით სიმულაციის ციფრული მაღარო, რომელშიც გათვალისწინებულია ცხოველის თვისებები და ევოლუციური ადაპტაცია. ეს ერთგვარი საბაზისო ფენაა, რომელიც ვიზიტორებს შესაძლებლობას აძლევს,  იკითხონ ნებისმიერი რამ, რაც მათ აინტერესებთ. ისინი კი მიიღებენ პასუხებს, რომლებიც ამ ციფრულ მაღაროზეა დაფუძნებული,” – ამბობს Nature Perspectives-ის თანადამფუძნებელი, გალ ზადირი.

მუზეუმში ცხოველებს სხვადასხვა ენაზე შეუძლიათ საუბარი. მუზეუმის თანამშრომლების ინფორმაციით, არსებობს შემაკავებელი მექანიზმებიც, რათა ხელოვნური ინტელექტი ბოროტად არ იქნეს გამოყენებული და დამთვალიერებლებმა შეუსაბამო კითხვები არ დასვან. ტექნოლოგია საცდელ რეჟიმში ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს, შემდეგ კი მუზეუმი შედეგებს გააანალიზებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend