ილონ მასკმა დააარსა პოლიტიკური ორგანიზაცია America PAC, რომელიც მხარს უჭერს ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიას. ღონისძიებაზე დამსწრეები ვალდებული იყვნენ, ხელი მოეწერათ პეტიციისთვის, რომელიც America PAC-ს შესაძლებლობას მისცემს, შეაგროვოს საკონტაქტო ინფორმაცია, რაც საარჩევნოდ მხარდამჭერთა მობილიზებას უზრუნველყოფს.
„ამიერიდან არჩევნებამდე ყოველდღე ჩვენ გაძლევთ ერთი მილიონი დოლარის მოგების შანსს. იმისათვის რომ თქვენც გქონდეთ ამ თანხის მოგების შანსი, ხელი უნდა მოაწეროთ პეტიციას და დააფიქსიროთ, რომ მხარს უჭერთ კონსტიტუციას. ეს ძალიან მარტივია. ისიც კი არ გჭირდებათ, რომ ხმა მისცეთ. თქვენ უბრალოდ ხელი უნდა მოაწეროთ პეტიციას, სადაც ნათქვამია, რომ გჯერათ კონსტიტუციის. შესაბამისად, თქვენ უბრალოდ ხელს აწერთ იმას, რისიც უკვე გჯერათ და შეგიძლიათ მოიგოთ ერთი მილიონი დოლარი. ეს გასაოცარია”, – განაცხადა ილონ მასკმა.
„ძალიან დიდი მადლობა! მე ნამდვილად მჯერა ყველაფრის, რასაც თქვენ აკეთებთ და ვიაზრებ იმას, რომ არ ხართ ვალდებული ამ ყველაფერს აკეთებდეთ. ვიცი, ბევრი ფიქრობს ჩემნაირად. თქვენ სიმდიდრესა და პასუხისმგებლობას სიტყვის თავისუფლების გადასარჩენად იყენებთ. ამას ვაფასებთ”, – განაცხადა კრისტინ ფიშელმა, ქალმა, რომელმაც ერთი მილიონი დოლარი მოიგო.
Tesla-სა და Space X-ის მილიარდერმა დამფუძნებელმა და X-ის მფლობელმა, რომელიც თეთრ სახლში რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს უჭერს მხარს, უკვე გამოყო მინიმუმ 70 მილიონი დოლარი ტრამპის დასახმარებლად. თანხის „გაჩუქება” კითხვებს უჩენს ზოგიერთ საარჩევნო ექსპერტს. ისინი ამბობენ, რომ პეტიციაზე ხელმოწერისთვის, რომელიც ასევე მოითხოვს პირის რეგისტრაციას ხმის მისაცემად, ფულადი ჯილდო კანონის დარღვევაა.