დღეს, 20 ოქტომბერს, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ამის პარალელურად მოქალაქეებმა რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყვიტონ, ჩაიწერება თუ არა კონსტიტუციაში, რომ მოლდოვა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შუადღისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 33.3%-ს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნები შედგა.

ქვეყნის მოქმედი პროდასავლელი პრეზიდენტი კონკურენციას 10 კანდიდატს უწევს. მისი მთავარი ოპონენტი ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოღლოა, რომელიც „სოციალისტურმა პარტიამ” ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის, ნაცვლად წარადგინა.
წინასაარჩევნო კვლევების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების საჭირო რაოდენობის მიღებას ვერცერთი კანდიდატი ვერ შეძლებს. რაც შეეხება რეფერენდუმს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის თაობაზე, კვლევების მიხედვით, მოლდოვის ევროკავშირში გაწევრებას მხარს ამომრჩეველთა 60%-ზე მეტი დაუჭერს.

„მოლდოვის ბედი არა ბინძურმა ფულმა ან ტყუილებმა, არამედ მოლდოვის მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ. მე ხმა მოლდოვის მშვიდობითა და თავისუფლებით განვითარებას მივეცი. ხმა მივეცი ისეთი მომავლის აშენებას, როგორიც ქვეყანას სურს და როგორსაც იმსახურებს. თითოეული თქვენგანი უნდა გამოვიდეს არჩევნებზე, რადგან აბსოლუტურად ყველა ხმა მნიშვნელოვანია. თქვენი ხმა თქვენი სათქმელია საკუთარ ბედზე. ეს არის არჩევანი, რომელიც გადაწყვეტს, თუ როგორ იცხოვრებთ ხვალიდან“, – განაცხადა მაია სანდუმ ხმის მიცემის შემდეგ.