პირველმა ქართულმა ფრენჩაიზმა A ჯგუფში 4-დან 4 შეხვედრა მოიგო და ჩემპიონის ტიტული გაინაღდა. A ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, რომელიც ავჭალაში გაიმართა, „შავმა ლომმა” პორტუგალიურ „ლუზიტანუშს” უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშით 36:0 დაამარცხა. წელს რაგბი ევროპის სუპერთასი მეოთხედ იმართება და ოთხივე შემთხვევაში გამარჯვებული ქართული ფრენჩაიზი გახდა.
ევრონიუს ჯორჯიაში სტუმრობისას საქართველოს ნაკრების მორაგბეების ლუკა მატკავასა და თორნიკე კახოიძის თქმით, რაგბი ევროპის სუპერთასი ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია კიდევ ერთი საერთაშრისო ტურნირისთვის, ჩელენგ ქაფისთვის, რომელშიც „შავი ლომი” მეორეჯერ მონაწილეობს. ტურნირზე „შავი ლომი” მოხვდა მე-3 ჯგუფში, სადაც მისი მეტოქეები ფრანგული „ვანი და ბაიონა”, უელსური „სკარლეტსი”, შოტლანდიური „ედინბურგი” და ინგლისური „გლოსტერი” არიან.
მორაგბეებმა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მოახლოებულ ტესტ მატჩებზეც ისაუბრეს. რიჩარდ კოკერილის გუნდი 10 ნოემბერს მონპელიეში „ოლ ბლექსი XV”-ს დაუპირისპირდება, შემდეგ 17 ნოემბერს, გენუაში იტალიას, ხოლო ნოემბრის ტესტებს თბილისში 24 ნოემბერს ტონგას წინააღმდეგ დაასრულებს.