უნივერსიტეტის ბევრ კურსდამთავრებულთან აქვთ პრეტენზია, რომ ისინი ვერ ერგებიან სამუშაო ადგილს. განათლებისა და კარიერის საკონსულტაციო პლატფორმა Intelligent-ის ბოლო ანგარიშში ნათქვამია, რომ მზარდია ტენდენცია, როდესაც დამსაქმებლები ერიდებიან მათ სამსახურში აყვანას.
კვლევამ, რომელშიც 1000-ზე მეტი მენეჯერი მონაწილეობდა აჩვენა, რომ ექვსიდან ერთ დამქირავებელს არ სურს იმ მუშაკებთან თანამშრომლობა, რომლებიც თაობა Z-ს განეკუთვნებიან, რადგან ისინი უფრო ქედმაღლები არიან და ბევრი რამის გამო გრძნობენ თავს შეურაცხყოფილად.
უფრო მეტიც, ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ 1997-იდან 2010 წლამდე დაბადებულები არ იცავენ ეთიკურ პრინციპებს, უჭირთ კომუნიკაცია, კარგად ვერ უმკლავდებიან უკუკავშირს და, როგორც წესი, არ არიან მზად, დააკმაყოფილონ შრომით ბაზარზე არსებული მოთხოვნები.
გამოკითხვაში მონაწილე ათი კომპანიიდან ექვსმა განაცხადა, რომ სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელიც წელს დაიქირავეს. მათი თქმით, თანამშრომლის გაშვების მიზეზი მოტივაციისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობა იყო. მათ ასევე არ გააჩნდათ კომუნიკაციისთვის საჭირო უნარები.
„უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ შესაძლოა, ბევრს გაუჭირდეს შრომის ბაზარზე პირველად შესვლა, რადგან ისინი სხვა პირობებს არიან შეჩვეული. ისინი ხშირად მოუმზადებლები არიან, არ იციან, როგორ მოერგონ ახალ გარემოს, სამუშაო ადგილს და როგორ გაართვან თავი დამოუკიდებლად მუშაობას“, – განაცხადა ჰუი ნგუენმა, Intelligent-ის განათლებისა და კარიერის განვითარების მთავარმა მრჩეველმა.
„მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ გარკვეული თეორიული ცოდნა, რომელიც უნივერსიტეტში მიიღეს, ხშირად არ აქვთ მათი პრაქტიკულად გამოყენების უნარები, რომლებიც დაეხმარეობდა მათ მუშაობაში“, – დასძინა მან.
გამოკითხვაში მონაწილე მენეჯერებმა ასევე აღნიშნეს, რომ თაობა Z-ს წარმომადგენლებს უჭირთ სამუშაო დროის განაწილება, ხშირად აგვიანებენ, არ საუბრობენ და სამსახურში არ იცვამენ შესაბამისად.
აპრილში ჩატარებულმა სხვა კვლევამ აჩვენა, რომ 1997-იდან 2010 წლამდე დაბადებულები სამუშაოს ძიების დროს ზედმეტად იყვნენ დამოკიდებული მშობლების მხარდაჭერაზე.
გამოკითხვის მიხედვით, რომელიც ResumeTemplates-მა ჩაატარა, 1500 ახალგაზრდიდან 70 პროცენტმა აღიარა, რომ სამუშაოს ძიების პროცესში მშობლებს სთხოვდა დახმარებას.
25 პროცენტმა მშობლები გასაუბრებაზეც კი მიიყვანა. ბევრმა ასევე მშობელს დააწერინა და გააგზავნინა თავისი განაცხადი.
როგორ უნდა იპოვოს სამსახური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა?
დამსაქმებლების მთავარი მოთხოვნაა, ახალგაზრდებს შეეძლოთ შემართებითა და გულმოდგინედ მუშაობა. ასევე აუცილებელია, ჰქონდეთ ინიციატივის გამოჩენის უნარი.
მენეჯერები პრიორიტეტს ანიჭებენ იმ დასაქმებულებს, რომელთაც აქვთ გარკვეული გამოცდილება, არ აქვს მნიშვნელობა ხარისხს. ისინი იმასაც უთვლიან, თუ სტაჟიორად მუშაობდნენ სადმე. მათი მოთხოვნაა ასევე, ნაკლებად იყვნენ თანამშრომლები ჩართული სოციალურ ქსელებსა და პოლიტიკურ დისკუსიებში.
ნგუენის თქმით, კურსდამთავრებულებმა, რომლებიც პირველად იწყებენ მუშაობას, უნდა აჩვენონ პროფესიონალიზმი არა მოძველებული ნორმების დაცვით, არამედ თავიანთი საქმისადმი პატივისცემითა და ერთგულებით.
მან ასევე დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებლები ერიდებიან სამსახურში თაობა Z-ს წარმომადგენელთა აყვანას, მათთან დაკავშირებული გამოწვევებისა და სირთულეების გამო ისინი მაინც წარმოადგენენ სამუშაო ძალის 25 პროცენტს.
კომპანიებმა უფრო მეტი დრო და ფინანსები უნდა დახარჯონ ტრენინგებზე, რათა საუკეთესო თანამშრომლები ჰყავდეთ.