თითქმის ერთი წელია, სერბეთის ხელისუფლებას უნგრეთის ჩრდილოეთის საზღვართან არსებული ტერიტორიებიდან მიგრანტები გადმოჰყავს და კიკინდასა და პრესევოში სპეციალურ ბანაკებში აგზავნის.
ჰორგოშის დასახლებასთან ახლოს ერთ-ერთი ფერმის ტერიტორიაზე არალეგალურად ჩასული ასობით მიგრანტი იყო, რომლებიც ღამით ცდილობდნენ საზღვრის გადაკვეთას.
თუმცა დღეს მხოლოდ აქ დაყრილი ენერგეტიკული სასმელების ცარიელი ქილები და ნარჩენები თუ მიუთითებს, რომ ერთ დროს აქაურობა სავსე იყო ხალხით. სახურავი ჩამონგრეულია, ფანჯრებზე გაკრული დამცავი პირი ჩამოხეულია, შენობა სარეველა ბალახითაა დაფარული.
ადგილობრივები კმაყოფილი არიან ხელისუფლების გადაწყვეტილებით და ამბობენ, რომ ზაფხულთან შედარებით, ეს ადგილები ბევრად უფრო უსაფრთხო გახდა. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ სამხედროები ავტობუსებით იდგნენ მთავარ მოედანზე, აგროვებდნენ მიგრანტებს და მიჰყავდათ აქედან. ქუჩებში ვერავინ ბედავდა გამოსვლას, რადგან ყველას ეშინოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჰორგოშის მოსახლეობას უკვე თვეებია, მიგრანტები აღარ უნახავს და აღარც სერბეთის პოლიციის ავტობუსებია იქ, უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერ კიდევ იუწყება, რომ სამხრეთის საზღვარი მიგრანტებს აქვთ ალყაში მოქცეული.
ჰორგოსში ცვლილება აშკარად იგრძნობა. ბოლოს, როდესაც ევრონიუსი იქ ჩავიდა, თითქმის ყველაფერი დაკეტილი იყო, საჯარო ადგილებში იშვიათად თუ შეხვდებოდით ვინმეს. ახლა მაღაზიებიც გახსნილია და ბავშვებიც კი თამაშობენ ქუჩებში.