„ქართველ ხალხს მოუწევს გადაწყვიტოს, სურს ევროპისკენ სვლა, თუ მისგან დაშორება“ – ეს დღის მთავარი გზავნილია ბრიუსელიდან. 17 და 18 ოქტომბერს ევროპული საბჭოს სამიტი იმართება და დღის წესრიგშია საქართველოსა და მოლდოვის საკითხიც. ეს ევროკავშირის ბოლო სამიტია ვიდრე მოლდოვაში საპრეზიდენტო, საქართველოში კი, საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. სულ რამდენიმე დღეში ჯერ მოლდოვამ, შემდეგ კი საქართველომ მნიშვნელოვანი არჩევანი უნდა გააკეთოს და როგორც ევროკავშირის ლიდერები ამბობენ, უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ევროპული მომავალი.
სამიტის დაწყებამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა მედიასთან განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი ახლა სასწორზე დევს. საქართველოში შექმნილ ვითარებასა და მომავალ არჩევნებზე კომენტარი გააკეთა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამაც. მან აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნების შემდეგ ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს პროევროპულ ძალებს აირჩევს.
„საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა შეინიშნება. მომავალი არჩევნები ყველაფერს ნათელს მოჰფენს. ქართველ ხალხს მოუწევს აირჩიოს, რომელი გზით სურს წასვლა – სურთ ევროპისკენ სვლა, თუ მისგან დაშორება. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ქვეყნის მომავალი სასწორზე დევს”, – თქვა ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში.
„საქართველოში კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება, რადგან ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას ქვეყნის კურსთან დაკავშირებითაც მიიღებს. თუ ისინი ახლანდელ სტატუს-კვოს შეინარჩუნებენ, არ ვფიქრობ, რომ ქვეყანას ექნება წინსვლისა და წარმატების შანსი ევროინტეგრაციის გზაზე. თუ არჩევნებში გამარჯვებას პროევროპული ძალები მოიპოვებენ, შეგვიძლია მოვლენების სხვაგვარად განვითარებას ველოდოთ და ჩვენ ამას ძალიან მივესალმებით“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ევროკავშირის ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი და უხეში ჩარევა წინასაარჩევნო პროცესებში და კრიტიკა, რომელიც დასავლეთიდან სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის, მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს ემსახურება.
„ბრიუსელის სამიტზე, თუ გარედან გაკეთებული ნებისმიერი განცხადება არის უხეში ჩარევა ქართულ წინასაარჩევნო პროცესებში. ეს არის ყველანაირი სამართლებრივი თუ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დარღვევა. ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ პოლიტიკოსები კარგად გაიაზრებენ ამ უხეში ჩარევის შედეგებს, მათ შორის იმ კუთხით, თუ რა წარმოდგენა რჩება ქართულ საზოგადოებას ამგვარი უხეში ჩარევის პირობებში“, – ამბობს „ქართული ოცნების” წევრი ნინო წილოსანი.
„არჩევნებამდე 10 დღეც არ დარჩა და მსგავსი განცხადებები ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო გარემოზე ზემოქმედებისა და წინასაარჩევნო პროცესებში პირდაპირი და უხეში ჩარევის მცდელობად. რეალურად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს სწორედ მსგავსი განცხადებები ასულდგმულებს. ზუსტად ამაზე მივუთითებთ, როდესაც ვამბობთ, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყნის შიგნით კი არ აწარმოებენ კომუნიკაციას, არამედ მათი ძირითადი კამპანია წარმოებს უცხოეთში, სადაც ისინი დეზინფორმაციას ეწევიან და არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით”, – ამბობს გივი მიქანაძე, „ქართული ოცნების” წევრი.
Today, at the first #EU-Gulf summit, I emphasized that with conflicts looming in our neighborhoods, our joint commitment to a peaceful future& a respected international order is crucial. No double standards are acceptable. We should work towards peace in #Ukraine&the Middle East. pic.twitter.com/XFtFaBFbvn
— Gitanas Nausėda (@GitanasNauseda) October 16, 2024
ევროპული საბჭოს დღის წესრიგში უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომები, მიგრაცია, ეკონომიკასა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები შედის. დღეს სამიტის მონაწილეებმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუსმინეს და უკრაინის მხარდაჭერისადმი საკუთარი ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურეს. 16 ოქტომბერს შარლ მიშელის მიერ ევროპული საბჭოს წევრებისთვის გაგზავნილ მოსაწვევ წერილში აღნიშნულია, რომ საბჭო საქართველოსა და მოლდოვაში შექმნილ ვითარებასაც განიხილავს.