მთავარიაზიაღაზააშშ ისრაელისგან ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ტრანსპორტირების უზრუნველყოფას ითხოვს

აშშ ისრაელისგან ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ტრანსპორტირების უზრუნველყოფას ითხოვს

ბაიდენის ადმინისტრაციამ მოითხოვა ისრაელის მთავრობისგან, უზრუნველყოს შემდეგი 30 დღის განმავლობაში ჰუმანიტარული დახმარების ღაზის სექტორში ტრანსპორტირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისრაელი დაკარგავს წვდომას აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტზე.

წერილს, რომელშიც ეს მოთხოვნაა წაყენებული, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი აწერენ ხელს.

წერილი გაიგზავნა ღაზის სექტორის ჩრდილოეთში გაუარესებული ვითარების ფონზე, როდესაც ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა საავადმყოფოზე მიიტანეს იერიში, რომელსაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია მსგავსი წერილით მიმართავს ისრაელის მთავრობას. იქამდე, აპრილში ენტონი ბლინკენის მიერ გაგზავნილი წერილის საფუძველზე, ისრაელმა დაუშვა პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო ტრანსპორტირება. თუმცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ამბობს, რომ ეს პროცესი არ გაგრძელებულა.

„რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ისაა, რომ ჰუმანიტარულმა დახმარებამ იკლო. ფაქტობრივად, მიწოდება 50%-ით შემცირდა. შესაბამისად, ენტონი ბლინკენმა და ლოიდ ოსტინმა საჭიროდ ჩათვალეს ისრაელის მთავრობისთვის ხაზი გაესვათ, რომ ცვლილებებია საჭირო. კერძოდ, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდა“, – აცხადებს მეთიუ მილერი.

წერილის შესახებ განცხადება გააკეთა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმაც, ჯონ კირბიმაც და აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარების შეწყვეტა არ არის უბრალოდ წინადადება ან შანტაჟი, არამედ ესაა გამოხატულება იმის, რომ აშშ-სთვის მნიშვნელოვანია ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ზრდა.

„წერილის მიზანი მუქარა არ ყოფილა, არამედ ის მიზნად ისახავს ისრაელის მთავრობას ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დრამატული ზრდის გადაუდებელი აუცილებლობა აგრძნობინოს“, – აცხადებს ჯონ კირბი.

იარაღის ექსპორტზე იტალიის პარლამენტში განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმაც.

სამშაბათს მან დააანონსა თავისი ვიზიტი ლიბანში და აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მომდევნო კვირაში ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიაზე ვიზიტს გეგმავს. ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ იტალია 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელში იარაღის ექსპორტზე გაცემულ ყველა ლიცენზიას აუქმებს, ხოლო 7 ოქტომბრამდე გაცემულ ლიცენზიებს დეტალურად შეისწავლის და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ღაზის სექტორში ისრაელის მიერ დაწყებული ოპერაციის შემდეგ, იტალიის მთავრობამ დაუყოვნებლივ უზრუნველყო, რათა არცერთი ახალი ლიცენზია არ გაიცეს ისრაელში იარაღის ექსპორტისთვის. აგრეთვე, გაუქმდა ყველა ხელშეკრულება, რომელიც 7 ოქტომბრის შემდეგ დაიდო. ის ლიცენზიები, რომლებიც 7 ოქტომბრამდე გაიცა, დეტალურად იქნება შესწავლილი კომპეტენტური პირების მიერ“, – აცხადებს ჯორჯია მელონი.

სავარაუდოა, რომ ისრაელის მიმართ საერთაშორისო კრიტიკა კიდევ უფრო გაიზრდება.

გაეროს სამშვიდობოებზე თავდასხმის შემდეგ იარაღის ექსპორტის შეზღუდვები იტალიის გარდა, შესაძლოა სხვა ევროპულმა სახელმწიფოებმაც დააწესონ. ბენიამინ ნეთანიაჰუ პასუხად აცხადებს, რომ მათ ზეწოლისთვის არასწორი ქვეყანა შეარჩიეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend