„სიმბოლური ნაბიჯი ურთიერთობების საბოლოოდ გასაწყვეტად“ – ასე აფასებენ საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტები ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ კორეის სასაზღვრო გამშვები პუნქტის სიახლოვეს ორი სახელმწიფოს დამაკავშირებელი გზების აფეთქებას. კონფლიქტოლოგების ყურადღების ფოკუსში ახლა სწორედ სეულისა და ფხენიანის მორიგ ჯერზე დაძაბული ურთიერთობაა. სამხრეთკორეული მხარის ეჭვები გამართლდა. ჩრდილოელმა მეზობელმა კი რამდენიმედღიანი მკაცრი სიტყვიერი გაფრთხილებების სერია ქმედებებად აქცია და ააფეთქა ის სარკინიგზო და საავტომობილო გზები, რომლებიც სახელმწიფოთა შორის გადასაადგილებლად უკვე წლებია, ისედაც არ გამოიყენებოდა.
ფხენიანის ნაბიჯს სეულში პროვოკაციად აფასებენ. სამხრეთ კორეის საგანგებო სიტუაციების შტაბმა აფეთქებების საპასუხოდ საზღვრისპირა ზონებში რამდენჯერმე გამაფრთხილებლად გაისროლა. შტაბში აცხადებენ, რომ ამ გზით სურდათ, ეჩვენებინათ სრული სამხედრო მზადყოფნა ჩრდილოეთ კორეის მმართველობისთვის, მათი მხრიდან ფართო თავდასხმის ან ცეცხლის გახსნის შემთხვევაში. სეულში მიიჩნევენ, რომ კიმ ჩენ ინის ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობს, შეუძლებელი გახადოს ურთიერთობების სამომავლო აღდგენა.
„სამხრეთ კორეის ხელისუფლება მკაცრად გმობს გიონგუისა და დონჰაეს, ჩრდილოეთ კორეასთან დამაკავშირებელი გზების აფეთქებას. ეს არის ორ სახელმწიფოს შორის დადებული შეთანხმებების უხეშად დარღვევის ნათელი მაგალითი და მიუღებელი საქციელი. ეს ქმედება არის ჩრდილოეთ კორეის მხრიდან კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, თუ როგორ ანგრევენ ისინი ურთიერთობებს ცალმხრივად და ე.წ. „ჩრდილოეთ კორეის საწინააღმდეგო ქაღალდების“ გაშვება უბრალო გასასამართლებელი მიზეზია“, – განაცხადა სამხრეთ კორეის შერიგების მინისტრის პრესსპიკერმა კუ ბიონსემიმ.
სარკინიგზო და საავტომობილო გზების აფეთქებას წინ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მაუწყებლის მიერ გავრცელებული მუქარის შემცველი განცხადებები უძღოდა. ფხენიანი ამტკიცებდა, რომ სეული ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე დრონებით ე.წ. „პროპაგანდისტული ფლაერების“ მასობრივად ჩამოყრით ქვეყნის უსაფრთხოების დარღვევას ცდილობდა.
„ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად ყველაფერს გავაკეთებთ. ეს არის მნიშვნელოვანი განცხადება კორეის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. კორეის რესპუბლიკა ყველანაირ წითელ ხაზს კვეთს, დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ პროვოკაციებს ახორციელებს. ჩვენდამი ყველაზე მტრულად განწყობილმა კორეის რესპუბლიკამ უპატიებელი პოლიტიკური და სამხედრო პროვოკაცია ჩაიდინა ჩვენი სახელმწიფოს დედაქალაქ ფხენიანში დრონებით შემოღწევით. ეს მოხდა 3 და 9 ოქტომბერს. ამას მოჰყვა 10 ოქტომბერს დედაქალაქ ფხენიანის ცენტრალურ ნაწილში, შუაღამისას, დრონებით უზარმაზარი რაოდენობის პროპაგანდისტული ფლაერების ჩამოყრა. მათზე დატანილია უამრავი, შეცდომაში შემყვანი, ღირსების შემლახავი, ჭორზე დაფუძნებული ამბავი, რაც პირდაპირ უქმნის საფრთხეს კორეის სახალხო რესპუბლიკის სუვერენიტეტს. ეს არის პროვოკაცია, არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციის, არამედ ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა“, – ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სატელევიზიო მაუწყებლის ეთერში.
ორ კორეულ სახელმწიფოს შორის მიმდინარე პროცესებს აფასებს ჩინეთიც. პეკინში აცხადებენ, რომ დაძაბულობა არც ერთი მხარისთვის არაა მომგებიანი.
„როგორც ნახევარკუნძულის ახლო მეზობელი ჩინეთი ყურადღებით აკვირდება არსებულ ვითარებას. დაძაბულობა მზარდია, ამიტომ, მთავარი პრიორიტეტია ესკალაციის თავიდან აცილება. ჩინეთის მიზანია, ნახევარკუნძულზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა და ჩვენი პოზიცია ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა. ვიმედოვნებ, ყველა მხარე ერთობლივად იმუშავებს ამ მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინიმ.
ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის სიტუაცია პერიოდულად იძაბება, ამიტომ, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამჟამინდელი კონფლიქტიც არ მიიღებს ფართომასშტაბიან ხასიათს. თუმცა ფხენიანის ბირთვული რიტორიკისა და ბოლო თვეებში მზარდი ესკალაციის ფონზე ამაში ბოლომდე დარწმუნებულები არ არიან. ორ ქვეყანას შორის ჯერ მოლაპარაკებები განახლდა, შემდეგ კი მიმდინარე წლის იანვარში, ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ სამხრეთ მეზობელთან ურთიერთობების მოგვარება მათ მიზანს აღარ წარმოადგენს. მიზეზად კი სეულ-ფხენიანის მტრული განწყობა დაასახელა.
კორეის კონფლიქტის მსოფლიოს ისტორიაში მიიჩნევენ ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ კონფლიქტად, რომელიც ათწლეულებია გრძელდება. პერიოდული სამხედრო დაძაბულობის გამო 1953 წელს ნახევარკუნძულზე საბოლოოდ ორი სახელმწიფო ჩამოყალიბდა – ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა და სამხრეთ კორეის რესპუბლიკა. ორივე მათგანი კორეაზე ლეგიტიმური მმართველობის პრეტენზიას აცხადებს. ტოტალიტარული მმართველობის ფორმითა და ერთპარტიული სისტემით გამოირჩევა ფხენიანი, სადაც კიმების დინასტიის წარმომადგენელი უზენაეს ლიდერად მიიჩნევა.