მთავარისაქართველოპირველად არჩევნებზე

პირველად არჩევნებზე

„საქართველოს ბედი წყდება. ამიტომ ყველა, ვისაც არჩევნებზე წასვლის უფლება აქვს, უნდა წავიდეს და საკუთარი აზრი გამოხატოს საქართველოს კეთილდღეობისა და უკეთესი მომავლისთვის“.

„მე არ მივდივარ. პასუხისმგებლობას ვიხსნი… არც პარტიები და არც ქვეყანაში შექმნილი ვითარება არ მომწონს“.

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. ყველა ახალგაზრდა მოქალაქემ, რომლებიც პირველად აძლევენ ხმას, უნდა გაითავისოს, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ. უნდა ავირჩიოთ რუსული მთავრობა გვინდა, თუ ევროპული მომავალი“.

„არჩევნების შედეგად, ხალხი ვირჩევთ ხელისუფლებას და ჩვენზეა დამოკიდებული, რა გზით წავა ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ“.

„საკუთარ ბედზე პასუხისმგებელი ყველა ადამიანი თავად უნდა იყოს და არჩევნები ამისთვის ყველაზე კარგი საშუალებაა“.

ამ ახალგაზრდებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა პირველად ეძლევათ. ისინი უკვე სრულწლოვანები არიან და ხმის მიცემის უფლება აქვთ, აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის მომავლის გადაწყვეტაში. თითქმის 135 ათასი ახალი ამომრჩეველია და ამდენივე ახალი ხმა. ეს ახალგაზრდები სხვა ამომრჩევლებთან ერთად სულ რამდენიმე დღეში გადაწყვეტენ, ვის უნდა მიანდონ ქვეყნის მომავალი.

„იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას წელს პირველად მიიღებენ, 134 716-ია. ესენი არიან ახალგაზრდები, რომელთაც შეუსრულდათ 18 წელი და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ არცერთ არჩევნებში არ მიუღიათ მონაწილეობა”, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.

„სამართლიან არჩევნებში“ აღნიშნავენ, რომ ჩვეულებრივ ახალგაზრდა ამომრჩევლები არჩევნებზე ნაკლებად აქტიურობენ, თუმცა წელს საპარლამენტო არჩევნები განსაკუთრებულ ვითარებაში ტარდება. ორგანიზაციაში იმედი აქვთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში ახალგაზრდა ამომრჩეველი უპრეცედენტოდ იაქტიურებს და გადამწყვეტ სიტყვას იტყვის.

„აქამდე ყველა კვლევა აჩვენებდა, რომ არჩევნებში ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად აქტიური ჯგუფები ახალგაზრდები და ემიგრანტები იყვნენ. ვნახეთ, რომ დიდი რაოდენობით ემიგრანტი აქტიურობს  და 95 000-ზე მეტმა გაიარა რეგისტრაცია. ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ ამ გამოწვევას ახალგაზრდობაც უპასუხებს და ამ არჩევნებში უპრეცედენტოდ იაქტიურებს.

ახალგაზრდებმა საკუთარ ხელში უნდა აიღონ ქვეყნის მმართველობა და ამისთვის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი ბიულეტენია. ახლა ის დროა, როცა ეს იარაღი უნდა გამოიყენონ და თავისი მომავლისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადადგან”, – აღნიშნავს გიორგი მონიავა, ISFED-ის იურისტი.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ახალგაზრდები სადამკვირვებლო მისიებში აქტიურად ერთვებიან და მათ იმ უბნებზე დაკვირვება სურთ, სადაც ხმას აძლევენ, რათა არჩევნებში მონაწილეობა თავადაც აუცილებლად შეძლონ.

„ეს ჩემი პირველი არჩევნებია. ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. აქამდეც ვფიქრობდი, რომ როცა ჩემი პირველი არჩევნები იქნებოდა, დამკვირვებლადაც აუცილებლად წავიდოდი. ახლა მეტად ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ დავაკვირდე პროცესების ლეგიტიმურობასა და სამართლიანობას. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ახალგაზრდა წავიდეს არჩევნებზე, მიიღოს მონაწილეობა, დააკვირდეს ამ პროცესს და შეიტანოს წვლილი ქვეყნის ევროპულ მომავალში“, – გვეუბნება ანა ჯალაბაძე, სტუდენტი, რომელიც არჩევნებს დააკვირდება.

არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. ახალგაზრდები, რომლებმაც გაზაფხულზე საქართველოს ევროპული მისწრაფების ერთგულება უწყვეტი საპროტესტო აქციებით დაადასტურეს, ამჯერად, საკუთარ სიტყვას საარჩევნო ყუთთან იტყვიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend