მთავარიEuropean Unionევროკავშირის მაღალი რანგის დიპლომატების შეხვედრა

ევროკავშირის მაღალი რანგის დიპლომატების შეხვედრა

ევროკავშირის ლიდერები ლუქსემბურგში, ბლოკის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, მიმდინარე საერთაშორისო კონფლიქტების შესახებ სასაუბროდ შეიკრიბნენ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ლიდერებს პირველად შეუერთდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, რომელიც 14 ოქტომბრის სესიას ხელმძღვანელობს, დევიდ ლემი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის განცხადებების ფონზე მოიწვია. კირ სტარმერმა „ბრექსიტის“ შემდეგ ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობების განახლების პირობა დადო.

„დიდი ბრიტანეთისა და ევროპის უსაფრთხოება ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. იქნება ეს რუსეთის აგრესია უკრაინაში, უზარმაზარი პრობლემები და კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთში, თუ გლობალური და ზოგადად გეოპოლიტიკური საკითხები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანებულმა სამეფომ და ევროპამ სიმტკიცე შეინარჩუნონ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სხდომის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებია. სესიის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებებში ლიდერებმა ლიბანში გაეროს სამშვიდობო ძალებზე განხორციელებული თავდასხმები დაგმეს. ამჟამად, ლიბანში გაეროს დროებით სამშვიდობო ძალებში ევროკავშირის 16 ქვეყანა მონაწილეობს.

ჯოზეფ ბორელმა კი აღნიშნა, რომ წევრი სახელმწიფოები კვლავ დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ.

„წარდგენილია წინადადებები სანქციების შესახებ, რომლებიც შეიძლება ისრაელის მთავრობასაც შეეხოს. ვნახოთ, რას გადაწყვეტენ წევრი ქვეყნები. როგორც ჩანს, ომი ლიბანში გაგრძელდება. ჩვენ კვლავ ვითხოვთ ცეცხლის შეწყვეტას, დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას მთელ რეგიონში, რათა თავიდან ავიცილოთ ომი, რომელსაც ყველა ჩვენგანისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვება“, – ამბობს ჯოზეფ ბორელი.

„ავსტრია არ არის უბრალო მაყურებელი. ჩვენ 120-ზე მეტი ჯარისკაცი გვყავს გაგზავნილი ბანაკებში, ქალებიც და მამაკაცებიც. ასე რომ, ძალიან ვშფოთავთ. ჩვენ მივმართეთ ისრაელელ მეგობრებს, რათა ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდ გამოგვეხატა. არა, ჩვენ არ დავიხევთ უკან და დიახ, გავაგრძელებთ მათი მანდატის შესრულებას. დიახ, ჩვენ მოვითხოვთ თითოეული მხარისგან, პატივი სცეს ამ მანდატს და პატივი სცეს ჩვენი ცისფერი ჩაფხუტების უსაფრთხოებას, რაც ნებისმიერ შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს“, – განმარტა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ შალენბერგმა.

სხდომის დაწყებამდე ევროკავშირის ლიდერებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობას.

„მარცვლეულის ექსპორტი ისევ პრობლემად იქცა. რუსეთი ურტყამს გემებს. მარცვლეულის გადამზიდავ გემებს რუსები არაერთხელ დაესხნენ თავს. ჩვენ უნდა გავზარდოთ მხარდაჭერა, ეს არის ერთადერთი გამოსავალი ჩვენი მხრიდან. ჩვენ გავაგრძელებთ მსჯელობას იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვათავისუფლოთ ევროპული სამშვიდობო დაწესებულების გადასახადები და როგორ გავაძლიეროთ საჰაერო თავდაცვა“, – განმარტავს ჯოზეფ ბორელი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 14 ოქტომბრის სესიაზე საქართველოს შესახებ დისკუსიაც იყო დაგეგმილი, კერძოდ, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე მსჯელობა.

„სრულიად ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომელიც ამ გზაზე დაბრკოლებებს ქმნის. რაც შეეხება ქართველ ხალხს, მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ უფლება, თავისუფლად აირჩიონ საკუთარი გზა. ამიტომ, არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება ჩვენთვის, მართლაც,  მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხია“, – განაცხადა ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანა ლიურმანმა.

ამასთან ერთად, Reuters-ის ინფორმაციით, 17-18 ოქტომბერს ბრიუსელში დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერების სამიტისთვის მომზადებული დასკვნის პროექტში წერია, რომ „ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ. ხოლო, ევროპული საბჭო აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოს ევროკავშირისკენ გზას საფრთხეს უქმნის და გაწევრიანების პროცესს დე-ფაქტო აჩერებს“.

ამასთან ერთად, 17 ოქტომბრის ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის 47-ე სესიის ფარგლებში ჩაინიშნა გადაუდებელი დებატები საქართველოს შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, დებატები გაიმართება „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების დაცვის შემცირების აშკარა ნიშნების გამო, რაც შემაშფოთებელია”.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend