რუსეთის ფედერაციაში, ორენბურგის რეგიონში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1300 კილომეტრის მოშორებით, მორიგი რუსული სამხედრო თვითმფრინავი Tu-134 დაიწვა. სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის განადგურების ამსახველი კადრები უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა.
რუსეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები გრძელდება კურსკშიც. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კურსკის ოლქში სულ მცირე სამი მიმართულებით მიიტანეს ახალი იერიში. ამას არაერთი წყარო ადასტურებს, მათ შორის რუსი სამხედრო ბლოგერები. მიუხედავად ამისა, რუსულმა ძალებმა მძიმე ბრძოლების შედეგად რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე კონტროლი აღადგინეს. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „კურსკის ოლქში ფრონტის აღმოსავლეთ მიმართულებაზე რუსულმა ძალებმა ალყაში მოაქციეს დასახლება ოლგოვკა. ალყაშია მოქცეული ამავე მიმართულებაზე დასახლება ლიუბიმოვკაც“.
აქტიური საბრძოლო მოქმედებებია დონეცკის ფლანგზე. ბოლო მონაცემებით, აღმოსავლეთისკენ 6 აქტიური კერაა. უმთავრესია დასახლება პოკროვსკის მიმართულება, რომლის აღებასაც კრემლი უშედეგოდ ცდილობს. რუსულმა ძალებმა შეუტიეს დასახლება ჩასივ იარსაც, თუმცა ფრონტზე ვითარება არ შეცვლილა, კრემლმა ეს დასახლებაც ვერ დაიკავა. რუსული ძალები ბოლო პერიოდში, ძირითადად, მცირე ჯგუფებით, ქვეითი ძალებით ცდილობენ უკრაინის თავდაცვის ხაზის გარღვევას. ისინი იყენებენ უპილოტო საფრენ აპარატებს. ვითარება შეცვლილია ტორეცკის მიმართულებით, სადაც „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მონაცემებით, საოკუპაციო არმიამ მცირედით წაიწია წინ. უკრაინის ლუჰანსკის ძალების პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ტორეცკში იერიშების დროს რუს სამხედროებს სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ, ხოლო რაც შეეხება შეტაკებების ინტენსივობას, ტორეცკთან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთ დღეში 4 რუსული იერიში მოიგერიეს.
3/3 Ukrainian forces recently regained lost positions near Selydove, and Russian forces recently advanced near Toretsk, Donetsk City, and Velyka Novosilka.
Full report: https://t.co/4LIAmKLYb1 pic.twitter.com/j0kpI8V0k3
— Institute for the Study of War (@TheStudyofWar) October 13, 2024
„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანგარიშში ვკითხულობთ: „უკრაინულმა ძალებმა პოკროვსკის სამხრეთით დასახლება სელიდოვესთან დაკარგული პოზიციები დაიბრუნეს. სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე რუსულმა ძალებმა დასახლება ლევადნე ალყაში მოაქციეს. დონეცკის ცენტრალურ მიმართულებაზე დასახლება კატერინივკასთან რუსულმა ძალებმა გააქტიურეს შეტევა“.
აქტიური საბრძოლო მოქმედებები იყო პოკროვსკის, კურახივისა და კუპიანსკის ფლანგებზეც. ერთ დღეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 161 რუსული იერიში მოიგერიეს, მათ შორის პოკროვსკის ფლანგზე 25, კურახივის ფლანგზე – 39, კუპიანსკში კი – 19. ოფიციალური მონაცემებით, ერთ დღეში 92 საავიაციო ბომბი გამოიყენა მოსკოვმა. 90-ჯერ დაიბომბა უკრაინული პოზიციები რეაქტიული არტილერიით. უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, აქტიურად მუშაობდა ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემაც.
„13 ოქტომბრის ღამით ოდესის ოლქის მიმართულებით კურსკიდან ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან კი ორი მართვადი საავიაციო რაკეტა. კიევის, პოლტავის, ჩერნიჰივის, სუმისა და ჩერკასის საჰაერო სივრცეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 31 დამრტყმელი რუსული დრონი გაანადგურეს. დრონებით იერიშს კრემლი კვლავ აგრძელებს“, – აღნიშნულია უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გასული კვირის განმავლობაში რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ 900 მართვადი საავიაციო ბომბი, 40-ზე მეტი რაკეტა და სხვადასხვა ტიპის 400 დრონი გამოიყენეს. კიევი დასავლელი პარტნიორებისგან მეტ აქტიურობას მოითხოვს.