მე-11 მოწვევის პარლამენტში ქალთა რაოდენობა არ გაიზრდება, საარჩევნო სიების გამოქვეყნების შემდეგ ეს არაერთმა ექსპერტმა დაადასტურა.
არჩევნებში მონაწილე კოალიციებსა და პარტიებს შორის სიის პირველ ათეულში ყველაზე მეტი, 4 ქალი, კოალიცია „ძლიერ საქართველოს” ჰყავს. მეორე ადგილს ათეულში 3 ქალით „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ იკავებს. ორ-ორი ქალი გვხვდება მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, „გახარია – საქართველოსთვის“, „კოალიცია ცვლილებებისთვისა“ და „გირჩის“ სიებში. „პატრიოტთა ალიანსის“ ათეულში კი, მხოლოდ ერთი ქალი კანდიდატია.
საერთო ჯამში, წინა წლებთან შედარებით კლება აშკარაა. ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ქალების წარმომადგენლობა არ შეამცირა, თუმცა 2020 წელთან შედარებით ქალთა გადანაწილების მიმართულებით ვითარება გაუარესებულია მმართველი პარტიისა და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ სიებში.
ეს ყველაფერი კი იმის ფონზე ხდება, რომ 2024 წლის 4 აპრილს საქართველოს პარლამენტმა სავალდებულო გენდერული კვოტირება გააუქმა. საარჩევნო კოდექსის წინა ფორმულირებით პარტიულ სიაში ოთხიდან ერთი კანდიდატი ქალი უნდა ყოფილიყო. ახლა კი, როგორც ექსპერტები ამბობენ, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის უზრუნველყოფა პარტიების კეთილ ნებაზე გახდა დამოკიდებული.
საქართველოში მოსახლეობის 52% ქალია, თუმცა, ამის მიუხედავად, ჩანს, რომ პარტიების უმრავლესობას საკუთარ სიებში მათი პროპორციულად წარმოდგენის ნება არ გააჩნია.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორი თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ ქალების გარიყვას პოლიტიკიდან სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს.
„ჩვენს რეალობაში, სადაც გადაჯაჭვულია პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები და პარტიულ სიაში მოხვედრა ხშირად უდრის იმას, თუ კონკრეტულ ფიგურას რა წილი შეაქვს პარტიისა და წინასაარჩევნო კამპანიის ბიუჯეტში და თუ რამდენად არის დაინტერესებული მომავალ პარლამენტში იმუნიტეტის მოპოვებით, ჩვენ ვხედავთ, რომ ძირითადად ბიზნესჯგუფები იკავებენ მოწინავე ადგილებს. ეს ბუნებრივად რიყავს ქალებს, რომლებიც პოლიტიკაში მეტწილად იდეების გამო არიან და მათ ზურგს არ უმაგრებს მილიონები და მსხვილი ბიზნესინტერესები. ძალიან ბევრი რამე პარტიების შიგნით დამოკიდებულია პარტიის ლიდერებზე, რომლებიც როგორც წესი, კაცები არიან. ეს ხშირად ბუნებრივად იწვევს ქალების როლის დაკნინებას”, – აცხადებს თამთა მიქელაძე.
ეკონომიკური ინტერესები და შიდაპარტიული დემოკრატიის არარსებობა – ამ ბარიერების მიუხედავად ქალები აქტიურად არიან ჩართულნი პოლიტიკური ცხოვრების საშუალო და ქვედა დონეებზე.
თუმცა, პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მყოფ ქალებს ხშირად სტერეოტიპულ განწყობებსა და სიძულვილის ენასთან უწევთ გამკლავება – ამას არაერთი კვლევა ადასტურებს.
კავშირი „საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია ხაზს უსვამს იმ არაჯანსაღ გარემოს, რომელშიც ქალ პოლიტიკოსებს უწევთ საქმიანობა.
„ძალიან მტრული გარემოა პოლიტიკაში ქალებისთვის და განსაკუთრებით პარლამენტში. ჩვენმა პარლამენტმა მთლიანად დაკარგა სახე. კონკრეტულად „ქართული ოცნების” დეპუტატებს ვგულისხმობ. ისინი არ ერიდებიან პირდაპირ ეთერში სექსუალურ შევიწროებასაც კი, დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის გამოყენებას. მძიმე შეურაცხყოფას აყენებენ პოლიტიკოს ქალებს და აბსოლუტურად არაჯანსაღი ვითარებაა. ცხადია, ეს განიზიდავს ადამიანებს პოლიტიკისგან, განსაკუთრებით ქალებს და აქვს მსუსხავი ეფექტი”, – ამბობს ბაია პატარაია.
ბოლო, მე-10 მოწვევის პარლამენტში 139 დეპუტატს შორის 27 ქალი იყო, ანუ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ 27 ქალი წარმოადგენდა, რაც მანდატების 19%-ია. ეს კი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს – 32.7%-ს. კიდევ უფრო მაღალია ქალთა გადანაწილება ევროპარლამენტში – 40%.
გენდერულ ბალანსს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალი ევროკომისიის დაკომპლექტებისასაც. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ისაა, რომ ქალი და კაცი პოლიტიკოსების მიდგომები და საკანონმდებლო პრიორიტეტები ერთმანეთისგან განსხვავდება.
„არის საკითხები, რომლებიც უკეთ ესმით ქალებს მათი გენდერიდან, მათი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე. იქნება ეს ქალების წინაშე არსებული პრობლემები, ოჯახში ძალადობა, ბავშვებსა და ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხები… საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც ძირითადად ქალის კისერზეა ოჯახში, საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ამ საკითხებს უფრო მეტად ლობირებენ და ადვოკატირებენ ქალები. თუმცა კაცებისთვის ეს მეორეხარისხოვანია ხოლმე. ეს ეხება ყველა სოციალურ პრობლემას. თუ ჩვენ გვინდა, რომ სოციალური პრობლემების გადაწყვეტა უფრო ეფექტურად მოხდეს და ადამიანების სოციალური მდგომარეობა პოლიტიკაში პრიორიტეტი იყოს (ჯანდაცვის საკითხები, განათლების საკითხები), როგორც წესი, ცოდნა და კომპეტენცია და ცხოვრებისეული გამოცდილებაც ქალებს გაცილებით მეტი აქვთ, ვიდრე კაცებს”, – განმარტავს ბაია პატარაია.
გამოკითხვები მოწმობს, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას პოლიტიკაში მეტი ქალის ხილვა სურს.
გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ერთობლივი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, მეტი ქალის ჩართულობა პოლიტიკაში ქვეყანას სიკეთეს მოუტანს. ამავეს მოწმობს NDI-ს მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევაც, რომლის თანახმადაც, მოქალაქეები სულ უფრო და უფრო უჭერენ მხარს საპარლამენტო ცხოვრებაში ქალებისა და კაცების თანაბარ მონაწილეობას. გამოკითხულთა უმეტესობა მხარს უჭერს გენდერული ნიშნით პარლამენტში დეპუტატების თანაბარ გადანაწილებას.
მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ეს ნება და სურვილი საარჩევნო სიების მნიშვნელოვან ნაწილში ასახული არ არის.
ელენე ცუცქირიძე