ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის 6 სხვადასხვა ქვეყანაში დამატებით 7 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ცესკოს ცნობით, საუბარია უკვე არსებულ ქალაქებში საარჩევნო უბნების დამატებაზე, რაც კენჭისყრის დღეს 95 000-ზე მეტ საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველს ხმის მიცემის საშუალებას მისცემს.
ცესკოს სხდომაზე ასევე განიხილეს ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვის საკითხი. კომისიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე თელ-ავივის მიმდებარედ, ქალაქ რამადგანში არსებული უბანს დახურავენ.
ცესკოში მიუთითებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციაზე, ისრაელის სახელმწიფოში შექმნილი საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხუროს.
„ცესკოს მომართა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მოგვაწოდეს ინფორმაცია ისრაელში არსებულ მდგომარეობაზე, რომელიც დაკავშირებულია თელ-ავივში საარჩევნო უბნის არსებობასთან. აღნიშნული წერილით მოგვეწოდა ინფორმაცია იმ გარემოებებისა და რისკების შესახებ, რომლებიც დღეს ქვეყანაში არსებობს და შესაძლოა კენჭისყრის დღესთან მიმართებით არსებობდეს. აქ საუბარია იმაზე, რომ განგაშის სიგნალის შემთხვევაში სავალდებულოა პირების განთავსება ე.წ. საფარში. საყურადღებოა, ის გარემოებაც, რომ განგაშის სიგნალი, შესაძლოა, რამდენჯერმე განმეორდეს. ვინაიდან რისკები და გარემოებები არის იდენტიფიცირებული. ცხადია, ეს თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო უბნის არსებული მოცემულობით შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლოა, კენჭისყრის დღეს თეორიულად რამდენჯერმე გამოცხადდეს განგაში, რამაც, შესაძლოა, შეუძლებელი გახადოს კენჭისყრის დღის სრულყოფილად განხორციელება და ჩატარება. არჩევნებამდე 15 დღეა დარჩენილი. უბნის გაუქმება ყოველთვის არის შესაძლებელი, საარჩევნო უბნის აღდგენა, დაბრუნება შეუძლებელი იქნება. ამიტომ, მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე კომისიამ გააგრძელოს თავისი საქმიანობა“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა სხდომაზე.