ოთხშაბათს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტის სხდომაზე ისრაელის საწინააღმდეგო რიტორიკა გააძლიერა და მას „სიონისტების ტერორისტული მოძრაობა“ უწოდა. მისი თქმით ყველას, ვინც „აღთქმული მიწის“ ილუზიას მისდევს, მწარე მარცხი ელოდება.
ერდოღანის თქმით, თურქეთი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე თვალს ვერ დახუჭავს, რამდენადაც ღაზის სექტორისა და ლიბანის შემდეგ ისრაელმა მიზანში შესაძლოა თურქეთი ამოიღოს.
სწორედ ამიტომ, თურქეთის მოქალაქეების ევაკუაციისა და ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, ბეირუთის პორტში თურქეთის ორი საზღვაო ხომალდი გაჩერდება. საზღვაო ხომალდებზე 2000 მგზავრის ადგილია და მათ 300 ტონა ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს.
„ყველამ ვიცით, რომ ბოლო კვირებში ლიბანს განსაკუთრებულად რთული პერიოდი უდგას. ისრაელის სამხედრო აგრესიამ მძიმედ იმოქმედა ლიბანსა და ჩვენს სხვა მოძმეებზე. ამის გამო ჩვენ ოპერაციას ორი მიზნით წარვმართავთ: ჰუმანიტარული დახმარება გავუწიოთ ჩვენს ლიბანელ ძმებსა და დებს და უზრუნველვყოთ რთულ მდგომარეობაში მყოფი თურქეთის მოქალაქეების ევაკუაცია“, – აცხადებს თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ლიბანში, ალი ბარის ულუსოი.
თურქეთის ელჩი განმარტავს, რომ ჰუმანიტარული დახმარება მოიცავს საკვებს, კარვებს, პლედებსა და სხვა ჰიგიენურ საშუალებებს. საზღვაო ხომალდები ბეირუთის პორტში ოთხშაბათს საღამოს შევიდნენ და აქ რამდენიმე დღე გაჩერდებიან.
თურქეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, საჭიროების შემთხვევაში მსგავსი ოპერაცია უახლოეს მომავალში კვლავ განმეორდება.
„ეს ოპერაცია ისტორიული მნიშვნელობისაა იმ თვალსაზრისით, რომ თურქეთის რესპუბლიკა თავის მოქალაქეებს მხარდაჭერას უცხო მიწებზე უწევს. ჩვენი ხომალდებით 300 ტონა დახმარება ჩამოვიტანეთ, რომელიც თურქეთის საგანგებო სიტუაციების სააგენტომ სპეციალურად ჩვენი ლიბანელი დებისა და ძმებისთვის გამოგვატანა“, – ამბობს ადმირალი და ევაკუაციის ოპერაციის ხელმძღვანელი, ნიჰატ ბარანი.
ისრაელსა და ჰეზბოლას შორის დაპირისპირებას, რომელიც სექტემბერში დაიწყო, 1300 ლიბანელი მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.
თურქეთის პრეზიდენტის კონფლიქტში ბოლოდროინდელ აქტიურ ჩართულობას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საშინაო პრობლემებიდან საგარეო საფრთხეებზე ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებენ.