არჩევნებამდე 16 დღით ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ კონკურენტებს, საქართველოსთვის აქამდე პარტნიორი ქვეყნების სასარგებლოდ, აგენტებად აცხადებს. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტია თუ გაერთიანება დასავლეთის აგენტურას წარმოადგენს, ამ ქვეყანაში არეულობა სურთ და წარმოდგენილ პარტიებს შორის ეროვნული მიზნების მქონე მხოლოდ „ქართული ოცნებაა“.
„დღევანდელი ოპოზიცია სრულად არის დამოკიდებული გარე დირექტივებზე და მხოლოდ დავალებებით, ქვეყნის გარედან მიღებული ინსტრუქციებით მოქმედებს. მათ თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ კოლექტიური აგენტურა, რადგან ერთმანეთისგან მხოლოდ საარჩევნო ნომერი და პარტიების ლოგოები განასხვავებთ, შინაარსითა და ანტიქართული მიზნებით კი ერთნი არიან.
სააკაშვილისა და გვარამიას შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია. მათ წარსულის ცოდვები იმდენად ამძიმებთ, რომ მწამებელ რეჟიმზე უგონოდ შეყვარებული ადამიანების გარდა ნეიტრალური ამომრჩევლის მიმხრობას ვერ ახერხებენ. თუმცა პატრონებმა აქაც კი სცადეს სისხლიანი ბრენდის, „ნაციონალური მოძრაობის“, უკანა პლანზე გადაწევა და მათ ნაცვლად ასევე სისხლიანი აგენტების, გვარამიას, მელიას, ჯაფარიძისა და ხოშტარიას ახალ სახეებად გასაღება. მათ, პარტიას ნომრით 5, თითქმის მთლიანად დაუშალეს რეგიონული ოფისები და გვარამიას გადააბარეს, მაგრამ იმდენად არიან ისინი ერთმანეთთან, ხოლო ყველა ერთად, დანაშაულთან შეზრდილები, რომ ხალხის მოტყუებას მაინც ვერ ახერხებენ.
მამუკა ხაზარაძე კი, „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის მოკავშირე, ე.წ. მოლარე და მათ მიერ ადამიანებისთვის წართმეული ბიზნესების დამპატრონებელია.
მოვლენათა ქრონოლოგია და გახარიას გადაწყვეტილებების ჯაჭვი მარტივად ადასტურებს, რომ ის არაფრით განსხვავდება კოლექტიური აგენტურის რიგითი წევრებისგან. დავალებებს ისიც საერთო პატრონებისგან იღებს და უსიტყვოდ ემორჩილება“, – განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდეს ბრალდების ადრესატებმა. ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, მდინარაძის ნათქვამით ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ თვალს უსწორებს არჩევნების მარცხის რეალობას და ეს გამონათქვამები მხოლოდ პანიკის გამოხატულებაა.
„რასაც ახლა მამუკა მდინარაძე უბრალოდ ბოდავს, რჩება მამუკა მდინარაძის ბოდვად, ძალიან სახიფათო ველზე შედიან. მდინარაძე იმ დროს, ახლა არ ვიცი და ალბათ, ახლაც, იმ ოთახში შემოშვებაზე საუბარი კი არა, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა, იმ სართულზე ახლოსაც ვერ მოვიდოდა. მერწმუნეთ, ის ისტერიკა, რომელიც „ოცნებას“ სჭირს, პირდაპირ მიუთითებს ჩვენს მზარდ მხარდაჭერაზე და მათ თავისუფალ ვარდნაში მყოფ მხარდაჭერაზე.
ეს ტექსტი, რა თქმა უნდა, დაწერა ივანიშვილმა, რომელსაც შიში ამოძრავებს. იმიტომ, რომ მან ძალიან კარგად იცის, როდესაც წინასაარჩევნოდ სერიოზულ თემებზე ვსაუბრობთ, როდესაც შენ შენი ხალხისგან გაურკვეველი მიზეზების გამო ითხოვ ბოდიშის მოხდას, ამის შემდეგ შენი დავალებით, განკარგულებით, შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შენს ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას და ფაქტობრივად, უმძიმეს დარტყმას აყენებს არაღიარების პოლიტიკას, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არაღიარების პოლიტიკას, რაც პირდაპირ ნიშნავს ქვეყნის სუვერენიტეტის დაზიანებას; როდესაც შენ შენი ფინანსური ინტერესების გამო, ფულის გამო, რიგში აყენებ სახელმწიფო თანამდებობის უმაღლეს პირებს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მინისტრებსა და შენი ფინანსური, კერძო დავის გამო ამ მონებს ალაპარაკებ, შემდგომ სახელმწიფოს შესაბამისად იყენებ იმისთვის, რომ როგორმე რაღაც ფული უკან დაიბრუნო, ამაში ძალიან სერიოზული ნიშნებია ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატის. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე, ივანიშვილს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ რაღაც განმარტებები გააკეთოს. მერწმუნეთ, ეს განმარტებები იქნება ბევრად უფრო საჭირო მისთვის, თუ არ იქნება განმარტებები, იქნება სხვა ქმედებები. ეს კითხვები საზოგადოებაში არსებობს. როგორ შეიძლება შენს ქვეყანასა და მოქალაქეებს, რომლებმაც ეთნიკური წმენდა გამოიარეს, მოსთხოვო ბოდიშის მოხდა; როგორ შეიძლება შენ შენს სახელმწიფოს დააბრალო ომის დაწყება მაშინ, როცა იცი არაღიარების პოლიტიკა არის უზარმაზარი რისკის ქვეშ, ისევ შენ გამო იმიტომ, რომ დაანგრიე დასავლეთთან ნორმალური ურთიერთობა და აქ პირდაპირ თანმიმდევრული მოვლენების ჯაჭვია. ამის შემდეგ დაუწერო ტექსტი და შენი მონა, კლოუნი გამოვიდეს…“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საპარლამენტო მანდატებისთვის, შესაბამისად, პოლიტიკური ძალაუფლებისთვის საარჩევნო ბრძოლაში ჩართული პარტიები ამომრჩეველთა დაინტერესებასა და გულის მოგებას ინტენსიურად აგრძელებენ. ამისთვის, მათ წინ ორი კვირა აქვთ.
ალეკო გვეტაძე