მთავარისაქართველოარჩევნები საქართველოში და დე-ფაქტო ლიდერების რიტორიკა

არჩევნები საქართველოში და დე-ფაქტო ლიდერების რიტორიკა

საქართველო საპარლამენტო არჩევნების მოლოდინშია. 16 დღეში ქართველმა ხალხმა საკუთარი არჩევანი ბიულეტენზე სასურველი პოლიტიკური სუბიექტის გაფერადებით უნდა გამოხატოს.

საზოგადოებასთან ერთად ყველა პოლიტიკური მხარე 26 ოქტომბრის არჩევნებს ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს და ამომრჩეველს მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდებს.

ამის მიუხედავად, პოლიტიკური ნების გამოსახატად სეპარატისტული „მმართველობები“ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან.

„ქართული ოცნების“ „ურთიერთპატიებისა და შერიგების“ ინიციატივას ცხინვალის რეგიონის ე.წ. „პრეზიდენტი“ ალან გაგლოევი ბოლო 16 წლის განმავლობაში ჩვევად ქცეული ნაბიჯით პასუხობს. ცხინვალის გადაწყვეტილებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გამო „რაზდახანის“, იგივე „მოსაბრუნის“, ასევე „პერევის“ საგუშაგოები, დე-ფაქტო „რესპუბლიკის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” დროებით იკეტება.

ცხინვალის ე.წ. „ხელისუფლება“ საშინაო საფრთხედ თბილისს, ხოლო თავად თბილისისთვის „დასავლეთის ქვეყნებსა და ე.წ. „ნაციონალისტურ რადიკალურ ძალებს“ მიიჩნევს. ცხინვალში ვარაუდობენ, რომ ქართულ არჩევნებში უცხოური ძალები ერევიან და სიტუაციის კონტროლიდან გამოყვანას ცდილობენ.

ახალგორისა და ჯავის რაიონების მოსახლეობისთვის დე-ფაქტო „საზღვრის“ გადაკვეთა ისედაც შეზღუდული დროით, ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვის ჩათვლით, მხოლოდ 10 დღის განმავლობაში, იყო დაშვებული. სწორედ ამ შუალედშია მოქცეული ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები.

ქართულ არჩევნებს არა, თუმცა ქართული ხელისუფლების განცხადებებს აქტიურად ეხმაურებიან სოხუმიდან. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „საგარეო საქმეთა მინისტრი“ სერგეი შამბა ბოდიშს თბილისისგან ელის. მას მიაჩნია, რომ დანაშაული ქართულ მხარეს აქვს ჩადენილი, ამიტომ, შერიგების გზაზე ამ ნაბიჯს მიესალმება, თუმცა თვითგამოცხადებული „რესპუბლიკის“ პოლიტიკური სტატუსის განხილვას არც ერთი სცენარით არ გეგმავს.

სერგეი შამბა ჟენევის დისკუსიების ფორმატის განახლებას აფხაზური მხარისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს და ამბობს, რომ აუცილებელია, „აფხაზეთის ე.წ. „რესპუბლიკასა“ და საქართველოს შორის თავდაუსხმელობის შესახებ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწეროს“.

არც სოხუმისა და არც ცხინვალის განცხადებებს ოფიციალური პირები არ გამოხმაურებიან თბილისში, თუმცა პროცესებს აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ძირითად პრობლემებს, რომელსაც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოქალაქეები რუსული პოლიტიკის გამო არაერთი წელია აწყდებიან, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ ერთიან ანგარიშში მოუყარა თავი. ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევა, მოქალაქეთა საჭიროებების უგულებელყოფა, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციულ მიდგომა, გადაადგილებისა და თავისუფლების შეზღუდვა – ეს ის აქცენტებია, რაც ანგარიშის ფოკუსში მოხვდა.

„მოქალაქეებს ეზღუდებათ არა მხოლოდ გადაადგილების უფლება, არამედ სამედიცინო სერვისების მიღების, ოჯახის წევრების, ნათესავების ხილვის შესაძლებლობა. ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცით, როცა ოჯახის წევრები ერთმანეთს რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ხვდებიან. განსაკუთრებით ტრაგიკული იყო ის, რომ 2 მსხვერპლი გვყავს. მათ შორის, ვიტალი კარბაია, რომელიც აფხაზური „პოლიციის“ მიერ სხეულზე მიყენებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა და ის სამი „პოლიციელი“, რომლებიც ბრალდებულები, სასამართლო სხდომიდან ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. ოჯახმა მართლმსაჯულებას მხოლოდ იმიტომ ვერ მიაღწია, რომ ვიტალი კარბაია ეთნიკურად ქართველი იყო“, – განაცხადა თამარ ხიდაშელმა, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას ექსპერტები და კონფლიქტოლოგები შემაშფოთებელს უწოდებენ, განსაკუთრებით კი კრემლის ანექსიური პოლიტიკის განმტკიცების ფონზე. ორი მცდელობის მიუხედავად ჩაგდებულ ე.წ. „აპარტამენტებისა“ და „აგენტების“ კანონებს კრემლი სხვა ნაბიჯით მიუდგა და ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის განთავსება დაიწყო. ექსპერტთა შეფასებით, ამ ნაბიჯებზე თბილისის პოლიტიკური მმართველობის დუმილი საფრთხეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ შავი ზღვის რეგიონისთვისაც წარმოადგენს.

„საქართველოს ხელისუფლების რეაგირება იყო არასაკმარისი და არაადეკვატური. სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებით ხელისუფლებას არ გაუკეთებია კომენტარი. დე-ფაქტო „მმართველობისა“ და რუსეთის ხელისუფლების მხრიდან არაერთი გადაწყვეტილება ვიხილეთ, რა დროსაც საქართველოს მთავრობის მკაფიო პოზიცია არ მოგვისმენია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი, ქართულენოვანი მოსახლეობა განსაკუთრებითაა დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი და მათთვისაა აუცილებელია სხვადასხვა სახის დახმარების პროექტის განხორციელება, რაც ხელისუფლების საქმეა და არ კეთდება. ეს კი საფუძველს იძლევა, რომ ეთნიკურად ქართულმა მოსახლეობამ იძულებით დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები“, – განაცხადა „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელმა უჩა ნანუაშვილმა.

„ის პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებთანაა დაკავშირებული, მოძველებულია. ისინი არაა მორგებული კონკრეტული ადამიანების საჭიროებებთან. მაგალითად, აფხაზეთის მიმართულებით გალის რაიონის ეთნიკურად ქართველ მცხოვრებლებს როცა უწევთ ზუგდიდში გადმოსვლა, უწევთ საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად, მათ დაბრკოლებას გარდა რუსული და აფხაზური მხარეებისა ქართული მხარეც უქმნის. ყოველ ჯერზე აუცილებელი ხდება შერიგების მინისტრის სახელმწიფო აპარატის თანამშრომელთან შეთანხმება, ფოტოსურათების გადაგზავნა იმასთან დაკავშირებით, ესა თუ ის ტვირთი [საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან გალის რაიონისკენ] შეიძლება თუ არა მოქალაქემ გადაიტანოს“, – განაცხადა თამარ ხიდაშელმა, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

ექსპერტებსა და კონფლიქტოლოგებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ დარღვევებსა და კრემლის უპრეცედენტო გააქტიურებაზე საქართველოს ხელისუფლების დუმილი შეცდომაა. მათი შეფასებით, თუკი სახელმწიფოსთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არა მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირება, არამედ რეალური პოლიტიკური ნებაა, სულ მცირე, მკაფიო, ეროვნული ინტერესების შესაბამისი განცხადებების გაკეთებაა აუცილებელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend