მთავარისაქართველო„არასდროს უნდა გავჩერდეთ" - ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩისთვის ემზადება

„არასდროს უნდა გავჩერდეთ” – ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინის ნაკრებთან შეხვედრისთვის ემზადება…

ერთა ლიგის მომდევნო მატჩს ქართველები პოლონეთის ქალაქ პოზნანში, ნეიტრალურ სტადიონზე, გამართავენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ოქტომბრის დასაწყისში ნაკრების 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

„ზაფხულის შემდეგ მეც ძალიან მაინტერესებდა, თუ როგორ გაუმკლავდებოდნენ ჩვენი ფეხბურთელები ახალ გამოწვევებს. მათ ყველას მოლოდინს გადააჭარბეს. ვფიქრობ, გვინდა დავამტკიცოთ, რომ ის, რაც სექტემბერში მოხდა, შემთხვევითი არ იყო… ორივე თამაში რთული იქნება, თუმცა გვყავს 23 ფეხბურთელი, რომლებსაც იმის დამტკიცება სურთ, რომ ეროვნულ ნაკრებს ყველა გუნდის წინააღმდეგ შეუძლია თამაში“, – ამბობს ვილი სანიოლი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ერთა ლიგის მომდევნო მატჩზე საქართველოს ნაკრებს დებიუტანტი ფეხბურთელი გიორგი გულიაშვილი შეუერთდება.

„როგორც ყოველთვის, განწყობა იდეალურია. ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი და რთული თამაშებისთვის. სექტემბერში იყო წარმატებული თამაშები, რომლებიც დიდი შრომისა და კარგი მომზადების დამსახურება იყო. აუცილებელია, რომ კარგი თამაშების ჩატარება განვაგრძოთ, ამისთვის კი, საჭიროა მზადყოფნა და შესაბამისი მომზადება. იმედია, რომ შედეგი ისეთივე კარგი იქნება, როგორიც იყო სექტემბერში. გასულ თამაშებში ამდენი გულშემატკივარი არ გვყოლია. თუ, რა თქმა უნდა, არ ჩავთვლით ევროპის ჩემპიონატს. გაკვირვებულები და გახარებულები ვიყავით, როდესაც გავიგეთ, რომ პოლონეთში ამდენი ქართველი გულშემატკივარი იქნება“, – ამბობს ოთარ კიტეიშვილი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.

შეხვედრისთვის ემზადებიან ნაკრების ქომაგებიც, რომლებიც საქართველოდან თუ პოლონეთიდან უდიდეს ძალას მისცემენ ნაკრების ფეხბურთელებს.

„გულშემატკივრები ისე გვქომაგობენ და იმდენს აკეთებენ, რომ ჩვენ ეს უდიდეს მოტივაციას გვაძლევს. მინდა, მადლობა ვუთხრა მათ დახმარებისა და გვერდში დგომისთვის. უკრაინის ნაკრებს რაც შეეხება, ყველამ ვიცით, რომ კარგი გუნდია, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჯგუფის ლიდერებად დავრჩეთ“, – ამბობს გიორგი გოჩოლეიშვილი.

რწმენა იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს ყველაფერი შეუძლია, გაძლიერდა 26 მარტის შემდეგ. მაშინ ნაკრებმა პირველად აუსრულა ქართველ ხალხს დიდი ხნის სურვილი – ევროპის ჩემპიონატზე თამაში.

ახლა წინ სხვა გეგმებია…

მომდევნო ორი მატჩის განმავლობაში საქართველოს ნაკრები ეცდება ერთა ლიგაზე პირველობა შეინარჩუნოს. ამის შემდეგ კი, ისინი მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად განაგრძობენ ბრძოლას.

„ლიდერის სტატუსით როდესაც ვხვდებით ამ თამაშებს, იმის მანიშნებელია, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, მაგრამ პროგრესი მუდმივი უნდა იყოს და არასდროს უნდა შევჩერდეთ. პირიქით, უნდა გავაგრძელოთ წინსვლა. რაც შეეხება მომდევნო თამაშს, ვიცით, რომ ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ძალა ჩვენშია. ერთიანობის ძალა. არა მხოლოდ იმ 23 ფეხბურთელის, რომლებიც ახლა აქ ვართ, არამედ მთლიანად საქართველოსი. ეს ჩვენთვის უდიდესი ძალაა და მას ვერავინ მოახერხებს, რომ აჯობოს“, – ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend