მთავარიმსოფლიოევროპავეგეტარიანული პროდუქტების დასახელება ევროპულ ბაზარზე

ვეგეტარიანული პროდუქტების დასახელება ევროპულ ბაზარზე

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს არ შეუძლიათ, აუკრძალონ მცენარეული საკვების მწარმოებლებს პროდუქტებზე ხორცთან დაკავშირებული ტერმინების გამოყენება, მაგალითად, „ვეგეტარიანული ბურგერი“ ან „ვეგანური ფილე“, გარდა იმ შემთხვევისა, თუ წევრ სახელმწიფოს პროდუქტის სახელწოდება კანონით აქვს დადგენილი.

პროდუქტები, რომლებიც ისეთი ინგრედიენტებისგან მზადდება, როგორებიცაა სოია ან ხორბალი, სუპერმარკეტის დახლებზე ჯერჯერობით მომხმარებლისთვის ცნობილი დასახელებებით დარჩება. ბრიუსელის სუპერმარკეტში მომხმარებელთა აზრები განსხვავებულია.

„ეს ცოტათი უცნაურია, რადგან ქათამი არის ხორცის ნაირსახეობა.  თუ მათი პროდუქტი მცენარეულია, მაშინ მას სხვა დასახელება უნდა მოუფიქრონ“, – ამბობს ანა მარია სილვა, სუპერმარკეტის მომხმარებელი.

„ბევრი რეცეპტი ხორცზეა დაფუძნებული. ამიტომ, ჩემთვის როგორც ვეგეტარიანელისთვის უფრო ადვილია ამ ყველაფრის გაგება, თუ არსებული ტერმინები დარჩება“, – ამბობს ჯეინი, სუპერმარკეტის მომხმარებელი.

ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საფრანგეთში არსებულ რეგულაციებს, რომელთა მიხედვითაც, მცენარეული პროდუქტების მწარმოებლებს ეკრძალებათ, გამოიყენონ ისეთი სიტყვები, როგორებიცაა „სტეიკი” ან „ლორი”. საფრანგეთის პოზიცია მწარმოებლებსა და საცალო მოვაჭრეებს მომავლის შესახებ გაურკვევლობას უქმნის.

როგორ იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება ევროპულ ბაზარზე?

ვეგანური და ვეგეტარიანული ორგანიზაციები ამას განიხილავენ, როგორც წინგადადგმულ ნაბიჯს გამჭვირვალობისთვის. მათი აზრით, სახელების შეცვლა მომხმარებელს დააბნევს.

„ჩვენ გვაქვს კვლევები, რომლებშიც წერია, რომ მომხმარებლები უფრო მეტად დაიბნევიან ახალი დასახელებებით, რომლებსაც ისინი მიჩვეულები არ არიან“, – ამბობს  ევროკავშირის პოლიტიკის მენეჯერი ევროპის ვეგეტარიანულ გაერთიანებაში რაფაელ პინტო.

ევროპის მომხმარებელთა ორგანიზაციის  მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებელთა თითქმის 70% მხარს უჭერს ხორცის ტრადიციული სახელების გამოყენებას მცენარეული პროდუქტებისთვის იმ პირობით, რომ პროდუქტის ვეგეტარიანული ან ვეგანური ბუნება მკაფიოდ იქნება მონიშნული.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ  ხორცის მრეწველობა არ უნდა დაზარალდეს. თუმცა ასევე ამბობენ, რომ თუ ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფო ერთი და იმავე პროდუქტის განსხვავებულ განმარტებას დაამკვიდრებს, შესაძლოა, საერთო ბაზარი საფრთხის ქვეშ დადგეს.

„რეგულირების დონეზე ვაკუუმი არსებობს და ეს საკითხი ახლა წევრი ქვეყნების ხელშია, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი კანონმდებლობის შექმნა და ამან შეიძლება გამოიწვიოს ბაზრის დანაწევრება. ეს არის ჩემი მთავარი საზრუნავი დღეს”, – ამბობს ევროკავშირის ხორცის გადამამუშავებელი მრეწველობის სამეკავშირეო ცენტრის გენერალური მდივნის მოადგილე პაოლო პატრუნო.

სასამართლოს გადაწყვეტილება ცალკეულ ქვეყნებს უტოვებს შესაძლებლობას, შექმნან საკუთარი სამართლებრივი განმარტებები. თუ წევრი სახელმწიფო მიიღებს კანონს, რომელიც განსაზღვრავს, მაგალითად, სიტყვა „სტეიკს“, მას შეეძლება რომ ასეთ პროდუქტებზე აღარ გამოიყენონ ისეთი ტერმინები, როგორიცაა „ვეგეტარიანული სტეიკი“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend