უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა ომს ვერ მოიგებს და ევროკავშირი კიევსა და მოსკოვს შორის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას უნდა ეცადოს.
აღნიშნული განცხადება ორბანმა ოთხშაბათს, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლამდე გააკეთა. მან ევროპარლამენტს უნდა წარუდგინოს ის პრიორიტეტები, რომლებზეც მუშაობას საჭიროდ მიიჩნევს.
უნგრეთი პირველი ივლისიდან წლის ბოლომდე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. ვიქტორ ორბანმა გამოყო რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა, განსაკუთრებით კი – არალეგალური მიგრაცია.
პრემიერ-მინისტრს პრესკონფერენცია უნგრეთის ოპოზიციური პარტიის – „დემოკრატიული კოალიციის“ – წევრმა შეაწყვეტინა. მან ორბანს ყალბი ბანკნოტები ესროლა და მოღალატე უწოდა. მისი თქმით, ვიქტორ ორბანმა უნგრეთი პუტინსა და სი ძინპინს მიჰყიდა. მარტონ გიეკიჩკის დარბაზი დაცვის წევრებმა დაატოვებინეს.
A full house in Strasbourg 😎 International press briefing ahead of tomorrow’s debate in the @Europarl_EN. pic.twitter.com/RjyXhlmPAl
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) October 8, 2024
ვიქტორ ორბანი, რომელსაც რუსეთის მხარდაჭერის გამო ევროკავშირში ხშირად აკრიტიკებენ ამბობს, რომ კიევსა და მოსკოვს შორის ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად პუტინთან უკეთესი კომუნიკაციაა საჭირო. თუმცა დასძენს, რომ მანამდე ევროკავშირს სამხედრო დახმარების გაწევა ეროვნულ დონეზე შეეძლება.
„2015 წლიდან,, მუდმივად იდიოტს მეძახდნენ, ხანდახან ბოროტსაც ჩემი პოზიციებია გამო. დიდი არჩევანი არ დამრჩენია… მაგრამ დააკვირდით, ბოლოს ყველა ჩემს აზრზე იქნება და ჩემს ხედვას გაიზიარებს. საბოლოოდ ევროკავშირში იქნება შეთანხმება იმის შესახებ, რომ საჭიროა დამატებითი სასაზღვრო პუნქტების შექმნა ქვეყანაში მხოლოდ იმ ადამიანების შემოსასვლელად, ვისზეც ნებართვას წინასწარ გავცემთ“, – აცხადებს ვიქტორ ორბანი.
ვიქტორ ორბანი მიგრაციის კონტროლის აქტიური მომხრეა. მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა გაამკაცროს სასაზღვრო კონტროლი და დამატებითი პუნქტები გახსნას არალეგალი მიგრანტების გამოსავლენად. იქამდე ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთს ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკისგან გათავისუფლება სურს და მზადაა მიგრანტები ავტობუსებით ბრიუსელში გააგზავნოს.
„ჩვენ პატივს ვცემთ ევროპულ სამართალს, პატივს ვცემთ ყველა რეგულაციას, მაგრამ თუ ვინმეს, ვინც თავშესაფარს მიიღებს უნგრეთში, ბრიუსელში წასვლა ენდომება, ჩვენ მას სიამოვნებით დავეხმარებით“, – აცხადებს ვიქტორ ორბანი.
უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა პირველ ივლისადაა. მიუხედავად ამისა, უნგრელი დიპლომატები დიდ სირთულეებს აწყდებიან – ევროკავშირის ინსტიტუტები მათ ბოიკოტს უცხადებენ.
ორბანმა ისაუბრა რუმინეთსა და ბულგარეთზე. მისი თქმით, ამ ქვეყნების შენგენის ზონაში შეყვანა უმთავრესი მისიაა. ევროპარლამენტის რამდენიმე მომხსენებელი კი აღნიშნავს, რომ ვიქტორ ორბანი ევროკავშირის თავშესაფრის პოლიტიკას ძირს უთხრის.