მთავარისაქართველოსამხედრო სწავლებები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე

სამხედრო სწავლებები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე

შიდა ქართლში მავთულხლართებით გაყოფილ ქართულ მიწაზე საშემოდგომო სამუშაოების დროა. ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებში მოსავალს იღებენ. სოფელი კნოლევი, მდინარე ფრონეს ხეობის ერთ-ერთი ბოლო სოფელია, რომელიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა.

მოსავლის აღებას ფონად რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიიდან ხშირი სამხედრო სწავლებების ხმა გასდევს… ერთ-ერთი რუსული სასროლეთი სოფელ კნოლევთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს. სროლის ხმა ისმის მეზობელ სოფელ ატოცშიც.

„ემზადებიან, რომ აქ არ შემოიჭრანო. დაპყრობილი რომ აქვთ ტერიტორიები, ეშინიათ იმათაც და წვრთნებსაც ყოველთვის ატარებენ ეგენი“, – ამბობს იური  სამარღანიშვილი, სოფელ ატოცის მკვიდრი.

საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, ერთადერთი სადამკვირვებლო მისია ევროკავშირიდანაა მივლინებული. ინციდენტების მონიტორინგს, ასევე ძალოვანი უწყებების ექვსპუნქტიან შეთანხმებასთან შესაბამისობას სწორედ ევროპელი დამკვირვებლები აღრიცხავენ. ევრონიუს ჯორჯიამ კითხვით მიმართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, თუ რამდენად ხშირადაა რეგიონში სამხედრო სწავლებები.

„ჩვენ ვაკვირდებით ამ წვრთნებს, როგორც ღია წყაროებში წარმოდგენილი მოხსენებების, ისე ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ ჩვენი რეგულარული პატრულირებების მეშვეობით. იმ შემთხვევებში, როდესაც ამ წვრთნებში შედის სროლის სწავლებები, ჩვენს დამკვირვებლებს ხშირად ესმით სროლის ხმა მათ მიერ წარმოებული დაკვირვებების დროს.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სწავლებები პერიოდულად ტარდება, ჩვენ არ ვართ უფლებამოსილნი გავამჟღავნოთ შემდგომი დეტალები, ან კონკრეტული ოპერაციული დასკვნები, რომლებიც დაკავშირებულია მათი ჩატარების სიხშირესთან ან ბუნებასთან.

ჩვენი მანდატის ფარგლებში ჩვენ ასევე ვცდილობთ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ უსაფრთხო და ნორმალური ცხოვრების აღდგენის უზრუნველყოფას. ამიტომ, ყოველდღიურად ვხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას, რათა შევიტყოთ უსაფრთხოების გარემოს მათი აღქმა“, – აცხადებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.

მავთულხლართების პირას მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოების აღქმა 2008 წლის რუსეთის ოკუპაციას უკავშირდება. რთულია იმ დღეების გახსენება, რაც მათ 16 წლის წინ გადახდათ, როდესაც რუსული სამხედრო ტერორი საკუთარ თავზე გადაიტანეს. კნოლევში ამბობენ, რომ ბოდიში ამ ყველაფრისათვის სეპარატისტებს აქვთ მოსახდელი…

„აქეთ მოიხადონ ბოდიში, რაც დაანგრია, ის აღადგინოს… აიყოლიეს რუსებმა, საკუთარი თავი თვითონ ჩააგდეს განსაცდელში… ქართველი ხალხი მაგათ არაფერს არ უშავებდა, ქართველებს არაფერი დაუშავებიათ“, – ამბობს სოფელ კნოლევის მკვიდრი.

პირობითი საზღვრის გადაღმა სამხედრო სწავლებები საკმაოდ ხშირად იმართება. ეს კადრები ცხინვალის დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ განათავსა საკუთარ ვებგვერდზე. სამხედრო მიმომხილველების ვარაუდით, სწავლებები იმასაც მიუთითებს, რომ იქ განლაგებული სამხედრო დანაყოფები ახალწვეულებით ივსება.  ფრონეს ხეობის ქართული სოფლის მოსახლეობა უშიშრად აგრძელებს ცხოვრებას რუსული მავთულხლართების გასწვრივ. ცხინვალისა და მოსკოვის მხრიდან იარაღის ჟღარუნის არ გვეშინიაო – ყველაზე ხშირად აქ ამ სიტყვებს გაიგონებთ.

გიორგი თუხარელი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend