მთავარიმსოფლიოოსამა ბინ ლადენის ვაჟი საფრანგეთიდან გააძევეს

ოსამა ბინ ლადენის ვაჟი საფრანგეთიდან გააძევეს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბრუნო რეტაიოს ინფორმაციით, ტერორისტულ ქსელ „ალ-ქაიდას“ დამფუძნებლის, ოსამა ბინ ლადენის, ვაჟს, ომარს, საფრანგეთში დაბრუნება იმ პუბლიკაციების გავრცელების გამო აუკრძალეს, რომლებშიც ტერორიზმის განდიდებაზეა საუბარი.

ამის შესახებ განკარგულებას საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. ომარ ბინ ლადენი უკვე საფრანგეთიდან დეპორტირებულია, თუმცა დეტალები იმის შესახებ, თუ სად გააგზავნეს იგი, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში არ დაუზუსტებიათ.

როგორც ფრანგული მედია იუწყება, ომარ ბინ ლადენი ახლა კატარში ცხოვრობს. გამოცემის ცნობით, ომარ ბინ ლადენმა გაასაჩივრა დეპორტაცია. ამასთან, გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინტერვიუს თანახმად, ომარ ბინ ლადენი ამტკიცებს, რომ მას არ უთქვამს ის სიტყვები, რომლებიც სოციალურ მედიაში მისი სახელით გავრცელდა. ის ასევე ამბობს, რომ გმობს, ტერორიზმსა და ძალადობას. ომარ ბინ ლადენი 2016 წლიდან ცხოვრობდა ნორმანდიაში მეუღლესთან ერთად, რომელიც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა.

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი რეგულარულად მოგზაურობდა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში.

“მე აღარ მაქვს წვდომა ჩემს Twitter ანგარიშზე. მინდა ვუთხრა ხალხს, რომ მთელი გულით ვგმობ ტერორიზმსა და ძალადობას. ჩემი სახელით სხვა ქვეყნიდან გაავრცელეს ტვიტერზე შეტყობინება“, – განაცხადა ომარ ბინ ლადენმა გამომძიებელ ჟურნალისტებთან.

ომარი ოსამა ბინ ლადენის ვაჟია. ოსამა საუდის არაბეთში დაბადებული, „ალ-ქაიდას“ ტერორისტული ჯგუფის დამფუძნებელი იყო, რომელმაც 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ს ტერიტორიაზე ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა მოაწყო, რის შედეგადაც თითქმის 3000 ადამიანი დაიღუპა.

COVID-19-ის პანდემიის დროს ომარ ბინ ლადენი მიუბრუნდა ფერწერას, გაყიდა თავისი ნამუშევრები, რომელთა ღირებულება 800-იდან 2000 ევრომდეა. მან ადგილობრივ გაზეთ Le Publicateur Libre-საც კი უთხრა, რომ რესტორნის გახსნას აპირებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ომარ ბინ ლადენმა „ალ-ქაიდას“ ბანაკებში ვარჯიში 14 წლის ასაკში დაიწყო, მან ტერორისტული ორგანიზაცია 2000 წელს დატოვა. 2008 წელს ABC News-თან ინტერვიუში მან განაცხადა: „მამაჩემი ძალიან კეთილი ადამიანია. მე, პირადად, ბოდიშს ვიხდი 11 სექტემბრის გამო“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend