პროექტი, რომელსაც „საქართველოს ევროპული მომავლისთვის” ჰქვია, გერმანიის სამი პარტიის მიერ არის შემუშავებული. ტექსტში ვკითხულობთ, რომ როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,” ასევე „ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე წინსვლაც იყო და უკუსვლაც. თუმცა, ავტორიტარული და ანტიევროპული კურსით, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა საქართველოს მოსახლეობის ფართო უმრავლესობის სურვილის წინააღმდეგ, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს.
რეზოლუციის ტექსტში ასევე წერია, რომ ე.წ. „რუსული კანონით” ევროკავშირში გაწევრების პროცესში შემდეგი წინსვლა ვერ და არ იქნება. ამავე ტექსტში საუბარია ბიძინა ივანიშვილზეც და აღნიშნულია, რომ პარტიის დამაარსებლის და საპატიო თავმჯდომარის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული.
გერმანიის ბუნდესტაგი ფედერალურ მთავრობას მოუწოდებს, ევროპულ დონეზე ხელი შეუწყოს იმას, რომ ევროკავშირში გაწევრების პროცესში საქართველომ წინ ვეღარ წაიწიოს. ამასთან, ბუნდესტაგი მთავრობას საქართველოს მოსახლეობისათვის უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს, მიუხედავად მთავრობის მიერ დემოკრატიული განვითარების გზიდან გადახვევისა, რადგანაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს მთელ მოსახლეობას შეეხება.